სისხლიანი აგვისტოს უცნობი გმირები!!!

17 ყრმა აკვნებში - ეს ერთგავრი მხატვრული გადაწყვეტაა იმ ფილმისა, რომელიც შემოგდომით გამოვა ეკრანებზე და რომელიც ეძღვნება აგვისტროს ომში დაღუპულ ბიჭებს - ფილმი გვიამბობს იმ 17 კაი ყმაზე, იმ ბიჭებზე, რომლებიც ომის დასრულების შემდგე გმირულად დაეცნენ შინდისში მტერთან პირისპირ შეჩეხილები.
ფილმი დოკუმენტურ-მხატვრული იქნება. ერთსაათიანი ქრონომენტრაჟით. ფილმისთვის მუსიკას ნიაზ დიასამიძე წერს. გაახმოვანებს ზურაბ ყიფშიძე. როგორც „დრონი.ჯი“-ს პროექტის ავტორი ედმონდ მინაშვილი უხსნის, ამ დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის გარდა, მათი პროექტი ითვალისწინებს მხატვრული ფილმის გადაღებას, სპექტაკლის დადგმას, წიგნის გამოცემას ამ ბიჭებზე... „დრონი.ჯი“ ესაუბრება პროექტის ავტორს, ედმონდ მინაშვილს.
„დრონი.ჯი“: როდის და რა მიზნით დაიბადა ამ პროექტის განხორციელბის იდეა?
- აგვისტოს ომის დროს სოფელში ვისვენებდი და არ ვმალავ, ვსვამდი, ვქეიფობდი... როცა ომი მიდიოდა და ბრძოლის ველზე ჩემი თანატოლები იბრძოდნენ და იღუპებოდნენ... იმ წუთას ამას ვერ ვაცნობიერებდი, იმ წუთამდე სანამ ერთი მიცვალებული არ ჩამოასვენეს, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე კი უკვე ჩემი ბავშვობის მეგობარი მოასვენეს სახლში. სინდისი მქეჯნიდა...
მე და მიშიკო დვალიშვილი ერთად ვიზრდებოდით, და უცებ ჩამოასვენეს, ომში გმირულად დაღუპული. ოჯახმა მოითხოვა ინფორმაცია სად და რა ვითარებაში დაიღუპა მათი შვილი. რაც თქვეს ის იყო რომ უკანდახევისას 12 კაცი მოჰყვა ჩასაფრებაში და ამ 12 კაცს ძალიან გმირულად აქვს ნაბრძოლი.
მაშინ ვიფიქრე ნუთუ ამ ბიჭებზე არავინ არაფერი არ უნდა თქვას მეთქი? ან არ უნდა დაწეროს? ან არ უნდა ახსენოს? მიშიკოს რომ ვკრძალავდით, მაშინ დავიფიცე გულში რომ იმ ბიჭების სახელის უკვდავყოფას შევეცდებოდი.
თბილისში დაბრუნებისთანავე შევადგინე პროექტი, შევხვდი ბატონ რობერტ სტურუას, ვუამბე რას ვაპირებდი, რჩევებიც მომცა და ასევე დამიწერა წერილი სპონსორებისთვის. შევხვდი ბატონ რეზო ჩხეიძეს, როდესაც ბატონ რეზოს ამ ამბებს ვუყვებოდი, ტიროდა...
მითხრა, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდესო, ღამეებს ვათენებდით მასთან, გვიხსნიდა რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა, გვერდით დაგვიდგა ასევე ბატონი გიგა ლორთქიფანიძე, ჯანსულღ ჩარკვიანი, გოგი მარგველაშვილი, სოსო ჯაჭვლიანი. სწორედ მათ მიერ სპონსორებისთვის დაწერილი წერილების წყალობით მოვიპოვეთ ამ პროექტის განსახორციელებლად საჭირო სახსრები. პროქეტი ხორციელდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტერესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.
იმისთვის, რომ მივსულიყავით შინდისში დაღუპული ყველა ბიჭის ოჯახში, ჩავსულიყავით შინდისში და გავსაუბრებოდით ამ გმირობის თვითმხილველებს, ჩავსულიყავით სენეკის ბაზაზე, სადაც შევხვდებოდით მათ თანამებრძოლებს, მეთაურებს, გვჭირდებოდა ექსპედიციის მოწყობა, რომლისთვისაც მინიმალური თანხის - 7 ათასი ლარის შეგროვებას ზუსტად 7 თვე მოვუნდით და თბილისიდან, სიონის ტაძრის ეზოდან 2009 წლის აგვისტოში გავედით.
ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატმა“ და „ძველმა ქალაქმა“ რომ გაიგეს რისთვის ვიყავით ჩასულები, უფასოდ დაგვაბინავეს. მოვიარეთ 12 ბიჭის ოჯახი, ვესაუბრეთ მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მივედით მათ საფლავებზე. შინდისში რომ ჩავედით, გაირკვა რომ იქ 12 კი არა, 17 ბიჭი დაღუპულა, 5 ბიჭი კოლონის პირველ მანქანაში იჯდა, რომელიც მტერმა მიახლოვებისთანავე ააფეთქა.

