სასულიერო პირის იუმორი: რატომ ვერ გამეფდება საქართველოში ანტიქრისტე

„დრონი.ჯი“ თავს შეიკავებს იმ სასულიერო პირის დასახელებისგან, რომელსაც ქვემოთმოყვანილი ისტორია უკავშირდება, მაგრამ გეტყვით, რომ ის დეკანოზია, მოქმედი სასულიერო პირი, რომელიც სანკტ-პეტერბურგიდან დაახლოებით ორი წლის წინ ჩამოვიდა და ამჟამად თბილისში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის წინამძღვარია. ისტორია კი მაშინ ვითარდება, როცა დაახლოებით 5 წლის წინ რუსეთში მყოფი სასულიერო პირი საქართველოში ცოტა ხნით ჩამოვიდა.

იქედან გამომდინარე, რომ უკვე წლები იყო გასული, რაც საქართველოში არ იმყოფებოდა, ერთ-ერთი ეპარქიის საკათედრო ტაძრის ხელმძღვანელმა (ჩვენი ისტორიის გმირი მისი ძმაა) და მრევლმა, რომლებიც მამა მ.-ს დახვდნენ, გადაწყვიტეს, მისთვის მეგზურობა გაეწიათ და სხვადასხვა ეპარქიაში ამოგზაურეს. მამა მ., ძირითადად, დუმდა, მაგრამ ირგვლივ ყველაფერს ათვალიერებდა და აკვირდებოდა.

რამდენიმე დღე სწრაფად გავიდა და მამა მ. სანკტ-პეტერბურგში დასაბრუნებლად მოემზადა. თბილისის აეროპორტიდან იგი ძმამ, სხვა სასულიეო პირებმა და მრევლის წევრებმა გააცილეს.

აქამდე მამა მ.-ს არაფერი ჰქონდა ნათქვამი შთაბეჭდილებებზე და მრევლი მისგან პასუხს ელოდა. დამშვიდობების წინ, მუდამ სერიოზულმა მამა მ.-მ, ისევ სერიოზული სახით, განაცხადა: „კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოში ანტიქრისტე ვერ გამეფდება!“

ყველა გაშრა. ის, რასაც ამბობდა მამა მ., ეწინააღმდეგებოდა არამარტო ზეპირ ქადაგებებს, არამედ საღვთო წიგნსაც - იქ წერია, რომ ანტიქრისტე მთელ მსოფლიოში გამეფდება. მამა მ.-ს კითხვის ნიშნით მიაჩერდნენ, მან კი ეს აზრი არა გავეცელებული მოსაზრებით ("საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და იმიტომ"), არამედ ასე ახსნა:

„იმიტომ რომ საქართველოში თითქმის ყველგან, ქუჩაში - ჯვრებია: ანტიქრისტე, უბრალოდ, „პასადკას“ ვერ გააკეთებს...“ - თქვა სასულიერო პირმა...

კომენტარი