Welcome to Anaklia - ანაკლიაში „პატრიოტთა“ ახალი სეზონი გაიხსნა (ვიდეო)

ზუგდიდის რაიონის სოფელი ანაკლია რომ სულ მალე საქართველოს შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ულამაზესი დასახლებული პუნქტი გახდება, ამაში ეჭვი ყველაზე სკეპტიკოსებსაც კი აღარ ეპარებათ. სულ რაღაც ათი წლის წინ ხელისუფლებისგან მივიწყებული ეს დაბა თვალსა და ხელს შუა იზრდება და ლამაზდება.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტი, ეკონომიკის მინისტრი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ანაკლიაში იმყოფებოდნენ. მიზანი ამჯერად იქ მიმდინარე ბიზნეს-მშენებლობების დათვალიერება არ ყოფილა. საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები ანაკლიაში პატრიოტთა ბანაკის ახალი სეზონის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ.

მასალას თანდართული ვიდეომასალა მომზადებულია ტელეკომპანია "ПИК"–ის მიერ

ბანაკი ანაკლიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშია განლაგებული და არამარტო საქართველოში, ამიერკავკასიის მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდულ დასასვენებელ ობიექტად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ბანაკი იმ ადგილთან ახლოსაა გაშენებული, სადაც წლების განმავლობაში საბჭოთა მესაზღვრეების „ზასტავა“ იყო განლაგებული.

ანაკლიაში პატრიოტთა ბანაკთან შესადარებლად ადგილობრივები ხშირად იხსენებენ განმუხურის პატრიოტთა ბანაკს. შეგახსენებთ, რომ არაპირდაპირი გზით განმუხური ანაკლიიდან სულ რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული.

თუმცა, განმუხურში ბანაკი უკვე აღარ არის. განვითარების გეგმა ისე შედგა, რომ განმუხურსა და ანაკლიაში ცალკე პატრიოტთა ბანაკების გახსნას ანაკლიაში ერთი, თანამედროვეობის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით აგებული ცენტრის გახსნა ამჯობინეს. უკვე დასრულებულია თანამედროვე ბულვარი და, რაც მთავარია, სამანქანო ხიდი ანაკლიასა და განმუხურს შორის. განმუხურის ბანაკის ადგილას ამჟამად ბულვარის სრულყოფაზე მუშაობენ, რის შემდეგაც ულამაზესი ხიდი გაიხსნება, ამჯერად უკვე ფეხით მოსიარულეთათვის.

ანაკლიის ბანაკი, განმუხურისგან განსხვავებით, კაპიტალური ნაგებობებისგან შედგება. განმუხურში პრიორიტეტი ხის კოტეჯებს მიენიჭა, რომლებიც ლამაზად ჯდებოდნენ ადგილობრივ, მწვანე ლანდშაფტში, ანაკლიაში კი მუქი ლურჯი და ბორდოსფერი, ჭადრაკისებურად შეღებილი ნაგებობებია და ბანაკი ბევრად მეტი, აუცილებელი და თანამედროვე ფუნქციითა აღჭურვილი.

განმუხურის პატრიოტთა ბანაკი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჯერ აფხაზმა ბოევიკებმა, შემდეგ კი რუსმა ოკუპანტებმა გადაწვეს. ღამის საათებში ანაკლიიდანაც კარგად ჩანდა ალმოდებული კოტეჯები და, რაც მთავარია, ჩანდა მაღალი ანძა და მასზე აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა, რომლის ვერც ჩამოხსნა და ვერც დაწვა რუსმა ოკუპანტებმა ვერ მოახერხეს. მაშინ რუსი ოკუპანტები ბანაკის გადაწვას არ დასჯერდნენ და მიმდებარე ტერიტორია დანაღმეს კიდეც. ნიშანდობლივი ის იყო, რომ რუსების მიერ დადებულ ნაღმებზე მოგვიანებით, ბანაკის ტერიტორიაზე შესული მაროდიორები, აფხაზი ბოევიკები აფეთქდნენ. ცეცხლწაკიდებულ განმუხურს მაშინ ანაკლიიდან ჟურნალისტებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადევნებდნენ თვალს. „ჩვენ განმუხურში და საქართველოს სხვა დასახლებულ პუნქტებშიც ამ ვანდალიზმის საპასუხოდ, ბევრად უკეთეს პატრიოტთა ბანაკებს ავაშენებთ, ვიდრე ეს განმუხურში გვქონდა“, - უთხრა მაშინ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ზაზა გოროზიამ ჟურნალისტებს და ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც თვალცრემლიანი გაჰყურებდა განმუხურის მხარეს ცამდე აზიდულ ცეცხლის ენებს.

