"იმედის კლინიკის" მეან-გინეკოლოგი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში დამნაშავედ სცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა კიდევ ერთი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის განხილვა. საქალაქო სასამართლომ ექიმ მეან-გინეკოლოგი ზაზა მირუაშვილი დამნაშავედ ცნო სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმის მასალების მიხედვით:

"2011 წლის 17 ივნისს, სამშობიარო სახლ - "იმედის კლინიკა” -ს საკონსულტაციოდ, 1971 წელს დაბადებულმა ნესტან შანიძემ მიმართა. აღნიშნულ კლინიკაში პაციენტის გასინჯვისა და მისი ანამნეზის შესწავლის საფუძველზე, მიღებულ იქნა შემდგომში საკეისრო კვეთის ჩატარების გადაწყვეტილება. კონსულტაციის დასრულების შემდეგ ნესტან შანიძე ექიმებმა სახლში გაუშვეს.

2011 წლის 20 ივნისს, ნესტან შანიძემ კვლავ ზემოაღნიშნულ კლინიკას მიმართა. სათანადო გასინჯვის შემდეგ, ვინაიდან პაციენტს აღენიშნებოდა წინასამაშობიარო ტკივილები, პაციენტი გადაყვანილი იქნა სამშობიარო ბლოკში, ექიმ მეან-გინეკოლოგის ზაზა მირუაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ.

იმავე დღის 21:00 საათზე, ძლიერი სამშობიარო ტკივილების ფონზე, პაციენტს მორიგე ექიმ-ანესთეზიოლოგის მიერ გაუტკივარება გაუკეთდა და ნესტან შანიძემ ფიზიოლოგიურად იმშობიარა. 23:00 საათზე პაციენტის მგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, კერძოდ: განვითარდა შემცივნება,ზოგადი სისუსტე, მკვეთრად დაიწია არტერიული წნევის მაჩვენებელმა, განვითარდა აკროციანოზი, გაძლიერდა ტკივილები ბეჭებისა და თავის არეში.

ექიმი ზაზა მირუაშვილი უპასუხისმგებლოდ მოეკიდა თავის პროფესიულ მოვალეობას, სათანადოდ ვერ შეაფასა პაციენტის მძიმე მდგომარეობა, მიიტანა ეჭვი სანაყოფე სითხით ემბოლიაზე, ისე, რომ არ გამორიცხა საშვილოსნოს კედლის გახევა, მაშინ, როდესაც ნესტან შანიძის მდგომარეობა შეესაბამებოდა საშვილოსნოს კედლის გახევის სიმპტომატიკას. ექიმმა არ მიიტანა ეჭვი შინაგან სისხლდენაზე. უფრო მეტიც, მისი დაუდევრობით არ ჩატარებულა არცერთი ტიპის გამოკვლევა, რათა დროულად მომხდარიყო საშვილოსნოს კედლის გახევისა და შინაგანი სისხლდენის დიაგნოზის დასმა. 21 ივნისს 00:55 საათზე, ნესტან შანიძის ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა.

ღია სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას, ზაზა მირუაშვილმა სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. გარდა აღიარებითი ჩვენებისა მის მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებულ იქნა: მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის, ბიოლოგიური, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური დასკვნებისა და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზაზა მირუაშვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ზაზა მირუაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც ბრალდებული 1 წელს მოიხდის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, 2 წელი ჩაეთვალა პირობით , 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 25 ათასი ლარის ოდენობით.

წყარო:

კომენტარი