სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამარჯობა, მე ბულინგის მსხვერპლი ვიყავი ანუ ბავშვობაში მაჩმორებდნენ

დედაჩემი სკოლაში მუშაობს. მასწავლებელია. რამდენიმე თვის წინ დამირეკა და მთხოვა, ბულინგის შესახებ რამე ფილმი თუ იცი იქნება მირჩიოო, ბავშვებს უნდა ვაჩვენოო. რაღაც ინციდენტი მომხდარა მის სკოლაში. საშინელი ინციდენტი. რომ მომიყვა გაოგნებისაგან ყბა ჩამომივარდა. მაგრამ ყველაზე დიდი საოცრება იმ ბავშვების მშობლების რეაქცია იყო, რომლებმაც თავიანთზე სუსტი დაჩაგრეს.

“რა მოხდაო? ბიჭები არიან და იჩხუბესო.” არადა კლასიკური სადიზმის შემთხვევა იყო. და დამიჯერეთ, მე როგორც ბულინგის მსხვერპლი, რომელსაც სკოლაში თავისი კლასელები “აჩმორებდნენ,” გეტყვით, რომ იმ ბავშვს ძალიან გაუჭირდება ამ ტრავმის გადალახვა. განსაკუთრებით ჩვენს საზოგადოებაში. საზოგადოებაში, რომელიც სუსტებს არ უთანაგრძნობს. საზოგადოებაში, რომელსაც სუსტი მხოლოდ მაშინ ახსენდება როცა მიტინგზეა გამოსასვლელი. მაგრამ ფსიქო-კულტურლ ასპექტებს არ მინდა ჩავუღრმავდე. მე მინდა მოგიყვეთ, რას ნიშნავს იყო სუსტი და რაც ნიშნავს იყო დაჩაგრული, თავსლაფდასხმული, შერცხვენილი და თავმოყვარეობა შელახული.

ორიოდ სიტყვით ფილმებს მივუბრუნდები. სამწუხაროდ დედაჩემის მოსწავლეთათვის ვერაფერი ნორმალური ფილმი ვერ ვიპოვე. ამ თემაზე ფილმები ძირითადად მსხვერპლის მიერ შურისძიების ეპიზოდებს მოიცავს. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია მსოფლიოს გარშემო. თვე არ გავა, რომ რომელიმე სასწავლო დაწესებულებაში ვიღაც არ შევარდეს და უმისამართო სროლა არ ატეხოს. ბულინგი იმდენად დიდი პრობლემაა მსოფლიოში, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სპეციალურად ამ პრობლემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, მხარდაჭერის ჯგუფები, სამთავრობო სტრუქტურები და პროგრამებიც კი არსებობს. ჩვენთან ყველაფერი მარტივად წყდება – ბიჭები არიან და იჩხუბეს. რიგ შემთხვევაში დაჩაგრული ბავშვები სხვა სკოლაში გადაჰყავთ, სადაც ისინი ან ახლიდან ხდებიან ჩაგრულები ან თვითონ ხდებიან ძალიან აგრესიულ მჩაგვრელები.