ანაკლიის ბანაკი, რომელიც წელს დამსვენებლებს საბოლოოდ სრულყოფილი და განახლებული იერით მიიღებს, მთელი ზაფხულის განმავლობაში, ნაკადების მიხედვით იმუშავებს. ერთ ჯერზე ბანაკს 150 დამსვენებლის მიღება შეუძლია. ერთი ნაკადის დასვენება 15 დღეს გრძელდება და ამ 15 დღეში მრავალფეროვანი, საინტერესო და შინაარსიანი დასვენების პროგრამაა შედგენილი. მკაცრად განსაზღვრული შინაგანაწესი, ოთხჯერადი კვება დღეში, ლაშქრობათა მარშრუტები, შიდა სპორტული ღონისძიებები, ყოველ საღამოს კოცონი ზღვის პირას, სხვადასხვა სახის შეჯიბრებები - ეს იმ პროგრამის მხოლოდ მცირე ნაწილია, რაც ანაკლიაში დამსვენებელ ახალგაზრდებს ელოდებათ.

ანაკლიის ბანაკში მოხვედრა ადვილი არ იქნება. იქ მხოლოდ რჩეულები დაისვენებენ: ისინი, ვინც თავს გამოიჩენენ სხვადასხვა სახის სარაიონთაშორისო თუ რესპუბლიკურ კონკურსებში. ეს, რაც შეეხება საქართველოს. მაგრამ ანაკლიაში დამსვენებელთა არცთუ უმნიშვნელო ნაწილს უცხოელები შეადგენენ, მათ შორის, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ანაკლიაში მოსახვედრად გასაუბრებას ისინი თავიანთ ქვეყნებში გაივლიან, მონაცემები კი საქართველოს გადმოეგზავნება.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბანაკში მყოფ ახალგაზრდებს გუშინ, საღამოს საათებში, სახელდახელო კოცონთან შეხვდა და ესაუბრა. „გადავაქციოთ პატრიოტთა ბანაკები დემოკრატიის სკოლად. ლიდერობა კარგია, მაგრამ მხოლოდ ლიდერები არ უნდა წყვეტდნენ ყველაფერს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ადგილობრივი თვითთმართველობის რაიმე ფორმის შექმნაზე იზრუნებთ“, - ურჩია მან ახალგაზრდებს.

მიხეილ სააკაშვილმა პატრიოტებთან ანაკლიის ისტორიაზე და ოკუპაციაზეც ისუბრა:

„ანაკლია საქართველოსთვის იყო ისეთივე მნიშვნელოვანი ქალაქი, როგორებიც იყვნენ სოხუმი, ბათუმი, ფოთი და შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე რომელიმე ამ ქალაქთაგანი. სამეგრელოსთვის, ძველი ლაზეთისთვის, ეს იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი. ძველი დიდი ქალაქისგან ბოლოს პატარა დასახლებაღა დარჩა, მაგრამ ანაკლიის აღორძინება ახლა ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს აღორძინება ამ ბანაკით დაიწყოს.

საქმე ისაა, რომ აქედან ორ კილომეტრში იწყება ქართველებისგან, ესტონელებისგან, სომხებისგან, სხვა ეროვნების ადამიანებისგან თავისუფალი ზონა - ოკუპირებული ტერიტორია. მანამდე პოსტსაბჭოთა სივრცისთვის მაგალითის სახით არსებობდა მხოლოდ ორი მოდელი: ელცინის ქაოსი და პუტინის სტაბილურობა. საქართველომ აჩვენა, რომ არსებობს მესამე მოდელი: განვითარების, დემოკრატიის, თავისუფალი ქვეყნის მშენებლობის. აი, სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ საშიში მათთვის, ამიტომაც ვუშლით ნერვებს.

ის მოდელი ეფუძნებოდა სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა რელიგიური მრწამსის ადამიანების დაპირისპირებას და ამის შედეგად მართვას. აქ, ამ ბანაკში არიან ქართველი აზერბაიჯანელები, ქართველი სომხები, სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთთან იდეალურ ურთიერთობაში არიან, რომლებიც მშვიდად თანაარსებობენ და თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ის რომ თქვენ ერთად ხართ, ასევე ყველაზე კარგი პასუხია იმ ოკუპაციაზე, რომელიც იქ არის, რადგან ჩვენი ოცნება საქართველოში ყოველთვის იყო და არის სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა რელიგიის ადამიანების ერთობა. ჩვენ ამით ვართ ძლიერები, რადგან ძალა ერთობაშია!“, - თქვა პრეზიდენტმა.

ანაკლიაში პატრიოტთა პირველი ნაკადი 15 დღეს დაისვენებს, ამის შემდეგ კი ბანაკში უცხოელ მოსწავლეებს ელოდებიან.

სტატიის შემდეგ თანდართული სიუჟეტი მომზადებულია ტელეარხ "ПИК"–ის მიერ

კომენტარი