ლეონიდ ჩერნოვეცკი: „არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ ერთ საშინელ დღეს ძველი კედლები არ ჩამოინგრევა და გამოუსწორებელ ტრაგედიას არ გამოიწვევს!“

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ყურადღება სოციალურად დაუცველი პირების გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებზე გაამახვილა: “მეგობრებო, არასდროს დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რა პირობებში ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებსაც სოციალურად დაუცველი პირების სტატუსი აქვთ მინიჭებული? მათი უმრავლესობა ცხოვრობს, უფრო ზუსტად კი, არსებობს ნახევრად დანგრეულ შენობებში, რომლებსაც ძალიან რთულია „სახლი“ და „ბინა“ ვუწოდოთ.


გახვრეტილი სახურავები, უზარმაზარი ნაპრალებით დაფარული კედლები, შუშების ნაცვლად, მუყაოჩასმული ფანჯრები, უვარგისი ელ. გაყვანილობა, გაფუჭებული ონკანები... არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ ერთ საშინელ დღეს ძველი კედლები და ჭერი არ ჩამოინგრევა და გამოუსწორებელ ტრაგედიას არ გამოიწვევს!


ამ საცოდავ ადამიანებს კი, უბრალოდ, არ აქვთ იმის არანაირი შესაძლებლობა, რომ თავიანთი საცხოვრებლები გაარემონტონ!


ბევრი მათგანის მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ სრულიად უსუსურნი არიან: მარტოხელა მოხუცები, რომლებმაც მთელი თავიანთი ცხოვრება საქართველოს კეთილდღეობისთვის იშრომეს, ლოგინად ჩავარდნილი, მძიმედ დაავადებული პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც პატარებს მამის გარეშე ზრდიან!


მიმაჩნია, რომ თუ სახელმწიფომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს სოციალურად დაუცველი პირის სტატუსი მიანიჭა, ვალდებულია, მათ ამ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაშიც დაეხმაროს!


მოვუწოდებ მუნიციპალურ სამსახურებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება ასეთ შენობებში, რათა ამ უბედურმა ხალხმა შეძლოს ადამიანურ პირობებში იცხოვროს!” – წერს ჩერნოვეცკი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

კომენტარი