სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან დარღვევები ფიქსირდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან დარღვევები ფიქსირდება.

„დღეს დილიდან დაფიქსირდა, რომ გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ მედიასაშუალებების ყალბი აკრედიტაციებით და ხელს უშლიდნენ საარჩევნო პროცესს. გარდა ამისა, ქალაქ თელავში ტელეკომპანია რუსთავი2-ის წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ავტომობილიდან უნებართვოდ ააცალა მისი კუთვნილი დოკუმენტები და შეეცადაა ამით მოეხდინა ამომრჩეველზე უკანონო ზეგავლენა.

მოვუწოდებთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, ასევე, ნებისმიერ ოპოზიციურ მედიასაშუალებას, ჩაეტიონ კანონის ჩარჩოებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, ნებისმიერი ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, მოვითხოვოთ მათ მიმართ კანონით დადგენილი მკაცრი ზომების გატარება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა მედიის წინაშე წარმოადგინა დოკუმენტები, რომლის მიხედვით ფიქსირდება, რომ აკრედიტაციის დამადასტურებელი ბეჯი გადაცემული ჰქონდა უცხო პირს, რომლის პირადობის ნომერი და სხვა პერსონალური მონაცემები არ ემთხვეოდა ბეჯზე დაფიქსირებული პიროვნების ვინაობას.

მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ყველას ვთხოვთ, მათ შორის ჩვენს ოპონენტებს, ნუ მოახდენენ სიტუაციის დრამატიზებას, რასაც ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობენ. ჩვენ მსგავსს არც კი ვცდილობთ და მივცემთ ჩვენს ამომრჩეველს, მიუხედავად იმისა, ვისი მომხრეა, თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ ვითარებაში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს და არამარტო ჩვენს ამომრჩევლებს, მოვიდნენ საარჩევნო უბნებზე, დააფიქსირონ თავისი პოზიცია და არჩევანი, რათა თბილისი იყოს სიცოცხლის სავსე ქალაქი და საქართველოს ჰქონდეს ძლიერი რეგიონული თვითმმართველობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100