სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საჯარო სკოლაში განაგრძობენ. დღეს, დანდალოს რეაბილიტირებული სკოლა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ სულიკო თებიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელთან დავით დუმბაძესთან ერთად დაათვალიერეს.

დანდალოს სკოლას რეაბილიტაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში ჩაუტარდა. პროექტის მიხედვით განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის, შეიცვალა სახურავი, კეთილმოეწყო შიდა ინტერიერი, სპორტული და სააქტო დარბაზები. მოპირკეთდა სკოლის ფასადი და ეზო. სკოლაში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით. სკოლის ბიბლიოთეკა განახლდა წიგნადი ფონდით. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის. სამუშაოები შეასრულა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,ბზა“. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 441 669 ლარი.

რეაბილიტირებული სკოლა შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. სკოლა გათვლილია 200 მოსწავლეზე. მინისტრთან შეხვედრაზე საჯარო სკოლის პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ სკოლის რეაბილიტაციით სოფელ დანდალოს მოსწავლეებს საშუალება აქვთ ადგილზე მიიღონ სრულფასოვანი განათლება. რეაბილიტირებული სკოლა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა დურმიშხან შავიშვილმა დაათვალიერა.

2017 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქედის მუნიციპალიტეტში გეგმავს სოფელ ახოსა და სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100