ნათია სირაბიძე კულტურის პარლამენტის სხდომაზე მოხსენებით წარდგა

ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლითი სხდომის მეორე დღე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია სირაბიძემ გახსნა და დელეგატებს აჭარის კულტურის პოლიტიკის ახალი ხედვა გააცნო.

ნათია სირაბიძემ დელეგატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ევროპის კულტურის პარლამენტი მიზნად ისახავს სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი იდეის გაძლიერებას. რიგით მე-15 საიუბილეო სესიას 40 ქვეყნის 80-მდე დელეგატი ესწრება. ცნობილი ხელოვანები და კულტურის სფეროში მოღვაწე სხვა პირები, კონტინენტის ყველა კუთხიდან არჩეული არიან დელეგატებად - ევროპის კულტურული პარლამენტის წევრებად. 2016 წლის ზაფხულიდან ევროპის კულტურის პარლამენტში 43 ქვეყნის 160 წევრია გაერთიანებული. დღეს, ევროპის კულტურის პარლამენტის სხდომის ფარგლებში გაიმართება თემატური ვორკშოფები: ,,ხელოვანი, როგორც ცვლილებების ფასილიტატორი“, ,,ტრანსატლანტიკური დიალოგი“ და სხვა.

ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლითი სხდომა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს უშუალო მხარდაჭერითა და ინიციატივით ხორციელდება. საქართველოში გასვლითი სხდომის თანაორგანიზატორია ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდი ”კავკასია”.

პროექტის აქტიური პარტნიორები და მხარდამჭერები არიან:აჭარის მთავრობა, ტურიზმის დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფეტვიაშვილის არტ გალერეა ბათუმში და ღვინის კომპანია გიუაანი.

კომენტარი