არქიმანდრიტი ბართლომე: ბიძინა იდეალურია, მისი დაბადებაც განსაკუთრებული იყო...

საქართველოს პატრიარქს არაერთხელ განუცხადებია, რომ სასულიერო პირები არ ერევიან პოლიტიკურ პროცესებში და მისი საჯარო (ალბათ, შიდაუწყებრივი) განცხადებებიდან ხშირად ვგებულობთ, რომ ეკლესია, სასულიერო პირები მკვეტრად უნდა იყვნენ გამიჯნული პოლიტიკისგან და სასულიერო პირები არ უნდა აღიქმებოდნენ რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციის, მიმდინარეობის, რომელიმე პოლიტიკური პირის მხარდამჭერებად.

აი, ამონარიდი ჯერ კიდევ 2003 წლის სექტემბერში კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის მიერ შემუშავებული მიმართვიდან, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ედ. შევარდნაძესა და პარლამენტს გაეგზავნა:

"ეკლესია სულის საცხოვნებელი ადგილია და იგი ყველა მართლმორწმუნეს თანაბრად ეკუთვნის. ტაძარი სახლია უფლისა, ხოლო "მიკერძოება უცხოა ღმრთისათვის" (რომ. 2.11). ეს ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს და გაითავისოს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირი, ანდა პოლიტიკური ძალა, რომელიც შეეცდება წარმოაჩინოს ეკლესია რომელიმე პარტიის მხარდამჭერად, ნებსით თუ უნებლიეთ ეროვნული ინტერესების და ეკლესიის პოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამიტომაც სასულიერო პირებს წმ. სინოდის დადგენილებით აკრძალული აქვთ ამა თუ იმ პოლიტიკური ბლოკის, პარტიის წევრობა და მათი საჯაროდ მხარდაჭერა."

"საქართველოს რესპუბლიკა "
# 242
ხუთშაბათი, 11 სექტემბერი, 2003 წელი

სწორედ ამ მიზეზით მიეცა შენიშვნა სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სასულიერო პირს, რომელმაც ქადაგების დროს მრევლს აუკრძალა ეკლესიაში შესვლა იმ შემთხვევაში, თუ მათ არ უყვართ პრეზიდენტი. ვიდეორგოლი ინტერნეტში გავრცელდა და, იმის მიუხედავად, რომ მღვდელი ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისდროინდელ პერიოდზე საუბრობდა, ის გაფრთხილებას მაინც ვერ ასცდა.

მაგრამ როგორც ჩანს, საპატრიარქოში არ იციან, ან იციან და თვალს ხუჭავენ იმ გარემოებაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე იმყოფებოდა არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი.

ცნობისთვის: ეს ის ბართლომე ფირცხალაშვილი გახლავთ, რომელმაც რელიგიური ორგანიზაციების შესახებ შემუშავებული კანონპროექტის გამოქვეყნების შემდეგ, მისივე თქმით „ძველი ქართული სამართლის ძეგლების“ ნიმუშთა გამოყენებით შეაჩვენა ის დეპუტატები, რომლებიც კანონპროექტს ხელს მოაწერდნენ. შემდეგ ამ წყევლა-შეჩვენებამ მთელი სოციალური ქსელი მოიარა, თუმცა, ბართლომე ფირცხალაშვილს ფაქტის დამალვა არც უცდია და მსგავს საქმიანობაში ის არც პირველი და არც უკანასკნელი არ გახლავთ:

„მიღებული კანონი არის ღალატი. ისინი ამას ეძახიან დემოკრატიას, თუმცა მას ჰქვია დემონკრატია. თუ ისინი არ გააუქმებენ მიღებულ კანონს, ქართული სამღვდელოება დასწყევლის მათ და ამ 70 დეპუტატის შთამომავლები წაიკითხავენ მათი წინაპრების წყევლის ტექსტს და ეს იქნება სამღვდელოების პასუხი ხელისუფლების არაქრისტიანული ქმედების მიმართ“, - განაცხადა მამა კონსტანტინემ და დასძინა, რომ საქართველოში ჯერ არ გაუხარია ისეთ ადამიანს, რომელმაც ზურგი შეაქცია ქართულ ეკლესიას. მან ამის მაგალითად ნოე ჟორდანია მოიყვანა, რომელიც, მისი აზრით, სწორედ ქართული ეკლესიის უარყოფის გამო არ არის დაკრძალული საქართველოში.“

გაუგებარია, მოსთხოვეს თუ არა პასუხი ბართლომე ფირცხალაშვილს წინანდელი წყევლა-შეჩვენებისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშილის პარტიის დაფუძნებაზე ყოფნის გამო ჯერ ის საპატრიარქოში არავის დაუბარებია. მამა ბართლომე ფირცხალაშვილი საკმაოდ აქტიურად მოიხმარს "ფეისბუქს" და ხელისუფლების საწინააღმდეგო პოსტებს თავის კედელზეც ხშირად ავრცელებს. აი, ერთი მათგანი, რომლის ტექსტს სტატიაში, სქრინ-ფოტოს კი მასალის ბოლოს გთავაზობთ:

"საოცარია? მთავრობა ძალიან გაიჭედა, არ იცის, რა ქნას. ბიძინა მართლაც განსაკუთრებული ადამიანია, მისი დაბადებაც განსაკუთრებული იყო. დღეს კიდე ერთხელ დაამტკიცა მთავრობამ რომ ბიძინა არის განსაკუთრებული და იდეალური ადამიანი". - ეს სტატუსი ბართლომე ფირცხალაშვილმა 6 აპრილს გამოაქვეყნა. მასვე ეკუთვნის კიდევ ერთი პოსტი: "ვინც ბიძინა ივანიშვილს შავ პიარს აუგორებს, იმას გაუშავდა სახე და ცხოვრება, ამინ!" - ამ პოსტის სქრინ-ფოტოც მასალას თან ერთვის. რაც შეეხება ვიდეორგოლს, იქ არქიმანდრიტი 23.16 წუთიდან ჩანს...

კომენტარი