რუსეთი–სერბეთის მატჩის შემდეგ საუკეთესო რუსმა ფეხბურთელმა იტირა

რუსი გულშემატკივრებისგან საშინლად გულდაწყვეტილმა, რუსეთის ნაკრების ერთ–ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, იური ჟირკოვმა, მას შემდეგ, რაც დიკ ადვოკაატმა თამაშიდან გაიყვანა, გასახდელში ემოციებს ვერ გაუძლო და ცხარე ცრემლებით ატირდა. – ამის შესახებ „ლაიფნიუს.რუ“ იტყობინება.

რასაკვირველია, ჟირკოვის ემოციის მიზეზი არ იყო ის, რომ მწვრთნელმა შეცვალა. იქნებ მოედნიდან გაყვანა უკეთესიც იყო მისთვის, რასაც გამოცდილი მწვრთნელი მიხვდა. მაგრამ მთელი იმ დროის მანძილზე ჟირკოვის მისამართით ტრიბუნებიდან წამოსულმა სტვენამ და შეურაცხმყოფელმა ფრაზებმა სწორედ მაშინ მიაღწია პიკს, როცა ფეხბურთელი თამაშიდან გადიოდა.

როგორც ჩანს, რუსი გულშემატკივრების განაწყენების მიზეზი ის გახდა, რომ ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება სამშობლოში გადაწყვიტა და მახაჩყალის „ანჟისთან“ გააფორმა კონტრაქტი. გაუგებარი ის არის, რამ გაანაწყენა რუსები: ჟირკოვის რუსეთში დაბრუნებამ თუ იმან, რომ მან ლონდონის „ჩელსი“ მახაჩყალას „ანჟიში“ გაცვალა. ფაქტია, რომ გულშემატკივართა რეაქცია სპონტანური არ იყო და იგი ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე დაიგეგმა. ამაზრზენი სანახავი იყო, რომ ერთ დროს თავიანთ კუმირს გულშემატკივარი გააფთრებული უსტვენდა და შეურაცხმყოფელ ფრაზებს ესროდა.

დიკ ადვოკაატი თამაშის შემდეგ გაბრაზებული ჩანდა: „ვერაფრით ვხსნი, რას ერჩიან ჟირკოვს? ჩვენ ყველანი მის გვერდით ვართ. „ანჟიში“ იური ზუსტად იმ ანაზღაურებას მიიღებს, რასაც სხვა ნებისმიერ კლუბში მიიღებდა. მგონი, გულშემატკივარს უნდა უხაროდეს, რომ ასეთი ფეხბურთელები სამშობლოში ითამაშებენ“.

იური ჟირკოვი ადვოკაატმა 65–ე წუთზე შეცვალა. სათადარიგოთა სკამზე მჯდომ ფეხბურთელს დანა პირს არ უხსნიდა და მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან არც გაჩერებულა – ვიპ–გასასვლელიდან პირველი გავიდა. რუსული პრესა წერს, რომ შესაძლოა, რუსეთის ერთ–ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ფსიქოლოგის დახმარებაც დასჭირდეს.

კომენტარი