სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სად და როგორ დავისვენოთ?

დედაქალაქის გაუსაძლისი სიცხის ფონზე მოსახლეობა ცდილობს თავი გრილ ადგილებს შეაფაროს.

ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა საკურორტო ზონაში გაიხსნა ზაფხულის სეზონი და იქ უკვე დამსვენებლებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან ელიან.

მკითხველს ვთავაზობთ იმ დასასვენებელი კურორტების, სასტუმროებისა და ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალს, სადაც მათ საშუალება ექნებათ დაისვენონ და ქვეყნის ისტორიასაც გაეცნონ. ბოლოს, წლების ტენდენციით, ზაფხულში ზღვასთან ერთად მთაც აქტუალური გახდა. წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებით დაღლილი ადამიანები შვებულების დროს ძალების მოსაკრებად საუკეთესო ადგილებს ირჩევენ, რადგან მომავალ სამუშაო სეზონზეც მათი შემოქმედება ნაყოფიერი იყოს.

აჭარაში, გარდა ბათუმისა და ქობულეთისა, შეგიძლიათ სხვა კურორტზეც გადაინაცვლოთ. ზღვაზე დასვენების პარალელურად ტურისტს საშუალება აქვს მოინახულოს ქობულეთის დაცული ტერიტორიები, სადაც ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალია. იქ საშუალება გექნებათ უნიკალური ჰერკოლაციური გუმბათისებრი ჭაობი დაათვალიეროთ, რომელიც მხოლოდ წვიმის წყლით საზრდოობს. მის ანალოგს მსოფლიოში ვერ ნახავთ.

აჭარაშივე საშუალება გაქვთ მოინახულოთ კინტრიშის დაცული ტერიტორიები და მტირალას ეროვნული პარკი. მტირალა შავ ზღვასა და აჭარის მთათა სისტემას შორის არის მოქცეული.

ბათუმში აჭარის ხელოვნების მუზეუმსაც ესტუმრეთ. ამავე ქალაქში არქეოლოგიური მუზეუმის ნახვის საშუალებაც გაქვთ, ასევე პეტრა ციხისძირის ისტორიულ-არქიტექტორული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი და გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი.

წელს, ბათუმსა და ქობულეთში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სასტუმროების რიცხვი. გასული წლისგან განსხვავებით, იმ ადამიანებს, ვინც დასვენებას ბათუმში გადაწყვეტს, ახლად გახსნილი სასტუმრო "შერატონი" დახვდებათ, იქვეა "ინტურისტიც", აგრეთვე სასტუმროები: "რჩეული ვილა", "ვიქტორია", "აფსაროსი" და "რიცა". გახსნილია საოჯახო სასტუმროებიც, სადაც დამსვენებელს ალტერნატივა ექნება, შედარებით ნაკლებ ფასად დაისვენოს. რესტორნებსა და ბარებში კვების ფასები გასულ წელთან შედარებით არ გაზრდილა.

გურიაში წელს განსაკუთრებით ბევრ სტუმარს ელიან, ვინაიდან მხარის ადმინისტრაციის ძალისხმევით ბევრი საკურორტო ზონა შეიცვალა და გალამაზდა.

აქ ნახავთ როგორც ისტორიულ ძეგლებს, ასევე ახლადგახსნილ დასასვენებელ პარკებსა და სასტუმროებს.

ღირსშესანიშნაობებიდან შეგიძლიათ შემოქმედის მონასტერს ესტუმროთ, რომლის ტერიტორიაც სიგრძეში 7 კილომეტრია. ამავე რაიონში გექნებათ შესაძლებლობა ასპანის ციხეს ეწვიოთ.

ჯუმათის მონასტერი ოზურგეთის რაიონში მდებარეობს. უდაბნოს მონასტრის ნახვა კი ჩოხატაურის რაიონში, სოფელ შუა განახლების ჩრდილოეთ მხარეს შეგიძლიათ ნახოთ. კურორტებიდან კი არჩევანი ბახმაროს, ურეკისა და კოლხეთის ეროვნულ პარკს შორის შეგიძლიათ გააკეთოთ.

რაც შეეხება სასტუმროებს, გრიგოლეთში - "ანდამატს", ურეკში "ძველ სახლს", "ელიტას", "ალბატროსს", "რივიერას", "პრემიუმს", "თბილისსა" და "თემქარს" ეწვიეთ.

იმერეთი დამსვენებელს სხვადასხვა ისტორიულ სანახაობასა და დასასვენებელ ადგილს სთავაზობს. ქუთაისში ბაგრატის ტაძარი, გელათი, ვანის ნაქალაქარი, მოწამეთა და უბისაა. კურორტებიდან კი წყალტუბოსა და საირმეს შორის მოგიწევთ არჩევანი.

რაჭაში, ბოლო წლების ტენდენციით, მნიშვნელოვნად იმატა ტურისტთა რაოდენობამ. რაჭველები ცდილობენ იქ ჩასულ ტურისტებს ყველა ის ღირსშესანიშნაობა აჩვენონ, რაც რაჭაშია და საუკეთესო დასასვენებელი გარემო შესთავაზონ. ხოტევის ეკლესია, ბარაკონი, ჭელიშის ღვთისმშობლის მონასტერი, გვესოს ციხე და ონის სინაგოგა - ეს ის ღირსშესანიშნაობებია, რომლის ნახვის საშუალება მხოლოდ რაჭაში ჩასვლის შემთხვევაში აქვს ტურისტს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი გამორჩეულია იმით, რომ იქ ჩასულ დამსვენებელს კურორტების ყველაზე ფართო არჩევანი აქვს. უწერა, შოვი, ღები, ჭიორა და ბარდნალა - ეს ის კურორტებია, სადაც დასვენებასთან ერთად საშუალება გაქვთ სხვადასხვა დაავადებისგან განიკურნოთ და რაჭის წყლები მიირთვათ. რაჭაში "მამისონის", "შოვის", "უწერასა" და "ამბროლაურის" სასტუმროებში შეგიძლიათ გაჩერდეთ.

ვისაც ზაფხულში სიცხესა და ზღვას შედარებით გრილ ადგილას დასვენება ურჩევნია, აუცილებლად სამცხე-ჯავახეთს უნდა ესტუმროს. ამის საშუალებას ბაკურიანი და აბასთუმანი მოგცემთ.

კახეთშიც, ქვეყნის სხვა დასასვენებელი ტერიტორიების მსგავსად, დამსვენებელს საშუალება აქვს დასვენებასთან ერთად ამ კუთხის ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნოს. გრემი, იყალთო, უჯარმა, ნეკრესი, გურჯაანის ყველაწმინდა, ხორნაბუჯი, ბოდბის მონასტერი და ალავერდი - ეს ის წმინდა ადგილებია, სადაც ტურისტს საშუალება ექნება კახეთის ისტორიას გაეცნოს.

კურორტებიდან კი ყველაზე აქტუალური ახტალა და უჯარმაა. კახეთში ასევე საშუალება გაქვთ მუზეუმები და დაცული ტერიტორიები დაათვალიეროთ. კახეთში ჩასვლისას ტურისტს საშუალება აქვს ნებისმიერ ქალაქში სასტუმროში გაჩერდეს და ხელმისაწვდომ ფასად გაატაროს დასვენების დრო.

მკითხველს ისღა დარჩენია, ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი კურორტებისა და ღირსშესანიშნაობების სიას გადახედოს და არჩევანი საკუთარი გემოვნების ადეკვატურად შეაჩეროს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100