ნახევრადბლოგური სტატია რიყეზე არშემდგარ ”ზასავ-ფართიზე”

”სიყვარული ორგვარია... - დაიწყო ქალმა, მაგრამ გრიშამ შეაწყვეტინა:

- ვიცი, ვიცი, ორგვარი კი არა, შვიდასგვარია, მაგრამ მე ნამდვილ სიყვარულზე გეუბნები...”

(გურამ დოჩანაშვილი: ”იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ, გრიშა და მთავარი”)

მოკლედ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რანაირი ინდიფერენტული ხალხი ვართ, თავს ვერავინ დაგვადგამს: მოლოტოვის კოქტეილებზე გვეპატიჟებიან და უმრავლესობა კი არა, უმცირესობაც არ მივდივართ; გადავაგდოთ ეს ხელისუფლებაო და - ”სოროებში ვართ ჩამძვრალნი”; ჩვენს ”დამაქცევარ” ამერიკელებს მათსავე საელჩოსთან პროტესტი გამოვუცხადოთო და სახლიდან ფეხს არ ვიცვლით...

კაი, ბატონო, იმ კოქტეილშიც და მერე ჩამოთვლილებშიც პოლიტიკა ურევია და, ვთქვათ, არ გვინდა, მაგრამ კოცნაზე უარი, კაცო? თანაც, ”ფეისბუქზე” დაგეგმილ კოცნაზე უარი იქნებოდა?

ახლა დაიწყებენ ზოგიერთები, კოცნა კი არა, ზასაობა იყო მანდ დაგეგმილი და რომ მოგვიწოდებდნენ, ყველამ ვიზასაოთო, ეგ სადაური წესი იყო, მაგალითად, ყველაში ბებიაჩემი ალბინაც შედის და მაგას ვისთან უნდა ეზასავაო და ეგეთები...

კოცნა იყო, პროშტნა, მტლაშა-მტლუში თუ, ერთი გენიოსი მწერლისა არ იყოს, კუჭის წვენის ამოღება (”ფუუჰ, ქალის ჭკუა რა ვთქვი!..”- რამდენი შევიჭმუხნეთ ალექსანდროსავით), თქვენი რა მიდიოდა, მისულიყავით და გეზასავათ...

რიყეზე დაგეგმილი სახალხო კოცნის თუ ზასაობის ორგანიზატორები ფრიად გულგატეხილები ჩანდნენ: საჯარო თავშეყრის ადგილებში კოცნის ”თვითნებურად” აკრძალვის გაპროტესტებას აპირებდნენ მასობრივი კოცნით და თვითაკრძალვა არ დახვდათ? არადა, რა ომახიანი მოწოდება იყო ”ფეისბუქზე”:

”მოვდივართ ყველანი, მოგვყავს შეყვარებულები, ქმრები, გელფრენდ-ბოიფრენდები და ვზასაობთ!” - მაგარი ტექსტი იყო, მაგრამ ასეთი ფრაზებისთვის დამახასიათებელი ”ღირსეული” დაბოლოება: ”დავარდნამდე” - მაინც მოვისაკლისე...

”იმისთვის მოვედი, რომ ჩემს შეყვარებულს ვაკოცო...” - მორიდებულად შეჰღიმილა აქციის მონაწილე გოგონამ მისი რიყის პარკში ვიზიტით დაინტერესებულ ”იმედის” ჟურნალისტს, მის ამქარში მყოფმა უფრო თამამმა, გოგონას ასაკს გადაცილებულმა მისმა უუმანდილესნობამ კი სიგარეტი კინოში ოდესღაც ნასწავლი მანერით დაუდევრად მიფერფლა გვერდზე და მეგობრის აზრი გააგრძელა: ”ჰო, უნდა ვაკოცოთ ყველას, ვინც მოგვეწონება, მერე რა?..”; ”მეგობრებმა უნდა აკოცოთ ერთმანეთს?”- დაზუსტება სცადა ჟურნალისტმა, მაგრამაც უთხრეს: ”ჰო, მერე რა, მეგობრული კოცნა არ გაგიგიათ?..”

მოკლედ, რიყეზე დღეს ფბ-ზე დაგეგმილი ”ზასავ-ფართი” არ შედგა. თუმცა, რატომაც არა - ორი წყვილისთვის შედგა, რომელსაც სულაც არ მორიდებია საჯაროდ კოცნა და აპლოდისმენტებიც მიითვალა. და კიდევ, ალბათ იმ წყვილებისთვისაც შედგა, ვინც საჯაროდ ზასაობას სადმე მოფარებულში განმარტოება არჩიეს და ჩათვალეს, რომ ”სიყვარულსა მალვა უნდა..”

იქნებ, ამ სტატიის მთავარ ფოტოზე გამოტანილი წარწერის ახდენის შეეშინდათ, ტუჩებშეწებებული წყვილების ნახვით თავგაბეზრებულმა მრევლმა რომ გააკრა მეტეხის ეკლესიის ეზოს ბაღში?

”ქართველები ვაართა!

ტააშ?”

(გურამ დოჩანაშვილი: ”ზღაპარი შედევრსა და იმის მასალაზე, ანუ ჩვენი”).

კომენტარი