კარგი ამბავი ქეცბაიასთვის: ამისულაშვილი ხორვატიამდე დაბრუნდება

სასიხარულო ამბავი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიასთვის - შესაძლოა, 3 ივნისის ხორვატიასთან მატჩისთვის ალექსანდრე ამისულაშვილი სათამაშოდ მზად იყოს.


გეხსომებათ, 20 აპრილს მოსკოვის "სპარტაკთან" შეხვედრისას ამისულაშვილს სახეში იდაყვი მოხვდა, მძიმედ დაშავდა, სახის ძვლები გაუტყდა და ოპერაცია დასჭირდა. ის ახლახან დაბრუნდა კრასნოდარში და, საერთო აზრით, ხორვატიასთან ვერ ითამაშებდა.


გუშინ კი ამისულაშვილის ოჯახში მოულოდნელად დაგვაიმედეს: ალეკო უკეთ არის და თუ ყველაფერი კარგად იქნა, შესაძლოა, 14 მაისს "ტომთან" ითამაშოს. თუ მოედანს 14-ში ვერ დაუბრუნდა, 21 მაისს მაინც ითამაშებსო.
ალეკო დღეს გაეგზავრა გერმანიაში, სადაც ოპერაცია გაიკეთა და სახის დასაცავი ნიღაბი შეუკვეთა.

კომენტარი