„ზარით დაკრძალვის სვანურ რიტუალს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ „ზარით დაკრძალვის სვანურ რიტუალს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

მნიშვნელოვანია, რომ სტატუსი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ მომზადებულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტის სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე მიენიჭა, რომელიც ცენტრმა რამდენიმე თვის წინ წარუდგინა.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გამოდის მორიგი ინიციატივით, უკვე აღიარებულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ეროვნული ძეგლის სტატუსი მინიჭების თაობაზე. ამის შესახებ ცენტრი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უახლოეს დღეებში მიმართავს.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით ზემო სვანეთში 2015 წლის 13 -22 სექტემბერს აღნიშნული ელემენტის ინვენტარიზაციის სამუშაოები, მოახდინა ელემენტის აღრიცხვა და იდენტიფიცირება განახორციელა.

ცნობისათვის, სვანეთში დაკრძალვასთან და მიცვალებულის პატივის მიგებასთან დაკავშირებული ყველა ის რიტუალი და წეს-ჩვეულება, რომელიც საუკეუნეების წინ არსებობდა, თითქმის უცვლელი სახითაა შემორჩენილი. კვლავ სრულდება ყველა წესი.მათ შორის, გასვენების დღეს, მამაკაცები ქალების მოთქმის პარალელურად ამბობენ ზარს. ზარი არის ის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც მათლიანებს და კრავს დაკრძლვის რიტუალს. რიტუალის სიძველეს თვით ამ ფოლკლორული ნიმუშის ფუნქციური და ინტონაციური ანალიზიც ცხადყოფს, როგორიცაა შესრულების დაძბული, დაჭიმული მანერა, მხოლოდ შორისდებულებზე აგებული შესახილის ინტონაციები, ანტიფონურობა, მარტივი აკორდური ფაქტურა და სხვა. „ზარი“ არის ერთადერთი ხალხური სასიმღერო ნიმუში, რომლის შესწავლა ოჯახში არ შეიძლება. სადმე გარეთ, ტყეში, ან მდინარის პირას ისწავლება. სვანეთის ფოლკორული ანსამბლები „ზარის“ თქმას სცენაზეც ერიდებიან.

კომენტარი