საჩხერის საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილებას საქართველოში ანალოგი არ მოეპოვება!

საჩხერის რაიონული საავადმყოფო ევროსტანდარტების შესაფერისი ინფრასტრუქტურის და ულტრათანამედროვე სამედიცინო და სამკურნალო აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო კომპლექსია, რომელიც მოიცავს: სამკურნალო და სარეაბილიტაციო დაწესებულებებს, საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრს, 10 სოფლის ამბულატორიას, 1 პოლიკლინიკას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს და 7 სტაციონარულ განყოფილებას. საავადმყოფო მრავალპროფილურია და ფუნქციონირებს: პოლიკლინიკური, თერაპიული, ქირურგიული, სამეანო-გინეკოლოგიური, ინფექციური, კარდიოლოგიური და რეანიმაციული ანუ ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილებები.
მათ შორის ყველაზე გამორჩეულია ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილება, რომელსაც, საავადმყოფოს ადმინისტრაციის თქმით, მთელ საქართველოში ანალოგი არ მოეპოვება.
„საავადმყოფოში ერთ-ერთი საუკეთესოა რეანიმაციული განყოფილება, რომელიც გაშლილია 10 საწოლზე და უნიკალურია იმით, რომ თითოეული საწოლი არის დამოუკიდებელი ბოქსირებული პალატა. აქედან 5 პალატა გვაქვს ორმაგი დაცვით, ინფექციური პაციენტებისთვის. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ამცირებს შიდა ჰოსპიტალური ინფექციების განვითარების რისკს, რაც ძალიან მაღალია რეანიმაციულ განყოფილებებში. საჩხერის საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილება საერთაშორისო სტნადარტის ნორმებს პასუხობს და საქართველოში ანალოგი არ აქვს, - აცხადებს საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, რეანიმატოლოგი ინეზა სულამანიძე.
საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილება აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურითა და მონიტორული სისტემით.
„ჩვენი კლინიკა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს - იქნება ეს მაღალტექნოლოგიური აპარატურა, მათ შორის სანარკოზე და სასუნთქი აპარატის უახლესი მოდელები, თუ მონიტორული სისტემა, რომელიც მნიშვნელოვანია რეანიმაციული პაციენტების სასიცოცხლო პარამეტრების მუდმივი მონიტორინგისა და სწორი მართვისთვის. სარეანიმაციო დარბაზ დამონტაჟებული, პაციენტზე დაკვირვების ავტომატური სისტემ საშუალებას იძლევა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდეს პაციენტის ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების - პულსისა და სუნთქვის სიხშირის, რითმის, არტერიული წნევის მონიტორინგი,“- განმარტავს ინეზა სულამანიძე და დასძენს, რომ განყოფილების წარმატებული ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი ფაქტორია მაღალკვალიფიციური მედპერსონალი. განყოფილებაში მუდმივად მიმდინარეობს ექიმებისა და საშუალო სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება; ტარდება ლექციები და სემინარები ანესთეზიოლოგიისა და რეანემატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე; ხდება პაციენტების კლინიკური მდგომარეობის, ახალი თეორიებისა და კლინიკური სიახლეების განხილვა. ასე რომ, მაღალკვალიფიციური მედპერსონალი ჩვენი განყოფილებისა და, ზოგადად, საჩხერის კლინიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი გახლავთ.“

(რეკლამა)

კომენტარი