თიბისი გალერეამ ფესტივალის - „თბილისი -2016 თანამედროვე მუსიკის საღამოების“ კონცერტს უმასპინძლა

თიბისი ბანკის მხარდაჭერით, თიბისი გალერეაში ყოველწლიური ფესტივალის, „თბილისი -2016 თანამედროვე მუსიკის საღამოების“ კონცერტი გაიმართა.

მუსიკალურ საღამოზე ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, რიხარდ შტრაუსის, ალექსანდრ სკრიაბინის, კარლჰაინც შტოკჰაუზენისა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა. კონცერტზე მაყურებელმა ნიკოლა ვერენის ინსტალაციასაც იხილა ოპერიდან „უშბა და თეთნულდი“.

„თანამედროვე მუსიკის საღამოები“ საქართველოში 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება. წელს ფესტივალი პროექტის, Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

„თანამედროვე მუსიკის საღამოები“ საქართველოში უკვე მე-12 წელია მუსიკალური ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. საერთაშორისოდ აღიარებული თანამედროვე მუსიკის ანსამბლების მონაწილეობით ქართველი მსმენელი ეცნობა მსოფლიო მუსიკის მიღწევებს და იღებს ინფორმაციას თანამედროვე მუსიკალურ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ფესტივალში სისტემატურად მონაწილეობენ კონსერვატორიის წამყვანი პროფესორები, სტუდენტები, თანამედროვე მუსიკის ანსამბლები და სოლისტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან, შვეიცარიიდან და ა.შ.

ბოლო წლებში ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა რუსმა პიანისტმა ალექსეი ლიუბიმოვმა, გერმანელმა დირიჟორმა ჟოლტ ნადმა, ფრანგმა მსახიობმა სედრიკ ტიოლემ, ასევე კომპოზიტორებმა: ფრანსუა-ბერნარ მაში, იზაბელ მუნდრი, ფილიპ იურელი, იოსებ ბარდანაშვილი, დან იუხანსი, ჰანს ტუჩკუ, რომლებმაც ლექციები წაიკითხეს და მასტერკლასები ჩაატარეს კონსერვატორიის სტუდენტებისთვის.

წელს „თანამედროვე მუსიკის საღამოები“ 26 მარტს დაიწყო და 9 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარი