ვინ უყვარს და რას უთმობს ყველაზე მეტ დროს გიორგი ქავთარაძე - დრონი.ჯი-ს ექსკლუზიური ინტერვიუ სპორტსმენთან

ახალგაზრდა სიმპათიური კალათბურთელი გიორგი ქავთარაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მანდილოსნებში მისი შთამბეჭდავი თამაშის სტილითა და ვიზუალით. როგორც თავად ამბობს, კალათბურთსა და სწავლას ძალიან დიდი როლი უკავია მის ცხოვრებაში.

სპორტსმენი სამომავლო გეგმებსა და პირად ცხოვრებაზე დრონი.ჯი-ს ესაუბრება.

- საზოგადოებას უკეთ რომ გავაცნოთ გიორგი ქავთარაძე, მოგვიყევი შენს შესახებ.

- დავიწყებ იმით, რომ ვარ რუსთაველი და იქ ვცხოვრობ. კალათბურთი 14 წლის ასაკში დავიწყე ოთარ ხმელიძესთან, რომელმაც ძალიან შემაყვარა ეს სპორტი და დღესაც ამ სიყვარულით ვთამაშობ. 16 წლის ასაკში გადავედი კლუბ „არმიაში“ ბუბა ბერიშვილთან - ეს იყო პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ კლუბს ჩემს განვითარებაში. ასევე, კარგად მახსოვს ასაკობრივ ნაკრებში ნიკო ჩერქეზიშვილთან, ბევრი კარგი თამაში ვითამაშეთ. ამ ეტაპზე ვთამაშობ კლუბ „მგზავრებში“ და ვსწავლობ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ბიზნესის ფაქულტეტზე. ვცდილობ, სწავლაცა და სპორტიც იდეალურად შევუხამო ერთმანეთს.

- როგორ ფიქრობ, საქართველოს ნაკრები შეძლებს თუ არა ოდესმე მსოფლიო ასპარეზზე წარსდგეს, როგორც საუკეთესო?

- რა თქმა უნდა. მაგარი ახალი თაობა მოდის, უბრალოდ მათ ყურადღსბის მიქცევა სჭირდებათ. სპორტს ძალიან დიდი დაფინანსება ესაჭიროება, ძალიან კარგი იქნება ფინანსური უზრუნველყოფა გაუკეთონ ამ ნიჭიერ ახალგაზრდებს. გამიხარდება, თუ აშენდება დარბაზები, რომლის დეფიციტია რეალურად. საჭიროა ჩამოიყვანონ ტრენერები ამ ნიჭიერი ახალგაზრდების პრაქტიკული განვითარებისთვის. ქართული კლუბების გასვლა მსოფლიო მასშტაბზე და უცხოეთში თამაში. მე მჯერა, ნელ-ნელა საქართველოს ნაკრები ისე მოძლიერდება, რომ მსოფლიო მასშტაბზე წარსდგება როგორც საუკეთესო.

- რთულია იყო კალათბურთელი?

- მიმაჩნია, რომ ზოგადად სპორტსმენობა ძალიან რთულია, დიდი და დაუღალავი შრომა სჭირდება. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაიზარდო. რადიკალურად უნდა შეცვალო ცხოვრება. ბევრი რამის დათმობა მოგიწევს, თუმცა ეს ყველაფერი საინტერესო და სასიამოვნო პროცესია.

- შენი აზრით, როგორი უნდა იყოს სპორტსმენი, რომ წარმატებას მარტივად მიაღწიოს?

- ჩემი აზრით, წარმატება მარტივად მოსაპოვებელი არ არის. მონდომება, დიდი მუშაობა და შეყვარება იმ საქმის, რასაც აკეთებენ, წარმატებამდე აუცილებლად მიგიყვანს.

- ამბობენ, რომ ქართველი გოგონები გიჟდებიან შენზე... როგორი შეგრძნებაა, როდესაც ასეთი ყურადღების ცენტრში ხარ?

- ნებისმიერ ადამიანს ესიამოვნება ყურაღება - ეს ხომ ჩვეულებრივი მომენტია, თუნდაც მცირე დოზით მიიღო. ვფიქრობ, ზღვარი ყველაფერს აქვს... გადამეტებული ყურადღება შესაძლოა ცუდიც აღმოჩნდეს . მე პირადად, ზედმეტი ყურადღება არასდრო მიგრძვნია და ამისთ შეწუხებული ბიჭი არ ვყოფილვარ. რა ყურადღებასაც ვიღებ, ეს ძალიან სასიამოვნოა და დოზირებული.

- როგორი დამოკიდებულება გაქვს გოგონებთან, რომლებსაც მოსწონხარ და რა აზრის ხარ თავისუფალ ურთიერთობებზე?

- გოგო რომ მოვიდეს და თავისი გრძნობები გამიმხილოს, ამას ტრაგიკულად ვერ აღვიქვავ და ადეკვატური რეაქცია მექნება (იცინის). ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თავიდან შესაძლოა მის მიმართ ინტერესები არ გქონდეს, ბევრი მიზეზის გამო, თუმცა გაცნობის მერე შეიძლება ძალიან მაგრადაც შეგიყვარდეს. რაც შეეხება თავისუფალ ურთიერთობებს, მე პირადად ყველანაირ ურთიერთობას დიდ პატივს ვცემ. ადამიანი თავისუფალია და მისი გადასაწყვეტია, როგორი ცხოვრებით იცხორებს. ლოგიკურია, ეს ურთიერთობებზეც ვრცელდება.

- როგორი უნდა იყოს ქალი, რომელიც შენ შეგიყვარდება?

- აუცილებლად უნდა იყოს მეგობრული, კომფორტული, თბილი, არ უნდა იყოს მატყუარა. შავგვრემან ქალებს ვანიჭებ უპირატესობას და ხუჭუჭა თმებს (იცინის).

- ხარ თუ არა შეყვარებული?

- დიახ, შეყვარებული ვარ დაახლოებით ოთხი წელია. ჩემი შეყვარებული არის ნომერი პირველი მეგობარი. ადამიანი, რომელსაც შეუძლია გვერდით დამიდგეს, თავი კომფორტულად მაგრძნობინოს. მოკლედ, მე უზომოდ შეყვარებული ვარ (იცინის).

-საშუალება რომ გქონდეს, რომელ გუნდში ითამაშებდი და რატომ?

- ყველა კალათბურთელის ოცნებაა მოხვდეს NBA-ში - ეს ხომ უკვე მწვერვალია, დაფასებული ხარ, ვარსკვლავი.

- რას შეცვლიდი ქართულ კალათბურთში?

- არ ვიცი, რთული კითხვაა. სამწუხაროა, რომ პირობები არ არის. ქართველი კალათბურთელები საზღვარგარეთ იზრდებიან. რატომ არ უნდა ჰქონდეთ საკუთარ ქვეყანაში ამის საშუალება? ამას შევცვლიდი - პირობებს !!!

- შენი სამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყევი.

- პირვველ როგში, მინდა ძალიან კარგად დავამთავრო უნივერსიტეტი და რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო კალათბურთი. სწავლასა და სპროტს სწორად დავუთმო დრო ისე, რომ ორივე საქმე კარგად გამომივიდეს. გეგმაში უცხოეთში წასვა მაქვს, მაგისტრატურა იქ მინდა გავიარო და თავს არ დავზოგავ, რომ კარგ საკალათბურთო კლუბში მოვხვდე, ვნახოთ რა იქნება.

კომენტარი