საყიდლებზე წლის ბოლო დღეს გადიხარ? - წაიკითხე...

წლის ბოლო დღეები საყიდლებზე წასასვლელად ყველაზე მოუხერხებელია ხოლმე, მაგრამ თუკი უფრო ადრე საახალწლო საყიდლებზე გასვლა სამსახურის ან სახვა რაიმე მიზეზით ვერ მოასწარით და ბოლო დღეებისთვის გადადეთ, სასურველი იქნება, ქვემოთმოყვანილი რჩევები გაითვალისწინოთ.

ძირითადად, რჩევები მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა, ზოგიერთი მათგანის გათვალისწინება არც ქალებს აწყენთ.

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ნუ წახვალთ მანქანით. ამით ძალიან ბევრ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან: საცობებს გზებზე, რომლებიც, ძირითადად, ქალი მძღოლების დილეტანტიზმით უფროა გამოწვეული, ვიდრე მანქანების სიმრავლით; შესაძლოა, აჩქარების გამო ღვედის შეკვრა დაგავიწყდეთ ან ვითომ შეიკრათ - მხარზე გადაიგდოთ, რისთვისაც, მინდა გითხრათ, ორმაგი თანხით დაგაჯარიმებენ და საახალწლოდ 80 ლარიან ჯარიმის ქვითარს ჩაგახუტებენ; პარკირების გადაუჭრელ პრობლემას აცდებით, რომელიც, დამიჯერეთ, ძალიან შეგაწუხებთ და შესაძლოა, მანქანის გასაჩერებელი ადგილის ძებნაში შემოგაღამდეთ კიდეც. გაითვალისწინეთ, რომ წლის ბოლოა, როგორც მძღოლები ამბობენ, პატრულს გეგმა აქვს შესასრულებელი და, როგორც ტაქსის მძღოლები ირწმუნებიან, სულაც არ გახლავან წინასაახალწლო განწყობაზე - შარზე არიან და იკბინებიან...

თუ მაინცდამაინც აკვიატებული არ გაქვთ, რომ პროდუქტი და სხვა, საახალხწლოდ საჭირო ნივთები სუპერმარკეტებსა და ჰიპერმერკეტებში შეიძინოთ (იმხელა რიგებია ყველა სალაროსთან, თავბედს იწყევლით და სახლშიც უხასიათოდ მიხვალთ), ყველაფერს აჯობებს, თუ საყიდლებისთვის ისეთ ადგილს შეარჩევთ, სადაც საქონელი შედარებით იაფიცაა და თანაც, მეტროსთან ახლოა, მეტრო კი არათუ იაფია, დღეიდან სამი დღის განმავლობაში უფასოცაა. ასეთი ადგილია, მაგალითად, გლდანი, მეტროს სადგური - ახმეტელის თეატრი. მუხიანის გადასახვევთან, მარცხნივ, მშვენიერი, პატარა და დახურული ბაზარია. შესვლამდე გაითვალისწინეთ, რომ უამრავი ხალხია, გამყიდველებსაც სახლში ეჩქარებათ და ზოგჯერ დაუდევრად, ზოგჯერ უხეშად გიპასუხებენ. არ გაბრაზდეთ - ჩვენ ყველანი ჩვენი ნერვებიდან მოვდივართ...

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ ბაზარში, შესაძლოა, ჯიბის ქურდებიც იყვნენ, ამიტომაც საფულე ან ფული საიმედოდ შეინახეთ. რას იზამ, ახალი წელია, ზოგს ხელფასი აქვს აღებული, ზოგი კი ამ ახალი წლის აღნიშვნას სხვისი ჯიბიდან ამოღებული ფულით აპირებს. იმ ხალხმრავლობაში, რომელიც ამ ბაზარშია, ჯიბიდან საფულის ამოცლა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. და თუმცა ქვეითი პატრული მოძრაობს, მაგრამ ხალხმრავლობაში ზოგი მაინც იხსენებს ძველ ხელობას. მეც გამიკვირდა, მაგრამ ასე კია და, ხომ არ მოგატყუებთ...

ბაზარში შესულებს მყარად უნდა გქონდეთ გადაწყვეტილი, რის ყიდვას აპირებთ. თუ საახალწლოდ შემწვარ გოჭს მოინდომებთ, თქვენს ჯიბეს ეს 80-დან 140 ლარით შეამსუბუქებს. არა, დაკლული გოჭის არჩევანი ფასში კიდევ გაქვთ, მაგრამ თუ მრავალსულიანი ოჯახი გყავთ და შემწვარი გოჭი ყველას უყვარს, 70 და 80 ლარიანი დაკლული გოჭის ყიდვას არ გირჩევთ.

