სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ ცოლი ღალატობს - ბოზია, თუ ქმარი - „მაჩო“

რამდენიმე წლის წინ, მთელი მსოფლიო საუკუნის სკანდალის მომსწრე გახდა. მოქმედება არც მეტი, არც ნაკლები, პლანეტის პოლიტიკურ ცენტრში, თეთრ სახლში გათამაშდა, ხოლო ერთ–ერთი მთავარი გმირი, მსოფლიოს ზესახელმწიფოს მეთაური, ბილ კლინტონი აღმოჩნდა. კლინტონი იმპიჩმენტს კი გადაურჩა, მაგრამ კონსერვატორი და ოჯახის ერთგულების მხარდამჭერი ამერიკელები ერთ დროს საყვარელ პრეზიდენტს, შეცდომას დღემდე ვერ პატიობენ. როგორც ამბობენ, ჰილარი კლინტონის, როგორც შეურაცხყოფილი და ნაღალატევი ცოლის რეიტინგი, თანაგრძნობით გამსჭვალულ თანამემამულეებში, ამის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა.

ერთმა ჩემმა თანამშრომელმა, ბილ კლინტონის და მონიკა ლევინსკის ამ ცნობილი დრამის პიკის დროს დაწერა: ჩვენთან მსგავსი არასდროს მოხდება, რადგან საქართველოში ცოლის ღალატი სამარცხვინოდ არ ითვლებაო...

მცირე ხნის წინ კი, ასევე, ჩემს სანაცნობოში, ერთი ქართველი მამაკაცი, რომელიც უკიდურეს ლიბერალ, ანტიკონსერვატორ და ქართული ტრადიციებად სახელდებული ადათების მიმართ სკეპტიკურად განწყობილთა დაჯგუფებას წარმოადგენს, თანამოაზრეთა გასაოცრად, ირწმუნებოდა: ეს დამახასიათებელია, ზოგადად, მაჩოური კულტურის ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ... რაც შეეხება ცოლის ღალატთან დაკავშირებით დამოკიდებულებას, ზოგადად, კაცი უსიყვარულო სექსით სიამოვნებას იღებს, ქალი კი ვერა და ამიტომ არის მამაკაცთა შემთხვევაში, ღალატის მაჩვენებელი უფრო მეტიო..

მსგავსი მოსაზრება რომ უკიდურესად სუბიექტურია, მეტიც აბსურდია, ამას სპეციალისტის კომენტარიც არ სჭირდება. უბრალოდ, საინტერესოა იმ კუთხით, რომ საქართველოში მამაკაცის ღალატის გასამართლებლად, თითქმის ყველა კატეგორიას, როგორც ლიბერალს, ისე კონსერვატორს, თუ მათ ქვეჯგუფებს, ყველანაირი სოციალური ფენისა თუ მსოფლმხედველების ადამიანს, მათ სოლიდურ უმრავლესობას, საკუთარი „რკინის ლოგიკა“ აქვს.

კონსერვატორად წოდებულნი თუ ამას პირდაპირი გზით ამართლებენ, „კაცია და მერე რა“ არგუმენტით, მეორე კატეგორიას უფრო განსხვავებული, ირიბი, მაგრამ არსით, ფაქტობრივად, იგივე მოსაზრებები გააჩნია. ანუ მამაკაცის მიერ ცოლის ღალატი საქართველოში სამარცხვინოდ მართლაც არ ითვლება. ქალის შემთხვევაში კი, ქართული საზოგადოებრივი თემიდა უკიდურესად სასტიკი, დისკრიმინაციული და შეუწყნარებელია.

ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი, საქართველოს პატრიარქალურ, გარკვეულწილად, რელიგიური ფარისევლობით შენიღბულ კონსერვატიულ ქვეყნად მიიჩნევს. ფაქტია, რომ წლები გადის, ღრმად დალექილი „სავოკური“ მენტალიტეტი კი თაობიდან თაობას უცვლელად გადაეცემა. ქართველების უმრავლესობისათვის ალბათ, რთულად გასაგებია, მაგალითად, გერმანელი მამაკაცის ფსიქოლოგია, რომელსაც სატრაბახოდ მიაჩნია არა ცოლის ღალატი და სექსუალური პარტნიორების ხშირი ცვლა, არამედ ის, რომ 9 წლის მანძილზე საკუთარი გელფრენდისათვის არასდროს უღალატია.

რამდენად ცუდ ტონად არის მიჩნეული მამაკაცის მიერ ცოლის ღალატი, ეს დასავლეთში მომხდარი პოლიტიკური სკანდალების რაოდენობიდანაც ჩანს, სადაც მსგავსი შემთხვევები პოლიტიკოსებს კარიერის სამუდამოდ დასამარებად უჯდებათ. ერთ–ერთი რეზონანსული შემთხვევა იგივე აშშ–ში მოხდა, სადაც ცოლის ვირტუალურ (!) ღალატში გამოჭერილი კონგრესმენი თვით პრეზიდენტმა ობამამ აიძულა, თანამდებობიდან გადამდგარიყო.

ქართველი კი, სქესის მიუხედავად, ქმრის ღალატს ცნობიერად თუ არა, ქვეცნობიერად, უშვებს, ამართლებს და სრულიად ლოგიკურ მოვლენად მიიჩნევს. ხშირად ქალბატონებიც კი ეკამათებიან ალტერნატიული მოსაზრებების ავტორებს და მამაკაცის ღალატს ბუნებრივ ფიზიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და მორალურ ნორმად თვლიან. მიზეზების საფუძლიანი კვლევა შორს წაგვიყვანს.

ამ მიზეზთა შორისაა, ალბათ, უკიდურესი პატრიარქალური წყობა, ყველაფრის მიუხედავად, ჯერ მაინც ქალის სოციალური უუფლებობა, იგივე, ქალთა დამოუკიდებლობის არც ისე მაღალი დონე, განქორწინებული ქალისადმი საზოგადოების დამოკიდებულება, ფინანსური დამოუკიდებლობის არქონა, რაც ქალებს აიძულებს, მთელ რიგ მოვლენებზე თვალი დახუჭონ...

ამის შედეგად კი ვიღებთ გაუგებარ ოჯახურ „ტრადიციებს“ და საერთოდ, საზოგადოების ზოგად ყოფას, რომელიც 21–ე საუკუნის ცივილიზებული სამყაროს კონტექსტში ნაკლებად ჯდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100