"მე მინდა ქალი ტანადი და სრული... რადგან ცოლი ორსულია..." - ის, რაც აქამდე არჩილ თალაკვაძეზე არ იცოდით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თურმე ლექსებს წერს.

მას კრებულიც ჰქონია გამოცემული, სახელწოდებით "ლირიკული ლარნაკი".

გთავაზობთ არჩილ თალაკვაძის რამდენიმე ლექსს, რომელიც literatura.mcvane.ge-ზე გამოქვეყნდა.

სრული აღრევა

ცხოვრება მიექანება ფიქრის ვიწრო დერეფნებში,
ჩემი წინსაფარი დასვრილია, როგორც კალატოზის
- თალაქვათა დინასტიის ნამდვილი წევრის.

შენების ტემპებმა შეამცირეს სივრცე.
იმ სიტყვებმა, რომელსაც ეყრდნობა ჩემი არქიტექტურა:
ერთსულოვნება, შემოდგომა, ზღვა, თავდადება...
დაკარგეს თავი.
რადგან ცოლი ორსულია, შემოდგომა-შორი, ზღვა-უდაბნო.
თავდადებას მოყვება ძილი. ციფრული სიზმრები.
სკოლის ეზო - მსოფლიო სევდის დავიწყებული ადგილი,
მიხმობს თავისთან - ვხედავ სკოლის აგურები მიაქვთ უსინდებს.
ამ აგურებმა იციან ყველა საიდუმლო... განცვიფრებისთვის.
ანბანი - შვილები, ქართული სახელებით და გვარით
თამაშობენ მიუწვდომელ თამაშებს - სიტყვებს.
ძრავი სუნთქავს - გადახვეწილი დინოზავრების ჰაერით.
ჩემი ავტო ავლებს პარალელს ყველაფერთან, რაც გზის მიღმაა.

ჩემი და

ჩემი სახლიდან
გაიქცა მართა,
სამშაბათს ისევ.
მე დავრჩი მარტო
შესაბამისად...
და მისცა მარტმა
წვიმას ჩემი
მისამართი,
მოვიდა წვიმა
და სველი ვნება
გამინაწილა.
ეს მოხდა სამშაბათს.
მართას რომ გავშორდი...
ოთახში ახლაც
არის ის ნესტი...
მარტს ჩემი
გაზაფხული ემართა,
მე მარტის
წვიმასთან ინცესტი.

მარტოსული პოეტის ქორწინება

ალბათ ასეა,
დროა, უკვე ცოლი შევირთო.
ალუჩას სოფლად რა ხანია
შვილი გაუჩნდა...
ჩვენ ხომ ერთად გვიხაროდა
გაზაფხული.
მე მინდა ქალი ტანადი
და სრული,
დიდგვაროვანთა შთამომავალი,
თამარი კი სასეირნოდ წაიყვანა ქარმა,
რომელიც ქრის
მხოლოდ ერთი მიმართულებით:
რომ მარტოობა არის ჩემთვის
თავადის ასული.

მდინარე

მდინარე მიდის.
ხეები კითხულობენ მდინარის კოდს.
გზააბნეული ღმერთები
მდინარის დასრულებას უცდიან,
რომ დაშვებული შეცდომები
გამოასწორონ...
მდინარე მიდის.
ხეების ფესვებში, ტოტებსა და ფოთლებში, ცაში.
...და უშეცდომოდ მეორდება.


ნოემბერი

შენ ზუსტად პოეტის ცოლივით წამი ხარ
და თმებით გიჭერენ ავსული ფავნები...
თუ თითო წუთიდან სამოცჯერ წამიხვალ,
თუ თუთის ჩრდილივით იქნები თავნება,
შემოდგომაზე მაინც დარჩება ნაფეხურები,
უფრო ღრმა,
ვიდრე შენი ჰასაკის ქალის...
ეს მიმახვედრებს, რომ პოეზიით
იქნები ორსული
და ყველა მიტოვებულ გომურში,
ვიპოვი ლექსებს,
რომელთაც ერთნაირ სახელებს დავარქმევ.
შენ, ზუსტად პოეტის ცოლივით წამი ხარ,
მაგრამ ჩვენს შორის, არის საშინელი განსხვავება...
შენ მესიზმრები, მე კი მალე
გამეღვიძება.

