სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაგრელმა ომის ვეტერანებმა თბილისში სამკურნალოდ წასული აფხაზები მოღალატეებად შერაცხეს

ბოლო დროს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები აგრესიულად განწყობილი, ინტერნეტში მოკალათებული ოფიციალური თუ არაოფიციალური პირები, ასევე ჟურნალისტთა ნაწილი, საკმაოდ აქტიურად განიხილავენ გაგრაში მცხოვრები „აფხაზეთის ომის“ მონაწილეთა ინიციატივას, რომელიც, იმის გარდა, რომ საოცარი შინაარსისაა, თავისი არსით საკმაოდ კაცთმოძულეობის ნიმუშადაც შეიძლება ჩაითვალოს:

გაგრელი ომის ვეტერანების უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სიკვდილის შემდეგ არ დაიტირებენ ვეტერანს, რომელიც თბილისში სამკურნალოდ გაემგზავრება ან ოჯახის წევრს წაიყვანს. ეს ინფორმაცია „ფეისბუქზეც“ გავრცელდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. რაც ყველაზე გასაკვირია, ამ იდეას მხარდამჭერები უფრო ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგეები.

ამასთან, აფხაზი ეროვნების, აგრესიულად განწყობილი პირები ცალსახად აღიარებენ, რომ 2003 წლის შემდეგ საქართველოში ყველაფერი უკეთაა, ვიდრე აფხაზეთში, არც იმას მალავენ, რომ თბილისში მკურნალობა უფრო იაფიც ჯდება და უფრო ეფექტურიცაა, მაგრამ ენგურსგამოღმა გამგზავრებაზე უარის თქმისთვის საკმარის მიზეზად იმ სიძულვილს ასახელებენ, „რომელიც უნდა ჰქონდეს აფხაზეთის ყველა მოქალაქეს იმ ხალხის მიმართ, რომელსაც მისი ქვეყნისთვის აგრესიის გარდა, არაფერი მოუტანია“.

ერთ-ერთ აფხაზურ, რუსულენოვან გვერდზე, რომელიც გვაუწყებს, რომ ანალიტიკური პორტალია, 8 თებერვალს გამოქვეყნდა წერილი სათაურით: „სამკურნალო მარშრუტით - ენგურს გაღმა“, სადაც ამ და სხვა დეტალებზე საუბრობენ, თანაც, ჟურნალისტი მათაც შეხვდა, ვინც თბილისში იმკურნალა. ამიტომაც, მოდით, ყოველგვარი კომენტარის გარეშე, ციტატებს გადავავლოთ თვალი:

„...მეორე მხრივ, ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს ფსიქოლოგიაც: დაავადებულებს მიაჩნიათ, რომ რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ მკურნალობა უფრო შედეგიანი იქნება და ეს ასეა სსრკ-ს დროიდან, როცა გირჩევდნენ: „მოსკოვში გაემგზავრეთ“. და მიდიოდნენ - ზოგი მოსკოვში, ზოგიც ლენინგრადში. ბოლო დროს კი ბევრმა ახალი მარშრუტი აითვისა - თბილისისკენ. როგორც ჩანს, როცა ჯანმრთელობაზე მიდგება საქმე, ჯერაც მწვავედ განცდილი სიძულვილის გრძნობა აგრესორი ქვეყნისადმი მეორე პლანზე გადადის და ისინი ცდილობენ, ამ ფაქტორზე არ იფიქრონ.

მე მომიწია გასაუბრება ბევრთან, რომლებიც საქართველოში მკურნალობდნენ. როგორც წესი, ისინი გამოუვალ სიტუაციაზე, თავიანთ უსუსურობაზე მიუთითებდნენ და აცხადებდნენ, რომ დასმული დიაგნოზი განაჩენივით ჟღერდა, ხოლო აფხაზეთში განკურნების შანსი არ არსებობდა. ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანმა მიამბო:

„ატატებული ბავშვით ხელში მდინარე ფსოუს მიღმა უამრავი მარშრუტი მოვიარე. უამრავი ფულიც დავხარჯე. და ყველგან ექიმები მხოლოდ თანაგრძნობით მიქნევდნენ თავს: „დაავადება განუკურნებელია...“ მე კი, მამას, ამასთან შეგუება შემეძლო? და როცა მოვისმინე რჩევა: „წადი თბილისში, იქ ჯადოსნური დასალეთის ტექნოლოგიები აქვთ“ - მე, გადავაბიჯე სიძულვილის გრძნობას, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ განვიცდი და მაინც წავედი... ვიფიქრე: მათ ხომ ამხელა უბედურება მოგვიტანეს, ახლა დაე, ჩვენი ბავშვები მაინც განკურნონ! ბავშვს უშველეს და ის ჯანმრთელადაა, ეს კი ჩემთვის ყველაზე მთავარია...“

