დედაქალაქში მდებარე 6 ქუჩას 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 ქალის სახელი მიენიჭება

დედაქალაქში მდებარე 6 ქუჩას 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 ქალის სახელი მიენიჭება.

მანანა ლოლაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, მზია ჯინჭარაძე, თამარ მამულაშვილი და ელისო ჭიპაშვილი ის გმირი ქალები არიან, რომლებიც 9 აპრილის ტრაგედიას სამშობლოს გამო შეეწირნენ. სწორედ მათი სახელობის ქუჩები იქნება თბილისში, ჩუღურეთის რაიონში.

ამ ინიციატივასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია იმსჯელებს. საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, განხილვას დაღუპულთა ოჯახის წევრები, საკრებულოს დეპუტატები, 9 აპრილის საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

მათივე ინფორმაციით, საჯარო განხილვის დასრულების შემდგომ, საკრებულოს თავმჯდომარე დამსწრე საზოგადოებასთან ერთად 9 აპრილის მემორიალს შეამკობს.

კომენტარი