სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქი: „ხანდახან ლაპარაკობენ, რომ ამ ხატის შექმნაში ბევრი ოქრო წავიდა...“ (ვიდეო)

2012 წლის პირველ იანვარს საქართველოს ეკლესია საღვთო ლიტურგიით შეხვდა. სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ აღავლინა, წირვის შემდეგ იკი იქადაგა.

„ახლითა და ძველით გილოცავთ ახალ წელს. ღმერთმა ინებოს, რომ მოგვცეს მშვიდობა, რომ ყველა გაჭირვებულ ადამიანს რაღაც შემწეობა გამოუჩინოს უფალმა და ყველა შეცდომილი ჭეშმარიტ გზაზე დააყენოს, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს და მშვიდობამ დაისადგუროს“, - მიმართა მრევლს პატრიარქმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პირველი ქადაგების დროს ახალ ხატზე „საქართველოს იმედზე“ ისაუბრა, რომელიც უკვე სამების ტაძარშია დაბრძანებული:

„ასეთი ხატი მე მსოფლიოში არ მინახავს. ღვთის ლოცვა-კურთხევით, მას მიეცემა ის განსაკუთრებული ძალა - კურნებისა, დახმარებისა და იმედისა. მას ექნება დიდი მნიშვნელობა. ხატი, როცა ლოცვაშია, მაშინ იჩენს სასწაულებრივ თვისებებს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ხატის წინაშე ყოველდღე, დღის ორ საათზე იქნება პარაკლისი - არცერთი დღე არ უნდა გაცდეს.

ხანდახან ლაპარაკობენ, რომ ბევრი ოქრო წავიდაო და ასე შემდეგ... მთავარი ოქრო კი არ არის, მთავარი ის არის, რომ ქართველმა ხალხმა თავისი გული და გონება ჩააქსოვა ამ ხატში და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ამ ხატის შექმნის ღირსი გაგვხადა“, - თქვა პატრიარქმა ქადაგების დროს.

კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგების დროს მოიხსენია ის გაჭირვებულები, რომლებიც საავადმყოფოებსა და ციხეებში იმყოფებიან:

„მე მინდა, ერთი სამწუხარო ამბავი გაცნობოთ: ჩვენთან ბრძანდებოდა მამა ეფრემი, ბერძენი მოძღვარი და, თქვენ ალბათ, ნახეთ ტელევიზიით, რომ მან ჩამოიტანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელის წმინდა ნაწილი და მოსკოვში რამდენიმე მილიონობით ადამიანი მივიდა ამ ნაწილთან მისაახლებლად. და ახლა ცნობილი გახდა, რომ მამა ეფრემი, რომელიც მეტად სულიერი პიროვნება იყო - დააპატიმრეს. მე მინდა ყველას გთხოვოთ, რომ აღავლინოთ ლოცვები მამა ეფრემის გათავისუფლების თხოვნით და იმედი მაქვს, უფალი შეისმენს ჩვენს თხოვნას.

‎ცხოვრება საერთოდ, ძალიან რთულია. ვინ წარმოიდგენდა, რომ საბერძნეთის მთავრობა დააპატიმრებდა მონასტრის წინამძღვარს და ციხეში შეიყვანდა, სადაც ავაზაკები და ქურდები არიან. მაგრამ უფალი მოწყალეა და გაათავისუფლებს მას."

(ბერძენმა სამართალდამცველებმა ათონის მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი ცოტა ხნის წინ ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააკავეს. წინასწარი ვერსიით, მაქინაციები მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწებსა და ტბას უკავშირდება. ანალოგიური ბრალდებით არქიმანდრიტი ეფრემი ერთხელ უკვე იყო დაკავებული და მხოლოდ გირაოს სახით 200 000 ევროს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ეფრემი საბერძნეთში პრორუსული ორიენტაციის სასულიერო პირადაა მიჩნეული. ის ქადაგებებში ხშირად იმეორებს, რომ მსოფლიოში მართლმადიდებლობას მხოლოდ რუსეთი გადაარჩენს. სწორედ ამით იყო გამოწვეული ის, რომ მან ღვთისმშობლის სარტყლის ნაწილი საბერძნეთიდან რუსეთში გაიტანა, სხვა ქვეყნების ეკლესიების ანალოგიურ თხოვნას კი უარი რამდენჯერმე უთხრა. რუსეთის პატრიარქმა საბერძნეთის მთავრობას რამდენჯერმე მიმართა მამა ეფრემის გათავისუფლების თხოვნით, რასაც საბერძნეთის ხელისუფლებისგან ადეკვატური რეაქცია მოჰყვა - მან რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს მითითებების მიცემა მამა ეფრემის დაკავების საკითხთან დაკავშირებით. - ლ.ბ.)

ქადაგების დასასრულს ილია მეორემ მრევლს მშვიდობა და სიკეთე უსურვა და შობასთან დაკავშირებული, პირადად მის მიერ დაწესებული რიტუალი შეახსენა:

„გიყვარდეთ ერთმანეთი. არამარტო ისინი, ვინც სიკეთეს გიკეთებენ, არამედ თქვენი მტრებიც. ეს რთული პროცესია, მაგრამ თუ სიყვარული არ შეგიძლიათ, ილოცეთ მაინც. შეგახსენებთ, რომ შაბათს შობაა. არ დაგავიწყდეთ სანთლის ანთება და ფანჯარასთან დადგმა - თქვენ გახსოვთ, რასაც ნიშნავს ეს: როცა შობის ჟამმა მოაწია, მართალმა იოსებმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ვერ შესძლეს ღამის გასათევი ადგილის პოვნა და ბოლოს შევიდნენ გამოქვაბულში, სადაც პირუტყვთა სადგომი იყო. როცა ჩვენ სანთელს ვანთებთ და თვალსაჩინო ადგილას, ფანჯარასთან ვდგამთ, ამით ჩვენ ჩვენთან ვეპატიჟებით მაცხოვარს, რომ იგი ჩვენს გულებში იშვას“, - თქვა პატრიარქმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100