სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოთარ გაბელია: “ესპანეთთან არაფრის დათმობას არ ვაპირებთ...”

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 1 და 5 სექტემბერს ევრო 2013-ის შესარჩევ მატჩებში ესპანეთს ჯერ ქუთაისში დაუხვდება, მერე კი ლუგოში ესტუმრება.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია გუშინ, 29 აგვისტოს სასტუმრო "ბომონდ გარდენში" მედიას შეხვდა და გუნდის მზადებაზე ილაპარაკა:

- შეკრება თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონის" შეხვედრის შემდეგ დავიწყეთ. ახლა აქ 16 მოთამაშეა, ხვალ კი სრული შემადგენლობით ვიქნებით - ყაზანის "რუბინიდან" საბა კვერკველიასა და ავთანდილ ბრაჭულს ველით, უკრაინიდან - თორნიკე ოქრიაშვილს, ნიკა ძალამიძე კი პოლონეთიდან გამთენიისას ჩამოვიდა და ხვალ ივარჯიშებს. უმნიშვნელო ტრავმა აქვს ლევან მჭედლიძეს, მაგრამ ეს არც ისე საშიშია. ფედერაციამ ყველა ღონე იხმარა, მოთამაშეები დროზე რომ ჩამოსულიყვნენ.

კარგად ვიცით, რა დონის გუნდსაც ვხვდებით, ესპანეთი ლამის ყველა ასაკში მსოფლიოს ჩემპიონია, მაგრამ იმედიანადაც ვართ და ბიჭების განწყობითაც ვასკვნი, რომ მათ მიმართ შიში არ აქვთ. რა შემადგენლობითაც უნდა ჩამოვიდნენ, ჩვენი ვალია, ვიბრძოლოთ და გავაკეთოთ ის, რაც ხორვატიასთან - ყველა ვიყოთ მაქსიმალურად კონცენტრირებული. თუ ჰგონიათ, რომ გაისერნებენ და შესაბამისი განწყობით ჩამოვლენ, ჩვენთვის უკეთესი.

ძალიან გვინდოდა "ეროვნულზე" თამაში, მაგრამ სტადიონი გასაახლებლად დაიხურა. ისე, არაფერი დაშავდებოდა, ეს ორი დღით გვიან რომ გაეკეთებინათ. მაგრამ გამიხარდა თამაშის ქუთაისში გადატანა, ამ ქალაქში ვთამაშობდი, "ტორპედოსაც" ვავარჯიშებდი და კარგი გულშემატკივრობა იციან.

- მეტოქეზე რა იცით?

- ესპანელებმა თითქმის ყველა შეხვედრა სხვადასხვა შემადგენლობით ჩაატარეს, რუსებთან ერთი გუნდი იყო, საფრანგეთთან - მეორე.

- ეს ჩვენთვის სასურველიც არის.

- რა თქმა უნდა, მაგრამ მათი ბირთვი გამოკვეთილია. მონტოია და ალკანტარა არ ჩამოდიან, რადგან ისინი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ისე, გვერჩივნა, ორივე ჩამოსულიყო. ხომ იცით, ჩვენნაირ ნაკრებებს როგორ უყურებენ, რაც უნდა პროფესიონალები იყვნენ. მათი შემცვლელები კი უფრო მონდომებულები და მოტივირებულები იქნებიან.

- ქუთაისში როდის გაემგზავრებით და მანამდე სად ივარჯიშებთ?

- დღეს და ხვალ თბილისში, "ოლიმპიკის" საფეხბურთო სკოლაში ვივარჯიშებთ, ქუთაისში კი 31 აგვისტოს მივემგზავრებით.

- ხორვატიაში შემტევი ფეხბურთი ითამაშეთ. ესპანეთთანაც ამავეს აპირებთ?

- როგორი ფეხბურთელებიც გვყავს, ისეთ ფეხბურთს ვთამაშობთ. ჩვენ კი ბევრი შემტევი გვყავს. საერთოდ, გამარჯვების შემდეგ შემადგენლობის შეცვლა არ მიყვარს, თუმცა მოუმზადებელს არ ვათამაშებ, რადგან ეს პრინციპული მატჩია. არ მეგულება უშეცდომო ფეხბურთელი, მაგრამ ვინც დავალებას არ შეასრულებს, შესაძლოა, მეოცე წუთზეც შევცვალო.

ისე, ხორვატიასთან ბევრი 0:3-სა და 0:4-ს გვიწინასწარმეტყველებდა, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველასთან შეიძლება თამაში და სასურველი შედეგის მიღწევა. "დინამო" - "ზესტაფონიც" იმის მაგალითია, რომ ბოლომდე უნდა იბრძოლო და შენს შანსს დაელოდო.

- ფეხბურთელები ფიზიკურად თუ არიან მზად?

- ფიზიკურად ნაკრებში ვერც მოვამზადებთ, ეს კლუბებში უნდა მოხდეს. მიხარია, რომ ბევრს აქვს კარგი გამოხმაურება - მაგალითად, ავთო ბრაჭულს "რუბინის" დუბლებში მუდმივად ათამაშებენ, საბა კვერკველია კი ნაკრებში თამაშის შემდეგ "რუბინის" ძირითადში დააყენეს და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ორი შეხვედრაც ჩაატარა. უშეცდომო არ არის, მაგრამ არავისზე ნაკლებად არ გამოიყურება.

- გიორგი ჭანტურიასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

- ჩვენთანაა და ვარჯიშობს.

- ანუ ძველი პრობლემები მოგვარდა?

- რა თქმა უნდა, ნიჭიერი ფეხბურთელია და ბევრის მიღწევა შეუძლია, ოღონდ, რაც მოხდა, ისევ მას წაადგება.

ჩვენი ბიჭების კარგი მე თუ არა, აბა, ვის გაუხარდება, მაგრამ მე მათ მომავალზე ვფიქრობ და სულ მეშინია, ზედმეტმა ქებამ არ აწყინოთ. "ვიტესში" მესი შეარქვესო, მეშინია, ასეთი ფრაზებით არ გავაფუჭოთ, თორემ ახალგაზრდებს რომ შექება და სტიმული სჭირდებათ, სადავო არ არის, თანაც მე მუდამ ფეხბურთელების მხარეზე ვარ.

ხორვატიასთან მატჩმა გამახარა, რადგან ბიჭები ანთებული თვალებით თამაშობენ. აგერ, გიორგი მაკარიძემ მშვენიერი მატჩი ჩაატარა ხორვატიაში და "ლე მანშიც" ადრინდელზე მეტს ათამაშებენ. ირაკლი შეყილაძესაც ათამაშებენ "ემპოლიში", 18 წლის ბიჭის იტალიის სერია ბ-ში გამოსვლა კი პატარა ამბავი არ არის. პრობლემაა ის, რომ ოქრიაშვილს ბოლო დროს "ილიჩივეცში" სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ასევეა "ვიტესში" ვაკო ყაზაიშვილიც. ასეთ შემთხვევებზე მწყდება გული, ზოგადად კი ჩვენები მცირედიდაც კმაყოფილდებიან, კონტრაქტს ხელს თუ მოაწერენ, წინსვლას ამთავრებენ.

- წინა შესარჩევში საუკეთესო ჯანო ანანიძე იყო. დღეს ლიდერად ვის მიიჩნევთ?

- ჩვენ გუნდურად ვთამაშობთ და არა ცალკეული ფეხბურთელებით. მაგრამ დრო გამოაჩენს, ვის შეუძლია ლიდერობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100