„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ,,ჭიათურელთა კავშირის” წარმომადგენლებს შეხვდა

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი ჭიათურაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჭიათურელთა კავშირის” წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის ოფისში გაიმართა, ჭიათურაში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებსა და ამ კუთხით არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

როგორც ნიკოლოზ ჩიქოვანმა აღნიშნა, ის კომპანიაში სწორედ ჭიათურაში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დაინიშნა. ნიკოლოზ ჩიქოვანმა უშუალოდ არასამთავრობო ორგანიზაციისა და ჭიათურელი ახალგაზრდებისგან მოისმინა პრიორიტეტული საკითხები და მათი ხედვები.
ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ კომპანიამ უკვე დაიწყო მუშაობა მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობასა და ღურღუმელაზე ძველი შლამსაცავის რეაბილიტაციაზე.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის პრეზენტაციის გამართვას კომპანია უახლოეს დღეებში გეგმავს. თავის მხრივ, ორგანიზაცია ,,ჭიათურელთა კავშირის“ თავმჯდომარემ, შოთა გაფრინდაშვილმა შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა მათ ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის მიზნით, ერთობლივი მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარი