სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ლელო საქართველოსთვის“ - სტრატეგია და პრინციპები უცვლელია - ბადრი ჯაფარიძე

“ლელო საქართველოსთვის“ - სტრატეგია და პრინციპები უცვლელია - ბადრი ჯაფარიძე

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ამ პროცესში ოპოზიციური პარტიების როლზე ისაუბრა. მისი თქმით, “ლელო საქართველოსთვის“ - სტრატეგია და პრინციპები უცვლელია და „ქართული ოცნების“ დამარცხების მიზნით, ოპოზიციურ კოლეგებთან კოორდინაცია ძალაში რჩება.

„ლელო საქართველოსთვის“ რამდენიმე დღეში დაასრულებს მაჟორიტარ კანდიდატთა შერჩევის პროცესს. პარტიის მაჟორიტართა წარდგენის ოფიციალური ღონისძიება უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გაიმართება.

როგორც „ლელოს“ გენერალური მდივანი და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, „ლელო“ არის ახალი თანამედროვე ტიპის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც გასული წლის დეკემბერში დაფუძნდა. ამ მოკლე პერიოდში, ფაქტობრივად პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს: ახალი ტიპის, პოლიტიკური პარტიის მშენებლობა, მზადება არჩევნებისთვის და ძლიერი კომპეტენტური მაჟორიტარების შერჩევა.


„ჩვენ მთელს საქართველოში გვეყოლება მაჟორიტარი კანდიდატები, თუმცა, „ქართული ოცნების“ სრული დამარცხების მიზნით, ყველა იმ ოპოზიციურ პარტიასთან, რომელიც დასავლურ ღირებულებებს იზიარებს, აუცილებლად გვექნება კოორდინაცია და თანამშრომლობა. ამ ტიპის პროცესს მოძველებულ აზროვნებაში „დათმობას“ ეძახიან, რაც სრულიად არაადეკვატური შეფასებაა. დროა, ქართულ პოლიტიკაში ვიხმაროთ და დავამკვიდროთ სწორი ტერმინები, გავაკეთოთ სწორი შეფასებები და, რაც მთავარია, ვიმოქმედოთ ტაქტიკური სვლებით, რომ დავამარცხოთ ქართული ოცნება და ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მოვიპოვოთ გამარჯვება. მე, როგორც საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ პატივს ვცემ ყველა წარმოდგენილ პიროვნებას ამ ოლქში, თუმცა ჩვენი კონკურენტი, პირველ რიგში, არის "ქართული ოცნება" - სიღატაკე, გაჭირვება და ჭაობი, რომელშიც ქვეყანა "ქართულმა ოცნებამ" შეიყვანა. ამ კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, იმისთვის, რომ ახალი დღის წესრიგის შესაძლებლობა გაჩნდეს საბურთალოსთვის და დანარჩენი საქართველოსთვის, ვფიქრობ, ჩემს გუნდთან ერთად უპირატესობა ნამდვილად მაქვს.
საბურთალოს საარჩევნო ოლქში ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან კარგი მაგალითი იმისთვის, რომ კანდიდატები ერთმანეთს შევეჯიბროთ ხედვებით და გამოცდილებით. ჩემი სურვილია ის პრეცედენტები და ჯანსაღი პროცესები, რომელიც მინდა შევქმნა ქვეყნისთვის, საბურთალო იყოს ამ ერთიანი ცვლილებების ავანგარდში,”-აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100