რა მაგონდება უამინდობისას ბუნების შესახებ

შენი სახლიდან,
ერთ გაზაფხულზე, მოვიტაცე ბედნიერება
და მერე, დიდხანს
ეზოში ხეებს სცვიოდა ფოთოლი,
რომელზეც ეწერა,
რომ ჩემი დარი აღარ იქნება...

თბილისი აგვისტოში

ქუჩა მარტოა.
მზე აქ დაეშვა.
მცირე ჩრდილები
დიდში წვებიან.
როგორც კაეშანს,
დასიცხულ ბავშვებს
უმალავს სახლი
მშობლიურ ქალაქს.

ილუზია

ქარი დასრულდა ხეთა
მკლავებში.
მარგალიტებით ატირდა ფშალა.
კლდემ შეიცურა ხელი ყვავებში
და ნაწნავები ჩამოიშალა.

უკვე გვიან იყო

უკვე გვიან იყო, როცა მეოცნებე
მებადურებს
მიუვალ ნაპირისკენ ატარებდა
სალამური.
თხელი ფარდის უკან იწვა
პირველი მენატურე,
რომელმაც ხელოვნებას უძღვნა
საღამური...

ახალი ამბები

ახლა ვეღარ ნახავთ კაბებს მაქმანებში,
ფარულ სიყვარულს და მსუბუქ რევერანსებს,
გრაფებს დაიმლერის მწვანე მანქანებში,
მინდვრებს, გაზაფხული სუნთქვით რომ ვერ ავსებს.

მხოლოდ ელექტრონული შეტყობინენებია,
ჩემი დედა და მამა, ბაბუა და ბებია...
აღარ ქვიათ რაინდებს სახელები ალქარი,
ფურცლებს არ ენატრებათ შორეული ფანქრები.

ესა რაა?
ტიტინებს
კესარიას ბაღანა.

და მე არ მაქვს პასუხი... ტექნიკური ფრაზები,
მისთვის არის ანბანით დაფარული ეკლები.
ჩემს პატარა ოთახში ხომ ვერ ჩავირაზები?
და ბავშვების შეკითხვებს ხომ არ ავერეკლები?

ბავშვი

შორია სახლი.
მძინავს ალბათ, ბალახის ძირში.
...ცრემლით წაშლიან

ჩემს ნაკვალევს გიაცინტები...
და როგორც ბავშვი, გალახვის შიშით,
შენს დაძახილზე აღარ გამოვალ
და ერთხელ მაინც,
მშობლიურ მიწას მივაცივდები...

საღამო მშვიდობისა!

საღამო მშვიდობისა!
რატომ დამივიწყეთ?!
უსიტყვოდ მესმის!
როგორ გეკადრებათ...
თქვენ, ალბათ, უელსის
პრინცესა ბრძანდებით...
მე კი მწყემსის
გოგო მენატრება.

მთვარეა ახლა ჩემი კანოე

მთვარეა ახლა ჩემი კანოე
და ეს სიბნელე ქარიშხალია...
როგორც აფრები,
მაკლია შენი უსიგანოე ...

მორიელი თვალებიდან

მორიელი თვალებიდან
მორთავს შიშინს სადაც არი...
მორბის გარდაცვალებიდან
მორჩენილი ნაკაცარი!

და საიდან არ ჩამოდიოდნენ

...და საიდან არ ჩამოდიოდნენ,

პედრო, ალენი, ჟანი, პიერი...
შენს თითებს ჰქონდათ,
საიდუმლოზე
ჯვარდაწერილი ქალის იერი.

თებერვალია

თებერვალიადა ისე ცივა,
რომ მინდა სული ვაჩუქო
მტრედებს...
მიპოვონ სადმე ანგელოზებმა
და შენს თვალებში
დამასაფლაონ!

ის რომ

ის რომ ვაშლის ყვავილების მოთმინება
მხოლოდ გაზაფხულით შემოიფარგლება,
ცა რომ ქვევით იყოს საკმარისია ობიექტივის შემობრუნება,
ფოთლები ქარს გადარჩენის მიზნით მიჰყვებიან,
მუზები ხელოვნების მუზეუმში ცხოვრობენ,
ყვავილები იმისთვის შეიქმნა, რომ გამოვიცნო თუ გიყვარვარ...
და რომ მკვდარ პეპლებს წილად რიცხვებს არ უმატებენ,
არის უწყინარი პოეზია.

კომენტარი