12 კაცს კი ნაბრძოლი აქვს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. გადავწყვიტეთ, ის ხუთი ბიჭი არ დაგვეტოვებინა ფილმის გარეთ და 12 გმირი იქცა 17 გმირად. მივედით მათ ოჯახებშიც. ვიყავით სენაკის ბატალიონში. 20 დღის მანძილზე 8 500 კილომეტრი გავიარეთ 20 დღეში რომ ყველას საფლავზე მივსულიყავით და დაგვენთო სანთელი...
ფილმი დოკუმენტურ-მხატვრული იქნება, ფილმში შევა რამოდენიმე რესტავრირებული სცენა. ჩვენ გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა მოხდა შინდისში. ამ ბიჭების გმირობა გავაგებინოთ მთელ საქართველოს.
ეს პროექტი ამ ფილმით არ სრულდება. ამ მოძიებულ მასალებზე დაყრდნოიბით, აკა მორჩილაძე დაგვიწერს მხატვრული ფილმის სცენარს, რაც საშუალებას მოგვცემს უკვე მთელ მოფლიოს გავაგებინოთ ამ გმირობის ამბავი. ამ ამბავთან ნამდვილად ვერ მოვა ის რაც გადაიღეს აქამდე. ეს არაა შეთხზული ამბავი, ესაა გმირობის რეალური ამბავი - თუ როგორ შეეწირნენ ჩვენი ბიჭები ომის დასრულების შემდეგ ჩასაფრებულ მტერს, როგორ არ შეეპუენ და როგორ იბრძოლეს ტყვია-წამლის გამოლევამდე.
მათ უკანდახევის ბრძანება მიიღეს და უკან ბრუნდებოდნენ, შინ ჰქონდა ყველას დარეკილი რომ იმ საღამოს შინ იქნებოდნენ. შინდისის მოსახლეობა გვიყვება რომ ამ შეტაკებამდე 2 საათით ადრე გამოჩნდნენ შინდისში რუსული ტანკები ქართული დროშებით და ჩასაფრდნენ ძველი რკინიგზის სადგურთან.
ჩასაფრდნენ ტანკებით, ბეტეერებით, ტყვიამფრქვევებით. სენაკის ბატალიონი მიუახლოვდა თუ არა ჩასაფრებას, მტერმა ააფეთქა პირველი და ბოლო მანქანა, ჩაკეტა გასასვლელები, ბევრმა უშველა თავს ბატალიონიდან, ეს ბიჭები კი პირისპირ შეასკდნენ მტერს. მათაც შეეძლოთ გარიდებოდნენ სიტუაციას, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გარიდებია, პირიქით რკინიგზის იქით გადავიდნენ და ხელჩართული ომი გაუმართეს მტერს.
ბრძოლა 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა, ჩვენები შეიარაღებულნი იყვნენ მარტო ავტომატებით და ხელყუმბარებით, რუსები - მძიმე ტექნიკით. ეს ბიჭები საათისა და 20 წუთის მანძილზე უწევდნენ მტერს წინააღდეგობას. სოფელი გვიყვებოდა რომ ორმხრივი შეტაკება საათი და ოცი წუთი მიდიოდა, შემდეგ 10-15 წუთი უკვე ცალმხრივი სროლა ისმოდა - ჩვენებს ტყვია-წამალი გამოელიათ, რუსები საკონტროლო გასროლებს აწარმოებდნენ, ცოცხლად დარჩენილების გასანადგურებლად.

