სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ოთომ იცოდა, რომ მე მისგან ვიყავი ორსულად, ეს სასამართლოზე დავმალე. ციხეში მომეშალა მუცელი. ეს ბავშვი არავის უდარდია, იმიტომ, რომ არ დარბოდა" - მაგდა პაპიძის ინტერვიუ ციხიდან

2015 წელს ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე მკვლელობის დღეს და სასამართლო პროცესებს იხსენებს, ასევე საუბრობს ციხეში ცხოვრებაზე. მასთან ინტერვიუ "იმედის კვირამ" ჩაწერა.

მაგდა პაპიძის თქმით, პირველი რასაც გაიხსენებს, ეს არის დედაზე დარდი. "დედა მედგა თვალწინ, მახსოვს, რომ დედაჩემის იქით ვერ ვაზროვნებდი, ფიზიკურად დასუსტებული ვიყავი, მორალურადაც", - ამბობს პაპიძე ინტერვიუში.

მისი თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოიარა საკუთარი თავის მოფერება და სიყვარული ისწავლა: "მე მქონდა დღე, როდესაც სარკესთან დავდექი და საკუთარ თავს ვაკოცე სარკეში". "ცოტა რთული მოყვე რა იგრძნობა იქ სიმარტოვეში - ღამე, დღე, დილით, მაგრამ სინამდვილეში მერე საშველია", - ამბობს პაპიძე.

მსჯავრდებული ახლა ხატავს, თიხაზე მუშაობს და როგორც თავად ამბობს, წიგნის გამოცემასაც აპირებს. "გადავწყვიტე მემუშავა წერილებზე, თუ რა განწყობა მოაქვს ჩაკეტილ ოთახში წერილს. შეიძლება ერთი ფარატინა ფურცლით ისეთი სიტყვა მოგივიდეს, რომ საკანში ფრენის შეგრძნება დაგეწყოს...", - ამბობს პაპიძე და დადებითად პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას, შეიძლება თუ არა, რომ ეს ნაწერები წიგნის სახით გამოვიდეს.

კითხვაზე, "რას ნიშნავს იყო ერთადერთი უვადო პატიმარი ქალი საქართველოში?", პაპიძე პასუხობს, რომ თუ ამ ფიქრს სიღრმისეულად გაჰყვები, ეს იქნება გზა შიზოფრენიამდე: "თუ სიღრმისეულად გაჰყვები ამ ფიქრებს, ეს არის გზა თვითმკვლელობისკენ, სასოწარკვეთისკენ, შიზოფრენიისკენ", - თქვა მაგდა პაპიძემ.

მსჯავრდებული ქმარ-შვილის მკვლელობის დღესაც იხსენებს: "არ ვიცი შეგრძნებები იყო დილიდან თუ რა იყო. ბავშვიც დილიდან ხელში აყვანას მთხოვდა, სისუსტის შეგრძნება მქონდა, ვერ ვიყავი კარგად", - იხსენებს მაგდა პაპიძე.

მაგდა პაპიძეს ჟურნალისტმა მის ორსულობასთან დაკავშირებითაც ჰკითხა, რაზეც პაპიძემ უპასუხა, რომ ის რამდენიმე კვირის ფეხმძიმე იყო.

"ერთადერთი ტყუილი, რაც მე სასამართლოზე ვთქვი და ისიც ოთოს გამო (ბერძენიშვილი), რომ სტრატეგიული ეჭვები ამ ბიჭის მიმართ არ ყოფილიყო, ღმერთი დავიფიცე და ტყუილი ვთქვი. ვთქვი, რომ ეს ოთოს შვილი არ იყო და ოთოსგან არ ვიყავი ფეხმძიმედ, მაგრამ ოთომ იცოდა, რომ მე მისგან ვიყავი ორსულად, იმ დღეს ვუთხარი. ეს ბავშვი დაიღუპა, ციხეში მომეშალა მუცელი. ეს ბავშვი არავის უდარდია, იმიტომ, რომ არ დარბოდა, 10 დღეში კი გულისცემა უნდა მოგვესმინა", - თქვა მაგდა პაპიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100