„გინდა გოგონია, ქმარი გინდა“

გინდა, გოგონია, ქმარი გინდა,

მივხვდი, მაგ ცრემლებით რას კვალავდი,

მთვარემ მოიცილა პარიკი და

მე ვის გავუმართო მასკარადი.

ო, გინდა, გოგონია, ქმარი გინდა,

გულს კი სულ სხვა შხამი მოლესვია,

შენთვის გართობაა პარიკი და

ტაკიმასხრობაა პოეზია.

მართლაც ეს ცხოვრება როგორია,

ვინ იცის, ვინ რომლის დონეზეა,

კარგად დამაკვირდი, გოგონია,

სად შენ და სად ჩემი პოეზია.

ზეცა ჩემს ოცნებას ესადარა,

მიწამ თავიდანვე დამიწუნა,

გინდა მამაკაცი? _ მე მზადა ვარ,

ძუძუს მტევანივით დაგიწურავ,


ქმრადაც გაგიხდები, შეგიცოდებ,

დასტებად დაგიწყობ მზის ხალათებს,

მაგრამ, გოგონია, ეგ იცოდე,

პოეტი უთუოდ გიღალატებს.

რადგან ცაც პოეტის დონეზეა,

ჩვენ მხოლოდ ვეშვებით მასხარამდი,

რადგან არ არსებობს პოეზია,

როგორც გარეგნული მასკარადი.

კომენტარი