სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთში ნანგრევებიდან ამოყვანილი ჩვილის დედამ კოშმარული წუთები გაიხსენა

დამანგრეველი მიწისძვრიდან თითქმის ორი დღე-ღამის შემდეგ თურქმა მაშველებმა ნანგრევებიდან ორი კვირის ჩვილი ამოიყვანეს. ადრე ამ სტატიაში „დრონი.ჯი“ წერდა იაპონიაში მომხდარი ცუნამისა და მიწისძვრის დროს დაღუპული დედის შესახებ, რომელმაც რყევების დაწყებისთანავე რამდენიმე კვირის ჩვილი მჭიდროდ გაახვია და როცა მიხვდა, რომ ნგრევას გარეთ ვერ გაასწრებდა, შეფუთულ ჩვილს საკუთარი სხეულით გადაეფარა, მანამდე კი მობილური ტელეფონის ეკრანზე აკრიფა ტექსტი: „თუ შენ გადარჩი, იცოდე, რომ ძალიან მიყვარდი“. იაპონიაში დედა დაიღუპა, შვილი კი მაშველებმა მიწისძვრიდან მეორე დღეს ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს.

საბედნიეროდ, თურქეთში სხვაგვარად მოხდა: გადაარჩინეს ჩვილის დედაც - 24 წლის სემრა ყარადუმანი. ვანის პროვინციაში, ერთ-ერთი სახლის ნანგრევებში დედა-შვილმა თითქმის 48 საათს დაჰყო. ეს დიდი საშიშროება იყო ჩვილისთვის, რადგან არსებობდა ორგანიზმის გადაციების საშიშროება. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საკმაოდ აცივდა და ღამღამობით ყინავს კიდეც.

24 წლის დედის თქმით, მას ნგრევის დაწყებისთანავე თავში რაღაც დაეცა და გონება დაკარგა: „ჩემი პატარა ხელში მეჭირა, როცა მოულოდნელად მიწისძვრა დაიწყო. კარგად არ მახსოვს, რა მოვიმოქმედე მანამ, სანამ გონებას დავკარგავდი. ეს მხოლოდ შემდეგ ვივარაუდე, რადგან როცა თვალი გავახილე, ჩემს ირგვლივ ნანგრევები ეყარა. კიდევ კარგი, ისე არ ვიყავი ჩახერგილი, რომ ვერ გავნძრეულიყავი. მაშინვე პატარა მოვიძიე. ირგვლივ სიბნელე იყო, მაგრამ თავლი მალე შევაჩვიე, პატარაც მალე მოვძებნე, რადგან სახელს ვუზახდი და ჩემი ხმის გაგონებაზე ატირდა.

ვიპოვე, მაგრამ ვერ ვწვდებოდი. არ ვიცოდი, რა დრო გავიდა, არ ვიცოდი, დღე იყო თუ ღამე, მაგრამ როცა აცივდა, მივხვდი, რომ ღამდებოდა. იმასაც მივხვდი, რომ ბავშვი გაიყინებოდა, თუ როგორმე ჩემთან არ გადმოვიყვანდი. ახლა ადვილი სათქმელია, მაგრამ მაშინ ძალიან დაუძლურებული ვიყავი, ნანგრევებიც ფრთხილად უნდა გადამეადგილებინა, რომ შიგ ან ბავშვი, ან მე არ მოვყოლილიყავით. ხმამაღლა ვტიროდი, ვყვიროდი, ყოველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მიწას ვფხაჭნიდი, ქვებს ვურტყამდი ხელს...

ბოლოს მაინც მოვახერხე, როგორღაც მივწვდი, ნანგრევებს შორისაც გავატიე და გადმოვიწვინე. მაშინვე შემოვახვიე ჩემი ტანსაცმლის ნახევები, ვაჭამე კიდეც. ასე გადავრჩით, მერე კი მაშველებმა გადაგვარჩინეს“, - დაწვრილებით გაიხსენა მომხდარი 24 წლის დედამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100