სახელმწიფო ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას გელათის ფრესკების დაზიანების გამო

“სახელმწიფო ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას გელათის ფრესკების დაზიანების გამო - სასწრაფოდ მიიღეთ ყველა ზომა გელათის გადასარჩენად! – „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ანა ნაცვლიშვილი სახელმწიფოს მოუწოდებს, დროულად მოაგვაროს კულტურის ძეგლის პრობლემა.

„ლელო საქართველოსთვის“ უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რამაც უნიკალური ფრესკები განადგურების პირას მიიყვანა. საქმე ეხება ტაძრის სახურავის აღდგენის სამუშაოებს, რის გამოც ტაძარში წყალი ჩადის და ფრესკებს აზიანებს.

“ლელოს“ ლიდერის თქმით, სახელმწიფომ მთელი პროცესი მიანდო შემსრულებელს, ისე, რომ არ განახორციელა შესაბამისი მონიტორინგი და ზედამხედველობა, როგორ და რა ხარისხით ხორციელდებოდა სამუშაოები და რა შედეგები დადგა.

“გუშინ ვიყავი მონასტერში და საკუთარი თვალით ვნახე ეს უმძიმესი რეალობა - ეს არის სახელმწიფოს, კონკრეტულად კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, კულტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მხრიდან გამოჩენილი უპატიებელი გულგრილობის პირდაპირი შედეგი!

დაზიანებები გამოვლინდა ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში, ამის მიუხედავად, ივლისში შედგენილ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ სამუშაოები წარმატებით განხორციელდა.

უწყებებს დაუსრულებლად შეუძლიათ, ერთმანეთს აბრალონ დამდგარი მძიმე შედეგი, მტყუან-მართლის გარკვევაში კი იკარგება ჩვენი სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის უნიკალური საგანძური - გელათის ფრესკები,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ მედიაში ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკვე დაწყებულია საკითხის შესწავლა. მოვითხოვთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და სამინისტროს მხრიდან პასუხისმგებლობის აღებას მომხდარზე. სახელმწიფო ცდილობს, სრულად აირიდოს პასუხისმგებლობა და აქცენტი იმაზე გადაიტანოს, რომ კონტრაქტორი მიყენებულ ზიანს საკუთარი ხარჯებით აანაზღაურებს.

„ლელო საქართველოსთვის“ მოითხოვს, საქმეში ჩაერთონ საუკეთესო ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები, რათა გადავარჩინოთ გელათი. ეს პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს და არა დახურულ კარს მიღმა. ხოლო შემდეგ ეტაპზე აუცილებელია, დადგინდეს, ვისი პასუხისმგებლობაა მომხდარი და ასევე გამოსწორდეს სისტემური პრობლემები, რაც ამ საქმემ აჩვენა.

კომენტარი