სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რვა წლის გოგონა 9 კილოს იწონის! „სოციალური პარტნიორობა“ ელენე ცხადაიას დასახმარებლად!

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელია უანგაროდ უწევს სასიცოცხლო დახმარებას 600 საწოლს მიჯაჭვულ ადამიანს, რომელთა შორის 12 ბავშვია. ყველაზე პატარა – ელენე ცხადაიაა. მართალია, ის უკვე 8 წლისაა, მაგრამ მხოლოდ 9 კილოს იწონის!

ელენე თანდაყოლილი პათოლოგიებით დაიბადა. ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ეპილეფსია, მიკროცეფალია... მშობლებს ბავშვის დატოვებას და „ნორმალური” ცხოვრების გაგრძელებას ურჩევდნენ, ეუბნებოდნენ, რომ ახალგაზრდები არიან და კიდევ ეყოლებათ ჯანმრთელი შვილები, ხოლო ასეთ ბავშვთან პრობლემების მეტს ვერაფერს ნახავენ. მაგრამ შორენამ და მისმა მეუღლემ არ დატოვეს პატარა, დაუცველი ბავშვი და დღემდე ერთად ზრუნავენ თავიანთ პატარა გოგონაზე

ერთი წლის შემდეგ მათ მეორე ბავშვი შეეძინათ – დავითი. სანამ წამოიზრდებოდა, მშობლები ძალიან ღელავდნენ მის ჯანმრთელობაზე , მაგრამ დათუნა სრულიად ჯანმრთელია და ახლა ელენეს მოვლაში თვითონაც იღებს მონაწილეობას. ძმას უფროსი დაიკო ძალიან უყვარს, სკოლიდან დაბრუნებული, როგორც კი დავალებებს შეასრულებს, საათობით ზის მის საწოლთან და ზრაპრებს უკითხავს , ეხუტება, ეფერება და ესაუბრება... ელენეც უღიმის, მას ხომ არ შეუძლია უთხრას დათუნას, რომ უზომოდ უყვარს იგი...

ცხადაიების ოჯახი ყოფილ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. ერთ ოთახში, რომელიც ერთდროულად სამზარეულოც არის და საძინებელიც. ოთახში ბეტონის იატაკი და კედლებია, რის გამოც იქ მუდმივად ნესტი და სიცივეა.

მამა მუშაობდა და ოჯახის უზრუნველყოფა შეეძლო სანამ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებოდა. ერთი წლის წინ კი ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აღმოუჩინეს. მას ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება, მაგრამ ოჯახის მიზერული სოციალური დახმარება ელენეს წამლებსა და სპეციალურ საკვებში იხარჯება, მამა კი – თავის ჯანმრთელობას შვილის გამო წირავს.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ყველას მოგმართავთ თხოვნით, არ დარჩეთ გულგრილი ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ. თქვენი ნებისმიერი სახის დახმარება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ელენე ცხადაია) ან პირდაპირ ფონდის საიტის მეშვეობით https://fsp.ge/ge/donate/133/

არ დატოვოთ პატარა ელენე ყურადღების გარეშე, ამ პატარა ანგელოზს თქვენი დახმარება სჭირდება!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100