ჩვენში ხშირად იციან თქმა, ამას ალბათ ბავშვობაში ჩაგრავდნენ და ამიტომ არის დაბოღმილი და გაბოროტებულიო. დიახ. ეს მართალია. ეს ყველაზე დიდი სიმართლეა რაც ტვინზე სამი ნაოჭის მქონე სვეცკი ტიპმა შეიძლება თქვას მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. ძალიან ბევრ ადამიანს ყოველდღიური ჩაგვრის, შერცხვენისა და ღირსების შელახვის ტრავმა ცხოვრების ბოლომდე მიჰყვება. მე 30 წლის გავხდები მალე და მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გავაანალიზე ის, რომ აღარანაირი ბოღმა ჩემი კლასელების მიმართ აღარ მაქვს. რატომ მოხდა ეს და როგორ შევძელი ამის გაკეთება არ ვიცი. არავინ დამხმარებია ამაში, არც ფსიქოლოგთან მივლია. უბრალოდ, მთელი ჩემი ცხოვრება ვფიქრობდი იმ დღეებზე, რომელიც ძალიან მკვეთრად და ძალიან ღრმად იყო ჩემს ტვინში ჩაბეჭდილი. წლიდან წლამდე თითოეული ეპიზოდი და ბრაზი ნელ-ნელა ქრებოდა. უბრალოდ, ამ ეპიზოდებს აღარ ჰქონდა მნიშნველობა ჩემთვის, იმიტომ რომ მე ვხედავდი, რომ იმაზე მაღლა ვიდექი ვიდრე ეს ნეგატიური გრძნობები ჩემში და საბოლოოდ ყველაფერი გაქრა კიდეც. როცა ეს გავაანალიზე, სწორედ მაშინ გადავწყვიტე ამ წერილის დაწერა. მაგრამ მაინც შემეშინდა, ცოტა. მაინც დამამუხრუჭა “რას იტყვის ხალხის” ფაქტორმა. მერე კი მივხვდი, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ მიმართ პატივისცემას ამ “აღსარების” გამო დაკარგავენ, უბრალოდ არ ღირან იმად, რომ მათი აზრი გაინტერესებდეს.

ჩემი “დაჩმორების” დეტალებს არ გავიხსენებ, ეს არარელევანტურია. ფაქტი ერთია, რომ მეშვიდე კლასის ერთი მშვენიერი დღის შემდეგ, მე ჩემს კლასელებთან შედარებით რამდენიმე საფეხურით ქვემოთ დავიწიე. ახლაც კი, 17 წლის შემდეგ გარკვეულ დისკომფორტს განვიცდი როცა მახსენდება. მაგრამ არაუშავს, იმისთვის რომ ეს პრობლემა გადავლახო, ამაზე ხმამაღლა უნდა ვთქვა ყველაფერი.

ყველაზე ცუდი რა არის იცით? როცა ხდები ჩაგრული და გულში ბოღმა და სიბოროტე გიგროვდება, მერე საკუთარ თავს ვეღარ იტან. იმიტომ რომ ამ ნეგატვის პროექცირებას სხვაგან ახდენ. ჩემს შემთხვევაში ამან სკოლის გარეთ გადაინაცვლა, იმ სივრცეში სადაც ჩემს კლასელებს ხელი და ხმა არ მიუწვდებოდათ და შესაბამისად ვერ “გამიბაზრებდნენ” ჩემს დაქვეითებულ სტატუსს მათ რიგებში.