ჟურნალისტის მეორე თანამოსაუბრე 60 წელს გადაცილებული მამაკაცია - ომში ახლობლები დაკარგა და, როგორც ამბობს, იმდროინდელმა სტრესმა ახლა გაახსენა თავი. ის სოხუმის კლინიკაში ორჯერ იწვა, მერე კი მოსკოვში მოუწია წასვლა, სადაც გაირკვა, რომ შუნტირება უნდა ჩაეტარებინა. როცა ოპერაციისთვის ემზადებოდა, მთავარმა ექიმმა უთხრა: „ახლა ვერ გაგიკეთებთ, ძალიან დიდი რიგია. სამი თვის შემდეგ მოგიწევთ და თუ გნებავთ, აქ დაიცადეთ, გნებავთ სახლში წადით. საიდან ხართ, ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს - გამოგიძახებთ“. რადგან შესაძლებელი იყო, სამი თვის შემდეგ, გასაგები მიზეზების გამო, ოპერაცია არც დასჭირვებოდა, მამაკაცმა გადაწყვიტა, სახლში მაინც მომკვდარიყო. და უცებ, ვიღაცამ ურჩია: „გაემგზავრეთ თბილისში, იქ არ დაგჭირდებათ ამდენ ხანს ლოდინი!“

„სანამ საავადმყოფოში დავწვებოდი, მე რეკომენდირებულ ბინაში დავბინავდი. შეძრული ვიყავი, როცა იმ სახლის მეზობლები, რომლებიც შემდეგ კლინიკაში მნახულობდნენ, აცხადებდნენ: „ჩვენ მოვედით სტუმართან აფხაზეთიდან!“. რაც შეეხება კლინიკას, ის გერმანელების შექმნილია, კონსულტანტებიც გერმანელი სპეციალისტები არიან. პირდაპირ გეტყვით, თბილისისკენ გული არ მიმიწევდა და ფეხები უკან მრჩებოდა, როცა მივდიოდი, რადგან ველოდი, რომ იქ ცივად დამხვდებოდნენ. არადა, სათანადო პატივი უნდა მივაგო იქაურ ადამიანებს - ისე თბილად მექცეოდნენ, რომ გაოგნებული ვიყავი. ძალიან ხშირად მესაუბრებოდნენ კიდეც, ოღონდ არასდროს შეხებიან ომისა და დევნილების თემას - ალბათ, იმიტომ, რომ მე, აფხაზს, არ მენერვიულა. რა თქმა უნდა, სამედიცინო მომსახურება საქართველოში ფასიანია. მხოლოდ ოპერაცია 7 ათასი დოლარი ჯდება, ამას დამატებული, კლინიკაში საწოლი დღეების ანაზღაურება... მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მე, როგორც 60 წელს გადაცილებულს, 70%-იანი ფასდაკლება შემომთავაზეს, მიუხედავად იმისა, რომ არც ვიცოდი, თუ მსგავსი რამ შეიძლებოდა. როცა ოპერაცია ჩამიტარეს და გამწერეს, ისე გამაცილეს, როგორც განსაკუთრებული პერსონა და დამაბარეს, რომ 6 თვის შემდეგ გამოკვლევაზე მელოდებოდნენ...“

ჟურნალისტი ი. ქურასქუა წერს, რომ მამაკაცი დღეს თავს კარგად გრძნობს. მეტიც - ავტომანქანის საჭეს ისევ მიუჯდა. „როცა ჩემზე დაწერ, სახელი და გვარი არ მიუთითო“, - უთხოვია მას მედიის წარმომადგენლისთვის.

სტატიის ავტორი ბოლოს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლების პოზიციითაც დაინტერესდა და კომენტარისთვის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მიაკითხა. მინისტრის მოადგილემ, თ. წახნაკიამ მას უთხრა, რომ ოფიციალურ სტატისტიკას იმის შესახებ, რამდენი ადმიანი მიემგზავრება სამკურნალოდ თბილისში, არ ფლობენ. „რა თქმა უნდა, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო თბილისში წასვლას არც არავის ურჩევს და არც ოფიციალურად აგზავნის ვინმეს. ჩვენ რუს კოლეგებთან ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა მან და მის ხელთ არსებული მონაცემებიც მოიყვანა, რომლის მიხედვით, „რესპუბლიკის“ ფარგლებს გარეთ 2011 წლის განმავლობაში 150-მა ადამიანმა იმკურნალა. წახნაკია ამბობს, რომ რადგან აფხაზეთში არ არის განვითარებული კარდიოქირურგია, ასევე ონკოლოგიის ზოგიერთი სფერო, ავადმყოფები იძულებულნი არიან, სამკურნალოდ აფხაზეთიდან გავიდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100