„ერთი შვილი ჰყავს, 4 თვის...გრძნობაზე ყოფილა, უყვირია დამეხმარეთო“ – ვინ არის ქედაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი

დღეს ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ქალი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარას ინგლისური ენის მასწავლებელი 36 წლის მაია დევაძეა. ის ამავე სოფლის მკვიდრია.

გავრცელებული ინფორმაციით, ის სკოლაში მიდიოდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რა გახდა ავარიის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ავტომობილის წინ შველი გადახტა, მძღოლმა მისთვის აცილება სცადა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

როგორც მაია დევაძის ერთ-ერთი ყოფილი მოსწავლე „პრაიმტაიმთან” საუბრისას ყვება, გარდაცვლილს ერთი მცირეწლოვანი შვილი ყავდა.

„ჩვენს სოფელში დაიბადა და გაიზარდა, დაბა ქედაში იყო გათხოვილი. ერთი შვილი ჰყავს, გოგო, ზუსტად ვერ გეტყვით, 4-5 თვის ალბათ. ჩვენს სკოლაში ასწავლიდა წლებია. ჩემი მასწავლებელიც იყო, მეექვსე კლასიდან მასწავლიდა. საოცარი ადამიანი და საოცარი პედაგოგი იყო. ყველას უყვარდა. შეუძლებელი იყო არ გყვარებოდა, ისეთი ადამიანი იყო. ვერ ვიჯერებ, რომ ეს უბედურება დატრიალდა ჩვენს სოფელში და მაია მასწავლებელზე წარსულში უნდა ვისაუბროთ. რა მოხდა არ ვიცი, როგორც სოფელში ამბობენ, მანქანა რომ გადავარდა, გრძნობაზე ყოფილა, უყვირია დამეხმარეთო, რომ მისულან, ხელი არ მახლოთ, ყველაფერი მტკივაო უთქვამს. საავადმყოფოში, როგორც ვიცი, მაიას უთქვამს, შველი შემხვდა და მას ავაცილეო… “- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს მოხდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც მაია დევაძე მართავდა, დაახლოებით 150 მეტრი სიმაღლიდან მდინარეში გადავარდა. შემთხვევის დროს ავტომობილში სხვა მგზავრი არ იმყოფებოდა.

დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით თავდაპირველსდ ქედაში „ევექსის” კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა უმოკლეს დროში პაციენტის რეფერირება ბათუმში რეფერალურ საავადმყოფოში განხორციელდა.

გარდაცვლილი პროზექტურაში არის გადასვენებული.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.


კომენტარი