აბრამოვიჩის იახტამ ვენეციელებს ხედი დაუმახინჯა

ვენეციის მცხოვრებლები გააღიზიანა რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის სახელგანთქმულმა იახტამ, რომელიც სწორედ ამ ქალაქთან ახლოს, ყურეში დრეიფობს. ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებსაც მოსწოთ წმინდა მარკის ყურის სანახებით ტკობობა, ახლა ლამაზი ხედების ნაცვლად უზარმაზარ „ლუნას“, მის ვერტოდრომებს და ტყვიაგაუმტარ ილუმინატორებს ათვალიერებენ. ამის შესახებ ბრიტანული The Guardian წერს.

აბრამოვიჩის იახტა ვენეციაში ბიენალეზე ჩავიდა, რომელიც თანამედროვე ხელოვნების გამოფენასთან დაკავშირებით ტარდება. თვითონ ოლიგარქი ქალაქში არ უნახავთ, მაგრამ მისმა მეგობარმა ქალმა, დარია ჟუკოვამ უკვე მოასწრო, იახტის ბორტზე მიეღო როგორც მხატვრები, ასევე ხელოვნების ნაწარმით მოვაჭრეები და შემფასებლები.

პირველი, ვინც აღშფოთება საჯაროდ და ხმამაღლა გამოხატა, ვენეციის მერი, ჯორჯო ორსინი იყო, რომელიც დიდგაბარიტიანი ხომალდებისთვის ახალი გადასახადის შემოღებითაც კი დაიმუქრა: „იახტები თანდათან უფრო დიდი ხდება და ხედს ამახინჯებს და ფარავს. მათი მფლობელები აქ იმისთვის მოდიან, რომ ვენეციით დატკბნენ, თანაც, უფასოდ. მაგრამ, ამავე დროს, წმინდა მარკის ყურე ტანდათან ავტომაგისტრალს ემსაგვსება, ამიტომაც, საჭიროა მოძრაობაზე შეზღუდვების დაწესება“, – განმარტა მერმა.

ძველთაძველი კაფეს, „ფლორიანის“ თანამფლობელმა, რომლის ობიექტი წმინდა მარკის მოედანზეა განთავსებული, აბრამოვიჩის იახტის გამოჩენას „იდიოტური მოვლენა“ უწოდა. სწორედ ამ კაფეს მომხმარებლებმა დაარსეს 1895 წელს ბიენალე. „აქ უამრავი ისეთი ადგილია, სადაც შეგიძლია გაჩერდე და თავი კომფორტულად იგრძნო. ვერ გამიგია, რისთვის დაათრევს ეს ხალხი თავიანთ სახლებს?“, – მხარს იჩეჩავს მარკო პაოლინი.

დახურული აუზებით გაწყობილი, მკვიდრი საშენი მასალით ნაგები „ლუნა“, რომელსაც 40 კაციანი ეკიპაჟი ემსახურება, ერთ–ერთია აბრამოვიჩის მეგაიახტებიდან და, სხვათა შორის, არც თუ ყველაზე გრანდიოზული: ფლაგმანად „ეკლიპსი“ ითვლება.

თუმცა, რა თქმა უნდა, მნახველზე შთაბეჭდილებას „ლუნაც“ ახდენს: ადგილობრივი ბლოგერები მას თანამედროვე ხელოვნების გამოფენის ერთ–ერთ ინსტალაციასაც კი უწოდებენ, მით უმეტეს, რომ ის ყურეში სწორედ იმ ადგილასაა გახიდული, რომელთან ახლოსაც ბიენალე ტარდება.

„ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი გამყოფი ბარიერებია, რომლებსაც დაცვა აყენებს იახტიდან განსაზღვრულ მანძილზე და ზოგჯერ ეს ბარიერები ტროტუარის ორ–სამ მეტრსაც კი იკავებენ“, – ამბობს წმინდა წამებულთა სანაპიროზე მცხოვრები ერთ–ერთი პენსიონერი მამაკაცი.

„მე არასდროს მინახავს ასეთი უზარმაზარი იახტა ბიენალეს ადგილთან ასე ახლოს. ეს იგივეა, რომ დილით გაიღვიძო და აღმოაჩინო, რომ იქ, სადაც ადრე წყლის სივრცე იყო, ახლა დიდი ოფისები აუშენებიათ“, – აცხადებს ადგილობრივი გაზეთის La Nuova Venezia–ს ჟურნალისტი, ენრიკო ტანტუჩი.

მაგრამ, სხვათა შორის, ყველა ნეგატიურად არ არის განწყობილი. აბრამოვიჩი ბიენალეს ერთ–ერთი სპონსორია. ასე მაგალითად, ვენეციური ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ფრანკა კოინმა თქვა, რომ ვენეციელები მადლიერები უნდა იყვნენ აბრამოვიჩისა და ჟუკოვასი, ხელოვნების მხარდაჭერის გამო, ხოლო „ერთით მეტი იახტა ვენეციაში – დიდი უბედურება არ არის...“

კომენტარი