მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრი დაარსდა

მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი გაიხსნა. ცენტრი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან თანამშრომლობით აშენდა.
ცენტრში დროებით უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები იცხოვრებენ, რომლებიც საქართველოში არალეგალურად მოხვდნენ და თავშესაფარს ითხოვენ.
გასულ წელს, თავშესაფრის მოთხოვნით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 43-მა პირმა მიმართა. როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა ცენტრის გახსნაზე აღნიშნა, ცენტრი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან დასაახოებლად: „არალეგალები ჩვენს საზოგადოებაში არსებობდნენ და არსებობენ.
ცენტრი საუკეთესო საშუალებაა, რომ არალეგალთა გადაადგილებაზე მონიტორინგი ვაწარმოოთ, მათი უფლებები დავიცვათ და თავიანთ ქვეყანაში ცივილური მეთოდით დავაბრუნოთ. მათი საქმის განხილვამდე ისინი ნორმალურ პირობებში უნდა ცხოვრობდნენ, რომ არ მოხდეს მათი დაჩაგვრა, მათი კრიმინალურ ცხოვრებაში გარევა და ჩვენი საზოგადოების დაზარალება. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან დასაახოებლად.“
ღონისძიებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პერ ეკლუნდიც დაესწრო. მისი შეფასებით: „ეს არის პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა სისტემის მშენებლობაში. ცენტრი აშენებულია ევროპული სტანდარტების შესაბამისად და თავშესაფრის მაძიებლებს ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს. არალეგალები ცენტრში მანამ იცხოვრებენ, სანამ მათი საქმეები შესაბამის სტრუქტურებში იხილება. მათ შეუძლიათ ისარგებლონ ბიბლიოთეკით, სავარჯიშო ოთახით, ბავშვების გასართობი ოთახით და სხვა პირობებით.“
პროექტი ევროკავშირმა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა დააფინანსა. ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსის მაძიებელთა დროებითი ჩასახლების ცენტრის არსებობას „ლტოლვილტა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს.


კომენტარი