ნინო ბურჯანაძეს პოლიტიკაში სემინარებს ჩაუტარებენ

სოციალურ ქსელებში რამდენ სასარგებლო საკითხს არ წააწყდებით. სოცქსელებით ზოგი ერთობა, ზოგიც ისვენებს, ეგვიპტისთვის რევოლუციის დაგეგმვის საუკეთესო საშუალებაა და ა.შ. საქართველოში კი „ფეისბუქით“ პოლიტიკოსები ტრეინინგდებიან.

სოციალურ ქსელში პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების გვერდებია გახსნილი, სადაც მოქალაქეები შეკითხვებს სვამენ. ასეთი გვერდი „წარმომადგენლობით სახალხო კრებასაც“ აქვს, სადაც „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ორჯერ ონლაინ კონფერენციაც კი მოაწყო.

დემოკრატიის სახელით მოლაპარაკე პოლიტიკოსთა გვერდზე კი, საპირისპირო აზრის შეკითხვებს, მოსაზრებებს ან ფაქტებს არ აჭაჭანებენ. რამდენიმე დღის წინ, ერთმა მომხმარებელმა, სახელად დავიდ ლორიამ, კრების „ფეისბუქის“ გვერდზე შემდეგი შინაარსის განცხადება დადო. განცხადების ადრესატი ნინო ბურჯანაძე გახლდათ. ლორია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს, პოლიტიკური სემინარების ჩატარებას სთავაზობდა. მართალია, ლორიას ეს განცხადება, თვალსა და ხელსშუა გაქრა გვერდიდან, მაგრამ „დრონი.ჯი“–მ მისი დამახსოვრება მაინც მოასწრო.

მოკლედ, ლორიას სურს ნინო ბურჯანაძეს პოლიტიკური ტრეინინგი ჩაუტაროს. „გამოვდივარ ინიციატივით, ჩავატაროთ სემინარები პოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვებამდე მისასვლელ გზებზე. ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სემინარი გამოგადგებათ თქვენც და ჩვენს ქვეყანასაც“ –წერს დავიდ ლორია თავის განცხადებაში.

„სახალხო კრების“ გვერდის ადმინისტრატორებმა აქაო და, რას ქვია შენ ჩვენ ლიდერს ტრეინინგების ჩატარებას უპირებო, ლორია ხატზე გადასცეს, მის განცხადებას კი უსასრულობისკენ უყვეს პირი. მთავარი საკითხი კი დაფინანსება იყო. ლორია სთავაზობდა ბურჯანაძეს, სემინარი დაეფინანსებინა და შემდეგ ეფიქრა, მორიგი საპროტესტო ტალღის აგორებაზე ქვეყანაში.

ცნობისთვის, ბურჯანაძემ რამდენიმედღიანი აქციები დააფინანსა მაისში, არც ფული დანანებია, თუმცა პოლიტიკურ შედეგად ნული მიიღო. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს რამდენად სჭირდება პოლიტიკაში სემინარების ჩატარება – სადაო საკითხია. მან პოლიტიკა იცის და ამას არავინ უარყოფს. უბრალოდ, ზოგჯერ ავიწყდება, რომ სხვებმა მასზე კარგად იციან. უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, „ნინა ჩაოს“ თაყვანისმცემლები მის გვერდზე განცხადებებს შემდეგი შინაარსით რომ პოსტავდნენ – „ჩავატარებ სემინარს პატრიოტულ თემაზე“. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, ეს პოსტი და მისი ადრესატიც საზოგადოებისგან „ლაიქს“ მიიღებდა.

კომენტარი