მსოფლიო ბანკი განაგრძობს საქართველოში გზების კეთილმოწყობის მხარდაჭერას

საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმდა საფინანსო ხელშეკრულება რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ საქართველოს „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტისთვის“ 40 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე, რომელსაც ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.

ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (გურია, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი) შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაცია.

„სატრანსპორტო-საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან დღეს ხელმოწერილი შეთანხმება მნიშნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მოხარულები ვართ, რომ მსოფლიო ბანკი აქტიურად გვიჭერს მხარს და აფინანსებს არა მხოლოდ ქვეყნის მთავარი სატრანზიტო არტერიის - ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტს, არამედ ბანკის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები მიიმართება შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციას. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და სტაბილურ განვითარებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას რეგიონებში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების წახალისებას, “ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

“საგზაო ინვესტიციებმა საქართველოში დადებითი გავლენა იქონია ეკონომიკაზე. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, რეგიონების დაკავშირებით და სოციალურ-ეკონომიკურ ცენტრებზე წვდომით, პროექტი ხელს შეუწყობს მეორე მიმართულებას, კერძოდ, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სამუშაო ადგილების შექმნას, აღნიშნულ რეგიონებში მოსახლეობა მიიღებს სარგებელს, რადგან შემცირდება მგზავრობისთვის საჭირო დრო და სატრანსპორტო დანახარჯები, გაიზრდება საგზაო უსაფრთხოება,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.

პროექტს 2016-2021 წლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

კომენტარი