ვერც კი წარმოიდგნეთ, რამდენი ადამიანი, ჩემი თანატოლი და ჩემზე გაცილებით უფროსებიც დამიჩაგრავს მხოლოდ იმიტომ რომ სხვაზე ვიყავი გაბრაზებული და არ შემეძლო ჩემ მიმართ გამოვლენილი ბულინგის წინააღმდეგ ერთი სიტყვის თქმაც. არადა არ ვარ ბოროტი ადამიანი. რა ვქნა, ასე ვთვლი, რომ არ ვარ ბოროტი და როდესაც ამ სიბოროტეს ჩავდიოდი, მერე საკუთარი თავის ძალიან მრცხვენოდა. რამდენჯერმე ისეთი შემთხვევაც მქონდა, რომ როცა ცოტა ზედმეტი მომივიდა ვიღაცაზე ჩემი ჯავრის ყრა, ჩემი ბრაზისა და ბოღმის მსხვერპლს ბოდიშებიც ვუხადე და პატიება ვთხოვე იმის გამო, რაც მას გვუკეთე. მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია. მეორე დილას წავედი სკოლაში და იქიდან ახალი ნეგატივით დამუხტული დავბრუნდი.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი იმაზე, რომ როდესაც წარმატებული ადამიანი გავხდებოდი, ჩემს კლასელებს შეიძლებოდა ჩემი დახმარება დასჭირვებოდათ, მე კი მათ არ დავეხმარებოდი და სამაგიეროს ასე გადავუხდიდი. ვინ იცის რამდენჯერ ჩამძინებია გაღიმებულს ამაზე ფიქრში. ჩემდა საბედნიეროდ ამან მალევე გამიარა და ახლა მეცინება როცა მახსენდება რა იდიოტური ფიქრები მიტრიალებდა თავში. როგორ ვიჯექი მე სადღაც დიდ კაბინეტში და როგორ ვაბრუნდებდი უარით ჩემს გაწბილებულ კლასელს იქიდან. მე მეცინება ამაზე, ალბათ თქვენც გაგეცინებათ, მაგრამ აბა დავფიქრდეთ, რამდენი ადამიანია დღეს ისე, რომ კიდევ ასეთ მდგომრეობაში აქვს ნევრვები და კიდევ ბოროტულ ოცნებებში გადააქვს თავისი სამყარო იმისათვის, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი. თქვენ გგონიათ ადვილია ჩაწვდე პრინციპს: “მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ?” სულაც არა. ამიტომაცაა, რომ დღემდე ყველა ერთმანეთს ჩაგრავს სხვადასხვა ფორმებით. ჩემი აგრესული ქცევები სხვა ადამიანების მიმართ ერთ დღეს შევწყვიტე, როცა გავაანალიზე, რომ ის ადამიანები ზუსტად იმას გრძნოდბნენ რასაც მე მთელი ჩემი სკოლის მოსწავლეობის პერიოდში. რომ ზუსტად ისე თავჩაქინდრულები, შერცხვენილები და ღირსება შელახულები მიდიოდნენ სახლებში. უხეშად პასუხობდნენ ძმებს, დებს, დედებს, მამებს, ბებიებს. ფიქრობდნენ იმაზე, როგორ გადამიხდიდნენ სამაგიეროს და როგორ ეზიზღებოდათ ამის გამო საკუთარი თავი. ამ დღის მერე შემძულდა ყველა მჩაგვრელი ადამიანი, პირველ რიგში კი საკუთარი თავი.

ყველაზე მძიმე დაღი, რასაც “ჩმორობა” გადებს არის თავდაცვითი ინსტინქტების გაათმაგება. მომენტალურად, ნებისმიერ სიტუაციაში დგები თავდაცვით პოზიციაში და ელი იმას, რომ ვიღაცა აუცილებლად ეცდება შენზე რამენაირად იძალადოს. გიჩნდება ადამიანების მიმართ უნდობლობა, ხდები ჩაკეტილი და არავის უშვებ საკუთარ თავთან. გეშინია ემოციების გამოვლენის და მოკლედ, ყოველდღიურად, ყოვლად უწყინარ სიტუაციაშიც კი გიწევს მოიქცე ისე, თითქოს სკოლაში ხარ და შიშით ელოდები როდის დაირეკება ზარი და ფიქრობ, მიასწრებ თუ არა სკოლის კარამდე ისე, რომ ერთმა დღემ მაინც ჩაიაროს შეურაცხყოფის გარეშე.

ჩემი მეგობრები ხშირად “მეღადავებიან” ხოლმე, “ყოფილი ძველი ბიჭი ხარო.” რაზც სასტიკად ვბრაზობ. იმიტომ რომ არ ვარ. ყველაფერი ვარ ძველი ბიჭის და კაი ბიჭის გარდა. უბრალოდ, როდესაც ავტომატურად მერთვება ვიღაცის მიმართ თავდაცვის ან შეტევის რეჟიმი, რაც კონკრეტული ადამიანის ან საკითხის მიმართ აგრესიულ ქცევაში გამოიხატება, ისინი ამას “ძველბიჭურ” გამოხტომას მიაწერენ. სინამდვილეში კი ეს თავდაცვითი მექანიზმია, ერთგვარი მავნე ჩვევა, რომელიც ჩემდა უნებურად განმივითარდა.

