მას საქართველოს დედოფლობა დაშვენდებოდა

მას შემდეგ, რაც გასულ წელს საქართველომ ოფიციალურად აღიარა გენოციდად 1860-იან წლებში რუსების მიერ ჩერქეზი ხალხის მკვლელობები და დეპორტაცია, ჩრდილოკავკასიელი მეზობლისგანაც გამორჩეული ყურადღება იგრძნობა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ადიღეელთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის, “ჩერქეზული კონგრესის“ სახელით, ოფიციალური მადლობით მიმართა ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას, პირადად მისმა თავმჯდომარემ, მურატ ბერზეგოვმა; „ადიგე–ხასეს“ ხელმძღვანელმა მუჰამედ ჩერქეზოვმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს სხვა დემოკრატიული ქვეყნებიც მიბაძავენ; ხოლო ყაბარდოელმა სამართალდამცავმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხასეს“ თავმჯდომარემ იბრაჰიმ იაგანოვმა აბრაამ შმულევიჩთან ინტერვიუში ძალზე კეთილგანწყობილად ისაუბრა საქართველოს კავკასიურ პოლიტიკაზე.

თავდაპირველად, საქმეში ჩაუხედავ მკითხველს ვაუწყებთ, რომ ნუ დააბნევს მას ამ ეთნოსის სხვადასხვა სახელით მოხსენიება – ჩერქეზი, ადიღე და ყაბარდოელი ისევეა ერთი მთლიანი ერის წარმომადგენელი, როგორც, მაგალითად, მესხ–ჯავახი, ქართლელი და კახელი – ყველა ერთად არიან ქართველები. ტერიტორიული დაყოფა კი მოხდა რუსული იმპერიის „გათიშე და იბატონეს“ პრინციპით.

ამის შემდეგ, გავიხსენოთ ის მჭიდრო ისტორიული ურთიერთობანი, რომლებიც იყო ჩვენს ხალხებს შორის, გადავინაცვლოთ ორი საუკუნით წინ და ჩავიხედოთ ერეკლე მეორის დროინდელ ისტორიის მატიანეებში:

ხშირად, როდესაც ერეკლე მეორის მეფობას ეხებიან, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციიდან აფასებენ ხოლმე მის პიროვნებას. ერთის მხრივ, პატივს მიაგებენ უებრო ვაჟკაცობისა და სარდლობის ნიჭისათვის, და, ამავე დროს, აღნიშნავენ მის პოლიტიკურ არაშორსმჭვრეტელობას და დიპლომატიური უნარის ნაკლებობას. თუ სამეფოსათვის რეალური პოლიტიკური შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, შესაძლოა, მსგავსი შეფასება მართლაც არ იდგეს შორს ჭეშმარიტებისაგან. მაგრამ, მეფის მიერ ნებით თუ უნებლიედ ჩადენილი შეცდომის გარდა, ერთმანეთს სდევდა კიდევ რიგი ფატალური მოვლენებისა, რომლებმაც თავიანთი დამღუპველი როლი შეასრულეს საქართველოს ისტორიაში. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ: უღირსეულესი და სამეფოდ განმზადებული ვაჟის – ლევანის სიკვდილი, ანტონ კათალიკოსის საბედისწერო მოქმედებანი თუ ქართლელი ბატონიშვილის დასჯით გამოწვეული შიდა განხეთქილებები!

ამ საბედისწერო მოვლენებიდან ერთი უმთავრესთაგანი გახლდათ იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხიდის უნებური ჩატყდომა, რომლის გადებასაც აპირებდა მეფე ჩრდილოეთ კავკასიის ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ და გავლენიან ხალხთან, რაც წინაპირობა უნდა გამხდარიყო მთელი კავკასიის ხალხთა გაერთიანებისა და დაახლოებისა. ამ ხიდის გადებას კი ერეკლე ცდილობდა იმით, რომ 1790 წელს მან თავისი ვაჟის, ალექსანდრეს საცოლედ ქალის ხელი უთხოვია ყაბარდოს მთავრისათვის.

მთავარი სიხარულით დათანხმებულა და მართლაც, ჩამოუყვანიათ მშვენიერი, საუცხოო თვალტანადობის ქალი. ერეკლეს იგი თავისი რძლის, სალომე ამილახვრის ასულისთვის მიუბარებია, რათა ბატონიშვილის საცოლეს საღმრთო წიგნები და სამეფო სახლის ეტიკეტი შეესწავლა. ქალიშვილი ქრისტიანული წესით მოუნათლავთ და ნათლობის სახელად ყაბარდოს მთავრის ასულისათვის უწოდებიათ ნინო. მაგრამ არ დასცალდათ ახალგაზრდებს ქორწილი. როგორც გადმოცემით არის ცნობილი, ნინო ჭლექით გარდაცვლილა. მისი ძიძა და მსახურნი უსაზღვროდ გლოვობდნენ თურმე – ტანზე მათრახს იცემდნენ და სისხლს იდენდნენ.

ასეთივე უსაზღვრო მწუხარებას დაუსადგურებია საქართველოს მთელ სამეფო კარზეც – გაწყდა კავკასიის გამაერთიანებელი კიდევ ერთი ძაფი, რომელსაც კავკასიის თავისუფლებისათვის დაუღალავად მებრძოლი უფლისწულის ხელში მტკიცე მარყუჟის შეკვრა შეეძლო. ყაბარდოს მთავრის ასული, სავარაუდოდ, საქართველოს მომავალი დედოფალი ნინო, რა თქმა უნდა, გახდებოდა ის გამაერთიანებელი საწყისი, რომელიც ხელს შეუწყობდა ყველა კავკასიელი ხალხის დარაზმვას იმ ვეებერთელა გოლიათის წინააღმდეგ, რომელსაც ასეთი მხარდაჭერით ძალმოცემული „მეფის ძე დავითიანი“ იქნებ ძირსაც კი დასცემდა!

