forum.ge -ს ერთ კვირაში მეორედ უჩივიან

თბილისის ფორუმზე გამოქვეყნებული პოსტის გამო "ახალი გაზეთის" მთავარმა რედაქტორმა საგამოძიებო ორგანოებს მიმართა. ბოლო დღეებში ეს მეორე შემთხვევაა, როცა თბილისის ყველაზე პოპულარულ ფორუმს უჩივიან.

ჯერ მედიასახლმა ”კვირის პალიტრამ” მიმართა “შესაბამის უწყებებს რეაგირებისთვის” თბილისის forum.ge ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო და საგანგებო განცხადება გაავრცელა.

“ახალი გაზეთის” მთავარმა რედაქტორმა ია ბობოხიძემ კი სამართალდამცავებს ფორუმზე გამოქვეყნებული გაყალბებული ინტერვიუს გამო მიმართა.

როგორც ქუთაისში გამომავალი გაზეთის რედაქტორი აცხადებს, ინტერვიუ თავიდან ბოლომდე გამოგონილია, ინტერვიუს ავტორად კი ია ბობოხიძეა მითითებული. საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობას და დისკრედიტაციის გამო მან რეგიონის საოლქო პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა.

პოლიტიკურ ფიგურასთან, ვიტალი ხაზარაძესთან ინტერვიუ forum.ge-ზე მომხმარებელმა სახელით “სპორტი” 2012 წლის 12 მარტს გამოაქვეყნა. თემა შემდეგი სათაურით გაიხსნა “ვიტალი ხაზარაძეს პოლიტიკაში დაბრუნება უნდა, "ბიძინას კარგად ვიცნობ".

ინტერვიუში აღნიშნულია, რომ ვიტალი ხაზარაძე აპირებს პოლიტიკაში დაბრუნდეს და ბიძინა ივანიშვილს მიმართოს. როგორც ია ბობოხიძე ამბობს მან სტატია სრულიად შემთხვევით სოციალურ ქსელ facebook-ზე ნახა, რადგან ფორუმზე დარეგისტრირებული არ არის:

“ეს იყო არარსებული ინტერვიუ. მე არც კი მივაქცევდი ამას ყურადღებას გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება არსებობდეს რამდენიმე ია ბობოხიძე, მაგრამ დაკონკრეტებული იყო, რომ ეს არის ია ბობოხიძე “ახალი გაზეთიდან” და ინტერვიუს პირობითად გამოქვეყნების თარიღიც ჰქონდა მითითებული”

ია ბობოხიძე ამბობს, რომ მისი ასეთი მწვავე რეაქცია სტატიაში ვიტალი ხაზარაძესთან დაკავშირებული ძველი ინციდენტის ხსენებამაც გამოიწვია:

“ეს იყო ცოტა ადრეულ პერიოდში, 2002 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, “ახალი გაზეთი” აქტიურად აშუქებდა პროცესს. ვიტალი ხაზარაძე მაშინ პოლიტიკურად აქტიური პირი იყო და წარმოადგენდა მოქალაქეთა კავშირის გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას. გაზეთში რაღაც სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ბატონ ვიტალის ასე ვთქვათ არ მოეწონა, რასაც ძალიან ხმაურიანი და სკანდალური ინციდენტი მოჰყვა, ეს იმ პერიოდში ძალიან აქტუალური თემა იყო, პრაქტიკულად ყველა მედიასაშუალებით გაშუქდა. ეს ინციდენტი ზოგიერთს დღესაც ახსოვს, მაგრამ მე ვერაფრით ვხვდები ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს დღეს ამ პოლიტიკური გვამების გააქტიურება, თავს უფლებას მივცემ გამოვიყენო ეს ტერმინი”, – აცხადებს ია ბობოხიძე.

ინტერვიუ სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა და როგორც ია ბობოხიძე ამბობს ძალიან ბევრ ადამიანს ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა, რის გამოც გაზეთის რეპუტაცია საფრთხის ქვეშ დადგა, ამიტომ მან მაშინვე გაიარა კონსულტაცია იურისტებთან და საქმის გამოძიება მოითხოვა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნათია კაპანაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საქმე სახელის უფლების დარღვევასთან გვაქვს:

“სამოქალაქო კოდექსის თანახმად პირს აქვს სახელის უფლება, ანუ მისი სახელი არ შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა პირების მიმართ, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ თუ ადამიანი სადაოს გახდის მისი სახელის გამოყენებას რაიმე ასპექტში, მაშინ მან უნდა ამტკიცოს, რომ პირმა განზრახ დაერღვია მისი სახელის უფლება და არსებობს ზიანი რომელიც ამ ფაქტმა გამოიწვია”.

ნათია კაპანაძის განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ ფორუმი ღია სივრცეა და ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევაში საპასუხო თემის გახსნა ან გამოხმაურებაა შესაძლებელი, პირველი განცხადება მაინც მყისიერია, ხოლო მეორე დაგვიანებული, ამიტომ საკითხის გადაწყვეტა საჯარო განხილვის საგანია.

“ნეტაგაზეთმა” ინტერვიუს შესახებ გახსნილი თემის ავტორისგან კითხვებზე პასუხის მიღება ვერ მოახერხა, თუმცა მეორე მომხმარებლის king depress–ის განცხადებით (მომხმარებელი რომელმაც “კვირის პალიტრის” სახელით გაავრცელა ინფორმაცია) მსგავსი თემები ფორუმზე ხშირია:

“ფორუმზე საკმაოდ გავრცელებულია მსგავსი ხუმრობები და როგორც წესი მაშინვე ირკვევა რომ ეს ხუმრობაა. პალიტრამ უარყო, რომ ეს მათი ინფორმაცია იყო და ეს ნორმალურია”

თუმცა როგორც ჟურნალისტი ია ბობოხიძე აცხადებს ფორუმის მომხმარებლებისგან განსხვავებით მას ეს ინტერვიუ ხუმრობის საგნად არ მიაჩნია და საქმე სამართლებრივ შედეგამდე აუცილებლად მივა:

“მე მინიმუმ პრევენციისთვის მაინც გავაკეთებ ამას, რომ სხვას აღარ გაუჩნდეს “ახალი გაზეთის” დისკრედიტაციის სურვილი”, – განაცხადა ბობოხიძემ.

თბილისის ფორუმის წესების მიხედვით ისედაც იკრძალება “მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართული გამოქვეყნება ან ცილისწამება“(4.3.1.4.), “კვირის პალიტრის” განცხადების გამოქვეყნების შემდეგ კი გამოქვეყნებული მასალები უფრო მეტად გაკონტროლდება:

“აღარ გაიხსნება დეზინფორმაციული თემები გეყოთ რაც აქამდე გახსენით და იხალისეთ,
დღეიდან ყველა თემა დაიხურება და ავტორები გაფრთხილდებიან”, – წერს პოლიტიკის თემის ადმინისტრატორი.

ფორუმს ყოველ დღე 30 000–ზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

წყარო - "ნეტგაზეთი", ნესტან ცეცხლაძე.

კომენტარი