თუ გოჭს ვერ ყიდულობთ, ძალიან ნუ დაღონდებით - ოდნავ მოფარებულ ადგილებში დაკლული ღორის ნებისმიერ ნაწილს თქვენი მითითებული რაოდენობით ჩამოგიჭრიან. არჩევანი აქაც გაქვთ: თუ გაყინულ ხორცს იყიდით, 7,5 ლარი უნდა გადაიხადოთ, გაუყინავი, ახალდაკლული ღორის „შეიკა“ ან ბარკლის მსუყე ნაწილი 8 ლარი დაგიჯდებათ. როგორც ამბობენ, საშობაოდ ღორის ხორცი გაძვირდება, ამიტომ სჯობს, კაი მოზრდილი ნაჭერი იყიდოთ და თქვენს მაცივარში მიუჩინოთ ადგილი.

ბაზარში ინდაურების ფართო არჩევანიცაა. თიანეთის მოსუქებული, ცხიმიანი ინდაურის ყიდვას 50-60 ლარად შეძლებთ. ქათმები, რასაკვირველია, უფრო იაფია.

თუ მეგრული იცით, ყველის გამყიდველ ქალებთან გადაინაცვლეთ და გამოელაპარაკეთ - საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ეს დადებითად მოქმედებს მათზე და შესაძლოა, ფასი დაგიკლონ კიდეც. სახაჭაპურე ყველი 8-9 ლარი ღირს, ნამდვილი, რძიანი სულგუნი - 16. თუ ამხელა თანხის გადახდა გენანებათ, სულგუნი 12 ლარადაც შეგიძლიათ შეიძინოთ, ოღონდ, ამაზე დაბალ ფასს ძებნას ნუ დაუწყებთ. იქვე იყიდება შებოლილი სულგუნიც, იმავე ფასად - 15 ლარი. სულგუნის ეს სახესხვაობა ძალიან უხდება ღომს, მაგრამ კარგად შეარჩიეთ: რაც უფრო მუქია და მაგარი, მით უფრო ნაღდია, დანარჩენები შებოლვის იმიტაცია, ანუ, მოდელირებული სულგუნია...

ხილი საკმაოდ გაძვირდა და ამას უნდა შეეგუოთ. „გოლდენის“ სახეობის ვაშლი 6 ლარამდე ღირს, ამავე ფასად იყიდება „სტარტი“ და „ბროცკიც“. კაი მეგრული, მაგალითად, ხეთის ტკბილი მანდარინი 3-დან 4 ლარამდე ღირს. ძვირია? კი ბატონო, ერთლარიანი მანდარინებიც არის, არჩევანი თქვენზეა. ჩურჩხელა 2-3 ლარია, ერთი ცალი კარგი ბანანი კი ლარი ან ცოტა მეტიც კი დაგიჯდებათ...

ბაზრიდან გამოსვლისას ჭრელა-ჭრულა კამფეტებთან, ალბათ, შეჩერდებით. ფასები აქ 8 ლარიდან იწყება. საუკეთესო: არგენტინული და პოლონური შოკოლადის კამფეტი 16-18 ლარი ღირს, იტალიური, მაგალითად, „სორინის“ ფირმის შოკოლადის კამფეტების ფასი 25 ლარია. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ მარმელადი, „ყარაყუმი“, „ირისი“, „დათუნია“ და, რა თქმა უნდა, ქართული წარმოების, ძირითადად, „ბარამბო“ - გააჩნია, რა გინდათ და რამდენი. შეგიძლიათ მეუღლესთან ან ოჯახის სხვა წევრთან კონსულტაციაც გაიაროთ მობილური ტელეფონით, ოღონდ სადმე, გვერდზე გადექით - ისე რომ არც გასაყიდ საქონელს ჩამოეფაროთ და არც გამვლელებს შეუშალოთ ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მუჯლუგუნებს და „ვა, მონახა ამანაც ადგილი, ტო!“-ს მიიღებთ...

როცა დატვირთული და ჯიბეშეთხელებული გამოხვალთ ბაზრიდან, ღრმად ამოისუნთქეთ, თითები გაავარჯიშეთ და კარგად ჩასჭიდეთ პოლიეთილენის პარკს, სადაც საახალწლო სანოვაგე გაქვთ ჩალაგებული. პირდაპირ გვირაბია, მარცხნივ კი მეტროს სადგური:

აკი გეუბნებოდით: ახალი წლის ბოლო დღეებში მეტრო ყველაზე საიმედო და სწრაფი ტრანსპორტია...

კომენტარი