სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაემანი სიცოცხლის ბოლოს

ალბათ, ერთ დღესაც მოხუცები ვიქნებით, კარგო,
მხრებში მოხრილნი წარსულით და წლების სიმრავლით,
მოგონებებთან დარჩენილებს ხანდახან მარტო,
არ მოგვასვენებს ასახდენი ერთი სიზმარი...

შევხვდებით მაშინ, ფიანდაზად როცა გაგვიფენს
ვერხვების ფოთლებს შემოდგომა დაცლილ ქუჩებში,
შემხედავ ჩუმად... შევისწორებ შეკრულ საკინძეს,
გაცრეცილ სკამზე ჩამოვსხდებით ბაღის კუთხეში.

ღელვის დაფარვას შევეცდებით მეტად უმწეოდ,
დაარღვევს ფოთლის ჩამოვარდნა პირველ სიჩუმეს,
მე გეტყვი, როგორ გაიარა წლებმა უშენოდ,
შენ სიტყვას ბანზე ამიგდებ და ისევ იხუმრებ.

კვლავ ძველი სხივი გაგიკრთება თვალებში წამით,
გამახსენდება მკერდქვეშ გულის ნაცნობი ფეთქვა...
მერე ჩიტები აკენკავენ ჩვენს სიტყვებს მარცვლით,
დიდხანს შენახულს, ოდესმე რომ გვინდოდა გვეთქვა.

ვისხდებით უხმოდ, ცრემლჩამდგარი, სავსე თვალებით,
ხელით მომიტან შენს ტკივილებს ჩამომჭკნარ ხელთან...
მოგვეჩვენება, სადღაც გაქრა წლები წვალების
და თითქოს მთელი ეს ცხოვრება ვიყავით ერთად.

ალბათ, ერთ დღესაც მოხუცები ვიქნებით, კარგო!


ნინო ალადაშვილი
20 მარტი, 2014 წელი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100