10 მაისი - 100 წლის წინ

ყოველდღიური ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი, საქართველოს სოციალ-ფედერალისტების პარტიის ცენტრალური ორგანო „სახალხო გაზეთი“, 1912 წლის 10 მაისს იუწყება:

„ახალი ამბავი

ტფილისი

გუბერნატორმა ნება დართო კნეინა ე. ი. ერისთავისას, 13 მაისს გორში გამართოს კონცერტი და სეირნობა გორის საქალებო გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ.

როგორც შევიტყეთ, ჩვენი ცნობილი პოეტი ევდოშვილი ავად იმყოფება. იგი ამ ჟამად გადასახლებულია ასტრახანის გუბერნიის ქალაქ ჩორნი–იარში. ავადმყოფობას ხელმოკლეობა უფრო უძნებელს, თურმე.

ბიბლიოთეკა. გუბერნატორმა ნება დართო ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, გახსნას დიდ–ლილოში (ტფ. მაზრა) უფასო ბიბლიოთეკა–სამკითხველო.

ჯარიმა. ქალაქის საბჭოს სატრამვაიო კომისიამ ტრამვაის დირექცია კიდევ 510 მან. დააჯარიმა.

ლ. ლ. პერშკე, ამიერ–კავკასიის სააქციზო გადასახადთა გამგე, ერევნიდან ტფილისს დაბრუნდა.

მომავალს შემოდგომაზე მოსკოვში მეცხვარეობის გამოფენა გაიმართება. მიწათ–მოქმედების დეპარტამენტმა 2,500 მან. გადასდო ამიერ–კავკასიიდან ნიმუშების გასაგზავნად გამოფენაზე. კავკასიის სხვა და სხვა ჯიშის ცხვრის შეგროვებას უკვე შეუდგნენ.

ქალაქის ბალანსი. ქალაქის პენსიონერმა, ქალაქის გამგეობის მთავარ ბუჰგალტერად ნამყოფმა ერემიშოვმა ქალაქის გამგეობასა და ქალაქის საბჭოს საფინანსო კომისიას განუცხადა, პროფ. სივერსის მიერ შედგენილი ბალანსი სწორე არ არისო.

ნიკო ლომაურისაგან მივიღეთ შემდეგი წერილი: „გორის ქართველი საზოგადოება დიდათ შეაწუხა დიდებული მამულიშვილის იაკობ გოგებაშვილის ავათმყოფობამ. გულითად თანაგრძნობას უცხადებს იგი უპატივცემულეს ავადმყოფს და უსურვებს მას მალე სრულიად გასაღებას, ხანგრძლივ სიცოცხლესა და დღეგრძელობას.“

სომეხთა ცხოვრება

ტიტანიკზე სხვათა შორის დაღუპულა 7 სომეხი, ამათგან ერთი ქალი ბავშვით.

გაზ. „მშაკის“ საიუბილეო კომიტეტს დღემდე მიუღია 13,438 მანეთი შემოწირულება ფონდის სასარგებლოდ.

სიმფეროპოლიდან ატყობინებენ „მშაკს“, რომ სომეხთა მგოსნის გამარ–ქათიბას დამ ბარბარე გარაგოშიანმა თავისი სახლი, ღირებული 50,000 მანეთად შესწირა ადგილობრივ სომეხთა საქველმოქმედო საზოგადოებას.

გაზ. „ჰორიზონი“ (N96), პროტესტს უცხადებს „ზიგზაგის“ უკადრის გამოლაშქრებას თამარ მეფის წინააღმდეგ და ბოლოს ამბობს, „ტფილისის ლისტოკ“–ს არავითარი კავშირი არა აქვს სომხის ხალხთან და არც მისი წარმომადგენელიაო.“

კომენტარი