ერთ სხეულში მცხოვრები ამერიკელი გოგონები, რომლებიც ყველას უყვარს (ვიდეო)

ოჯახი, სადაც აბიგაილი და ბრიტნი 1990 წლის 7 მარტს დაიბადნენ, ყველაზე უზრუნველყოფილად ითვლებოდა ოლქში (ნიუ-ჯერმანი, მინესოტა). როგორც იქ დღესაც ამბობენ, სიამის ტყუპი გოგონების მშობლებმა თამამად მიიღეს ბედის გამოწვევა და გოგონების გაზრდას შეუდგნენ, თანაც ისე, რომ არაფერს აკლებდნენ: აბიდაილსა და ბრიტნის ორ თავთან და ხელთან ერთად ორი გული (სისხლის მიმოქცევის ერთიანი სისტემით) და სამი ფილტვი აქვთ, ხოლო წელს ქვემოთ - საერთო სხეული.

ისინი კარგად გრძნობენ ერთმანეთის განცდებსაც. ერთხელ, როცა ტელევიზორს უყურებდნენ, აბიმ ჰკითხა ბრიტნის: "შენც ისევე ფიქრობ, როგორც მე?". "კი", - დაეთანხმა ბრიტნი, რის შემდეგაც ისინი ადგნენ და ერთი და იგივე წიგნის წასაკითხად წავიდნენ...

ისინი ბავშვობიდანვე ეჩვეოდნენ, რომ სხვებისგან არაფრით გამორჩეულები არიან, უბრალოდ, ერთ სხეულში ორი და ცხოვრობს. მამა დურგალია, დედა კი სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმი. სწორედ მაიკლ ჰენზელის დამსახურებაა ის, რომ ტყუპებს არც სხვებთან ურთიერთობისას ჰქონიათ კომპლექსები და „კვიმატ“ კითხვებზე პასუხის გაცემაც ისწავლეს: მამას ისინი ცურვაზე დაჰყავდა, ყიდულობდა მათთვის ერთ კაბას და მიჰქონდა მკერავთან, რათა მას ორი საყელო გამოეყვანა, ასწავლა ველოსიპედის ტარება, გააცილა სკოლაში.

მიუხედავად იმისა, რომ დებს და-ძმა ჰყავთ, ოჯახში მხოლოდ ტყუპებისთვის მოქმედებს დევიზი: „შეგიძლიათ აკეთოთ, რაც მოგესურვებათ“. დები დღესაც ღიმილით დაჰყურებენ ერთ ფოტოს, სადაც პატარა აბი და ბრიტნი არიან აღბეჭდილნი: საცურაო კოსტუმში ჩაცმულები, ისინი აუზთან დგანან, წინ მდგომი ბიჭუნა კი, რომელმაც, ეტყობა, დები პირველად ნახა, უკან გაკვირვებისგან გაფართოებული თვალებით იხედება...

მამის შეშფოთება, რომ გოგონები ცხოვრების მომდევნო წლებში სევდიანები და კარჩაკეტილები გახდებოდნენ, არ გამართლდა: გოგონები კოლეჯში სწორედ მათი გახსნილი ხასიათის გამო შეუყვარდათ. მოგვიანებით, როცა წამოიზარდნენ, მამამ ავტომანქანაც უყიდა და „დისქოვერის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში კარგად ჩანს, რა მოხდენილად ატარებენ ისინი ავტომობილს, როგორ ზრუნავენ ერთად ვარცხნილობაზე დილდილაობით და საერთოდ, როგორ უფრთხილდებიან ერთმანეთს...

კომენტარი