კინოცენტრის ახალი ინიციატივა

ეროვნული კინოცენტრი წარმოების დაფინანსების გარდამავალ სისტემაზე გადადის. ახალი ინიციატივა ფილმის მწარმოებლებს ალტერნატიული დაფინანსების მოსაპოვებლად მეტ დროსა და შესაძლებლობას მისცემს. ამასთან დაკავშირებით კინოცენტრი 19 ნოემბერს, 12 საათზე „მწერალთა სახლში“ (მის: ივ. მაჩაბლის ქ. N13) პრესკონფერენციას გამართავს.

კინოინდუსტრიის საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით ეროვნულმა კინოცენტრმა გადაწყვიტა შექმნას დაფინანსების უფრო მოქნილი სისტემა, რაც ქართველ კინემატოგრაფისტებს ევროპულ ფონდებთან ურთიერთობას გაუადვილებს. კერძოდ, კონკურსანტები საჭიროებისამებრ, ეტაპობრივად მიიღებენ მოპოვებულ დაფინანსებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს თანხის მიზნობრივად ათვისებასა და პროექტის წარმატებით განვითარებას.

ასევე, საქართველოში კინოინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონკურსი წელიწადში ერთხელ გამოცხადების ნაცვლად ორჯერ გამოცხადდება. აღნიშნული ინიციატივა მონაწილეებს საშუალებას მისცემს კონკურისდან გამოთიშვის შემთხვევაში, უმოკლეს დროში (მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში) კვლავ მიიღონ იგივე კონკურსში მონაწილეობა.

წელს სრულმეტრაჟიანი მხატრული ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსში მონაწილეობას იღებენ ისეთი ცნობილი და წარმატებული რეჟისორები როგორებიც არიან: ნანა ჯორჯაძე, გიორგი ოვაშვილი, მერაბ კოკოჩაშვილი, ქეთი დოლიძა, ქეთი მაჭავარიანი, ლევან კოღუაშვილი, ზაზა ხალვაში, რუსუდან ჭყონია, თინათინ ყაჯრიშვილი, ნიკოლოზ ხომასურიძე, გიორგი მეგრელიშვილი, ნინო ბასილია, გიორგი ცქვიტინიძე და გიორგი ბარაბაძე. კონკურსის მონაწილე ყველა რეჟისორი მოწვეულია პრესკონფერენციაზე.

კომენტარი