სარაგოსაში კორიდა საზარელი ტრაგედიით დასრულდა (ვიდეო)

რედაქციის გაფრთხილება: ვიდეოს ნახვა არ არის მიზანშეწონილი ბავშვებისა და სუსტი ნერვული სისტემის მქონე პირებისთვის!

ესპანეთის ქალაქ ხერესში მცხოვრები 38 წლის მატადორი ხუან ხოსე პადილა დღემდე ესპანელებს შორის ერთ–ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა, სარაგოსაში ჩატარებული ფიესტა კი, რომელიც, ტრადიციისამებრ, კორიდით სრულდება ხოლმე, მისთვის ტრაგიკულად დასრულდა. სხვათა შორის, როგორც მატადორთა უმრავლესობისთვის, მისთვის ეს პირველი ინციდენტი არ არის. ჯერ კიდევ 2001 წელს მან ორი სერიოზული ტრამვა მიიღო.

ამჯერად კი ყველაფერი შემზარავად დასრულდა: ხარმა, მეტსახელად მარკიზამ მატადორს სახეში ისეთი ძალით ურქინა, რომ რქა ლოყიდან მარცხენა თვალის გუგასთან გამოვიდა და პადილას თვალიც დააკარგვინა. „მიშველეთ! მე ვერ ვხედავ!“– იყვირა მატადორმა. მისი სახის მარცხენა მხარე პარალიზებული იყო... ხარმა ეს საშინელი დარტყმა მატადორს მას შემდეგ მოაყენა, რაც მას ფეხი აუსხლტა და არენაზე წაიქცა.

მატადორი სასწრაფოდ გადაიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც ექიმები მისთვის თვალის შენარჩუნებას ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ესპანეთში კორიდა ოფიციალურად აღიარეს ხელოვნების დარგად და კულტურული მემკვიდრეობის სახედ. ამასთან, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით, ესპანეთში მოქმედ ავტონომიურ ერთეულებს თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, აკრძალავენ თუ არა კორიდას თავიანთ ტერიტორიაზე. ეს აკრძალვა ჯერჯერობით მხოლოდ კატალონიამ გამოიყენა. იქ უკანასკნელი ხარებთან ბრძოლა 2011 წლის სექტემბრის მიწურულს ჩატარდა.

რედაქციის გაფრთხილება: ვიდეოს ნახვა არ არის მიზანშეწონილი ბავშვებისა და სუსტი ნერვული სისტემის მქონე პირებისთვის!

კომენტარი