ოთარ კალმახელიძე სწორედ იქ დაიჭრა, მასაც გადაატარეს საკონტროლო, ბეწვზე გადარჩა სიკვდილს. ის გვიყვებოდა რომ ამ დროისთვის ზოგი დაჭრილი იყო, ზოგი დაღუპული, მხოლოდ ალეკო ონიანი იყო უვნებლად გადარჩენილიო.
ონიანს მუხლზე ესვენა მძიმედ დაჭრილი თავის ნათლული რომან ზოიძე. ალეკომ დაგვიძახა, ვინც ცოცხალი ხართ და გესმით ჩემი, მტერს არ ჩაბარდეთ, ჩემამდე მოდით და თავი ავიფეთქოთო. დავიყვირე რომ გაქცეულიყო, ამბავი მაინც გაეტანა, თავის ნათლულიც ეხევეწებოდა წადი თავს უშველეო, მაგრამ არსად არ წავიდა, გადაირია მე აქედან ცოცხალი არ გავალ, მე აქ ჩემს ნათლულს არ დავტოვებო.
ხმამაღლა წაიკითხა მამაო ჩვენო, ჩვენ დაჭრილები ვიმეორებდითო, ლოცვა დაასრულა, რუსებს დაუყვირა, არ ჩაგბარდებით და არც ჩემს ნათლულს დაგანებებთო, გულში ჩაიკრა ნათული, და დიდი აფეთქების ხმა იყო, თვალი რომ გავახილე უკვე აღარც ალეკო ჩანდა სადმე, არც მისი ნათულიო...

ახლახანს რუსი ჯარისკაცის, საშა დროზდოვის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც უშუალოდ აქვს ნაბრძოლი ამ ბიჭებთან. ომის სხვა ამბებს ჰყვება და ბოლოს აყოლებს, ცხინვალში ვიყავით რომ შეგვატყობინეს, ცხინვალის გასასვლელთან, ერთ-ერთ სოფელში, ჩვენ ბატალიონს დამატებითი რაზმი ესააჭიროებაო.
მივიღეთ ბრძანება და ნახევარ საათში მივედით 70 კაციანი ჯგუფი, და რას ვხედავთ, ქართველები ჩვენებს თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ, უკვე ბევრი რუსი ჯარისკაცი იყო დაჭრილი და გარდაცვლილიო.
მათმა მეთაურმა უთხრა ჩვენს მეთაურს, არ ვიცი, ესენი ადამიანები არიან თუ ქაჯები, უკვე ერთი საათია ასეთ დღეში ვართო. ჩვენ ჩავებით ბრძოლაში, ყველაფერი დამთავრდა და როგორც გავიგეთ 12 კაცი გვებრძოლებოდაო.
ვინც ჩვენს ტყვიებს გადაურჩა, თავისი ხელით მოისწრაფეს სიცოცხლეო. თავი აიფეთქესო. ჩემმა მეთაურმა რომ ჩავიარეთ ჩაილაპარაკა, ნეტავი ასეთი გმირები და ვაჟკაცები მე იქ მყოლოდა, მივხვდი რომ ჩეჩნეთს გულისხმობდაო. ჩეჩნეთში ნაომარი იყო ჩვენი მეთაურიო...
ფილმების გარდა, ამ ბიჭების უკვდავსაყოფად გვინდა დაიწეროს ისტორიული რომანიც. ასევე, რუსთაველის თეატრში, მცირე სცენაზე განხორციელდება სპექტაკლი. როგორც ბატონმა რობერტმა თქვა, საქართველოში დაბრუნებისთანავე შეუდგება მუშაობას.
დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი შემოდგომით გამოვა ეკრანებზე. ჩვენ ამ ფილმს ვუძღვნით აგვისტოს ომში დაღუპულ ყველა ბიჭს, ფილმის ბოლოს, ძმათა სასაფალოს კადრებზე ყველას გვარი და სახელი ამოვა ტიტრების სახით. ჩვენ ამ ფილმს ვაკეთებთ იმისთვის რომ დღესაც ვიცოდეთ რა გააკეთეს ამ ბიჭებმა და მომავალი თაობებისთვისაც, რომ ნახონ როგორ იბრძოდნენ ბიჭები და რა გააკეთეს ჩვენთვის.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“
2010 წლის 25 იანვარი


კომენტარი