გარდა იმისა, რომ მთავრის ასულის სიკვდილთან ერთად სამარეს მიებარა კავკასიის ერთიანობის კიდევ ერთი მცდელობა და განაზრახები, სამეფო სახლის მწუხარებასა და განცდებს აორკეცებდა თვით ქალიშვილის პიროვნული თვისებები – კეთილშობილება და სათნოება – და ეს აუნაზღაურებელი დანაკლისი ყველაში იწვევდა გულწრფელ სინანულს.

ერეკლე მეფის ასულს, მარიამს, რომელიც განსაკუთრებულად მგრძნობიარე გულით გამოირჩეოდა, რუსთაველისეული დაბალი და მაღალი შაირებით ვრცელი ლექსი მიუძღვნია უდროოდ გარდაცვლილი სადედოფლოს ხსოვნისათვის, სადაც მწუხარებით დასტირის თავის სარძლოს; იქვე ცალკე ლექსით, მთავრის ასულის სახელით მიმართავს თავის ვერშეძენილ საქმროს.

ქვემოთ გთავაზობთ ამ ლექსებს, რომლებიც ბარბარე ქობულაშვილისეულ ლექსთა კრებულშია შეტანილი და ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება. მარიამ ბატონიშვილის ლექსს აქვს სათაური: „მეფის ირაკლის ძის ალექსანდრეს დანიშნულის ნინოს სიკვდილზედ თქმული მარიამ ბატონიშვილისაგან“ და იქვე, ქვესათაური: „ყაბარდოთ ჩერქეზთ მეფის ქალის ქება, რომელიცა მოუწოდა მეფემ ქართველთა ირაკლიმ იგი რძლად და გარდაეცვალა“:

„ყაბარდოთ იყო ერთი მზე,

ბრწყინვალე მანათობელად,

მისივე ხანის ასული,

ვინ არს ჩერქესთა მფლობელად.

რძლად მოუწოდა მეფემან,

პალატსა შესამკობელად,

იესოს ქრისტეს სძლად ექმნა

იებად დაუჭნობელად.

იქმნა ქალწულთა მოდასათ,

სიწმინდით საბელიანად,

იგი სოფლისა მნათობი,

ვარდი ყვავოდა იანად.

დასთმო აქ ყოვლის დიდება,

ედემის ტახტს ზის სვიანად,

ან რა ქნას მისმა მშობელმან,

ნახვა მიხვდების გვიანად...

წარმოვთქვა მისი შვენება,

მიუხვდეს ჩემი გონება,

ხელმკლავთა ნაზად გაზიდვა,

შავ თვალწამწამთა ქონება.

უშინჯოს პირის მხატვრობა –

ჩინელთაც მოეწონება.

რისთვის გაგზარდა სიცოცხლევ,

მკერდსა ვინ დაეკონება.

ეთხოვებოდა სოფელსა

ქვეყნად მნათობი მზეოდა:

სთქვა დაუტეო სოფელი,

სად ვიყოფოდი მეოდა

ვეღარ მიხილვნენ მშობელნი,

ჟამი მაქვს მცირე დღეო და

სად არის ჩვენი დიდება,

ლომგულო მეფის ძეო და.

დაელულნეს მელნის ტბანი,

ინდოელნი სვიდენ ჯარად,

ლალთა კარნი დაერაზნეს,

ელვა კრთების აღარ ჩქარად.

ბროლის თითნი დაეკრიფნეს

ქაღალდზედან დასაფარად,

ენა ტკბილად მოუბარი,

აღარა ხმობდა ნარნარად.

მეფე მობრძანდა კრებულით,

ახლდნენ მნმათობნი ასული.

მისი სანდომი შვენება,

ვით დავთმო სოფლით გასული

ჰოი, საბრალნო მშობელნო,

იგი ვის იყო ასული,

ვერღარა გნახოს მამამა,

ყაბართოს შიგან მისული.

თვით დედოფალიც ნარნარად,

სალმობით ხმობდა ამასა,

მელნის ტბაშიგან ნადები,

ვარდი დაელტო ნამასა.

ბრძანა: უშენოთ მნათობნი

ვეღარ მისცემენ დრამასა,

შენის მეტ არა ყავსღა რა

შენგან ბნელ ქმნილსა მამასა.

დაეფლა მიწას მნათობი

ყაბართოს მთავრის ასული,

ბაგე ლალისა მბაძავი,

ნაზი ნარნარად მკობილი.

იაგუნდისა ბაგესა

შიგ მარგალიტი წყობილი

ედემის სიტყვად ვეღარ ხმობს

იქმნა სოფლისგან ჭნობილი.

საქმროსთან

სატრფოთ მქონდა თქვენი ხლება

ხელმწიფის შვილო სვიანო

მსურდა თქვენი სიახლოვე,

ტანად ალვისა ხიანო.

ტანახოვანო ჭაბუკო,

მებრძოლთა თქვენდა ზიანო

ნუ დამივიწყებ შენთვის მკვდარს,

მეფის ძევ დავითიანო.

კომენტარი