დღეს ხაშურში “ლელო საქართველოსთვის” რაიონული ორგანიზაცია დააფუძნდა, სადაც პარტიის ლიდერები და წევრები მოსახლეობას შეხვდნენ და ოფისის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე წარუდგინეს.

შეხვედრაზე ადგილობრივებს სიტყვით მიმართა “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და მათ პოზიტიური დახვედრისათვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ხაშურელებს აქვთ უდიდესი იმედი იმისა, რომ “ლელოსთან” ერთად დაიწყება ცვლილებები ამ ქვეყანაში.

ხაზარაძემ რაიონული შექმნის პრობლემებზე ისაუბრა და მისი გადაჭრის გზებზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა.

“მე თქვენ გიცნობთ 90-იანი წლების ბნელი პერიოდიდან, როდესაც ჩვენ თქვენთან ერთად ავამუშავეთ საწარმო. სამწუხაროდ, იმ არასწორი პოლიტიკის და არასწორი ეკონომიკური დაგეგმვის გამო ეს საწარმო გაჩერებულია. მე დღეს ჩამოვედი აქ, რომ თქვენთან და ამ რეგიონის ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს გამარჯვებისთვის დავდოთ სერიოზული ლელო! ეს გამარჯვება იქნება თითოეული ქართველის გამარჯვება. მე ვიცი, როგორ იციან ხაშურელებმა

შრომა და გვერდით დგომა და მჯერა თქვენი,”-განაცხადა ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

პარტიის ლიდერმა ემიგრაციასა და იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც არა მარტო ხაშურში, არამედ მთელ ქვეყანაშია შექმნილი, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო.

“არ მინდა ამ ახალგაზრდებს, რომლებიც აქ დგანან, ოჯახის ემიგრაციაში წასულ წევრებთან დისტანციურად ჰქონდეთ კომუნიკაცია. მე არ მინდა, საქართველოდან ხალხი სხვა ქვეყნებში მიდიოდეს გაჭირვებიდან თავის დასაღწევად. რადგან ჩვენ გვაქვს უნარი, ამ ქვეყანაში გვქონდეს წარმატებული ეკონომიკა. ერთხელ და სამუდამოდ დავიწყოთ იმ სახელმწიფოს შენება, სადაც თითოეულ ადამინს ექნება დაცულობის, სამართლიანობისა და სტაბილურობის განცდა. ჩვენ ოქტომბერში შემოვტრიალდებით ჩვენი ქვეყნისკენ, უარს ვეტყვით ტყუილს, უარს ვეტყვით მიტაცებულ სამშობლოს გამოსავალი კი ერთად დგომა და გამარჯვებისთვის ბოლომდე დახარჯვაა”-განაცხადა ხაზარაძემ.

“ლელოს” ლიდერმა გამოსვლის დასასრულს ხაშურელებს თხოვნით მიმართა, რომ მათ შეძლონ ძალების მოკრება იმისთვის, რომ ქვეყნის ყველა შესაძლებლობა რეალობად გადაიქცეს, რაც ჩვენი მომავალი თაობის ღირსეულ სამშობლოში ცხოვრობის საწყისია.

კომენტარი