სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როცა, რაღაც არყოფნაზე საშინელი გაწუხებს...

ხდება,
რაღაც სასიცოცხლო გჭირდება,
არ გაქვს
და
ისე ძალიან გჭირდება,
რომ
არ კვდები.

დიდი ხანია,
რაც
ჩემი გული აღარ ძგერს
და
ახველებს.

სინათლესავით მაქრობენ ამ ბნელ ქალაქში,
სინათლესავით რომლის პეპელაც მე ვარ
და
ვფიქრობ,
ეს თანდაყოლილი სიცარიელე
ვინ უნდა შეავსოს ღვთის გარდა.

საცალფეხოა ქუჩები
და
თითქოს თავზე წყლით სავსე ჯამი მედგას,
ტანზე კი ნაღმი მეკეთოს,
რომელიც
ერთ წამში აფეთქდება
და
მიუხედავად ამისა
ვცდილობ ერთი წვეთიც არ გადმოვღვარო,
ისე გადავირბინო გზა.

ვუახლოვდები ცას
და
ოცნებებს ვერ ვხედავ,
თავი კი ნაგვის ბუნკერი მგონია,
რომლიდანაც
უპატრონო კატებივით ამოხტნენ ყველა
და
ერთი-ორმა დაიკნავლა,
როცა ახლოს მათხოვარმა ჩაიარა.

აქ ასახსნელად ეძებენ სიყვარულს,
მე კიდევ ვცდილობ უსიყვარულობა ავხსნა.

რაღაც არყოფნაზე საშინელი მაწუხებს,
როცა იმასაც ვეჩვევი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100