ყველაზე მძიმე კიდე იცით რა არის? როგორ ძალიან მაგარი ბიჭი და გამტრაკებელიც არ უნდა ვყოფილიყავი იმ სივრცეებში სადაც ჩემი კლასელები არ იყვნენ, საკმარისი იყო, რომელიმე მათგანი ჰორიზონტზე გამოჩენილიყო, მომენტალურად ვხდებოდი ის ტიპი, რომელსაც ისინი იცნობდნენ. აი, თაგვის გულიანი ვეფხვის ზღაპარი რომ არის, ზუსტად მასე. “კატამ? კატამ იცის?” ო, ეს კიდე ძალიან არაკომფორტული და არასაიამოვნოა. ამიტომ ყოველთვის გავურბოდი მათთან შეხვედრას და თუ ოდესმე შემხვდებოდნენ, მაშინვე ვცდილობდი მალე გაცლას. არადა ისინი გაიზარდნენ და არც აღარაფერს მერჩოდნენ. პირიქით, ყოველთვის ღიმილით და თბილად მხვებოდნენ ქუჩაში. მაგრამ მათ ღიმილში მე ყოველთვის ცინიზმს და დაცინვას ვხედავდი. არადა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, არც ერთ მათგანს აღარც კი ემახსოვრებოდათ ის ინციდენტი, რის შემდეგაც მე “კაი ბიჭების სიიდან ამოვეწერე” :D

მოკლედ, ასეთი დაღი დამასვა 17 წლის წინ მომხდარმა ინციდენტმა და შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელებულმა მუმდივმა ჯაჭვმა.

ამის ფონზე ჩემს ძმებთან გავუცხოვდი. იცით რატომ? ძნელია იყო უფროსი ძმა, რომელსაც სკოლაში აჩმორებენ. მე ხომ მაგალითის მიმცემი უნდა ვყოფილიყავი ჩემი ძმებისთვის. მეჩვენებინა, როგორი უნდა იყოს “კაი ბიჭი” და ვაჟკაცი კაცი, ძმაო!

იმის შიშით, რომ ჩემი ძმების თანდასწრებით, შემთხვევით, ჩემს რომელიმე კლასელს არ გადავყროდი მათ საერთოდ არ ვეურთიერთებოდი სახლის გარეთ, მერე და მერე არც სახლში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ ვყოფილიყავი “კაი ბიჭი უფროსი ძმა” – უცხო, მაგრამ ღირსება და ავტორიტეტ შეულახავი.

როცა ამ ყველაფერს ჩემთვის და ჩემი ცხოვრებისათვის არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და სხვა ღირებულებები გამიჩნდა, უკვე გვიანი იყო. ჩემი ძმები სხვა წრეში ტრიალებდნენ, სხვა ინტერესები ჰქონდათ და სხვანაირად უყურებდნენ ცხოვრებას. ჩვენ უბრალოდ აღარაფერი გვქონდა საერთო.

აი, ასე. “მერე რა, ბიჭია და იჩხუბა” – მხოლოდ დასაწყისია, იმ ძალიან დიდი ფსიქიკური გზის, რომელსაც ყველა ჩვენგანი გადის, მჩაგვრელიც და ჩაგრულიც.

მე შევძელი ჩემი კომპლექსების გადალახვა. დიახ, სწორედ ამდენიხანი და ამდენი წელი დამჭირდა ამისთვის, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა და ამ წერილით მინდა წერტილი დავუსვა ამ ყველაფერს ჩემს ცხოვრებაში. ეს არის ჩემი კათარზისი. მაგრამ ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც ჯერ ეს არ გაუკეთებია ან საერთოდ ვერ გააკეთებს ვერასდროს. და ეს ან სხვისთვის ან მათთვისვე დამთავრდება ცუდად.

დღეს რომ ვინმემ მკითხოს შევცვლიდი თუ არა რამეს ჩემს წარსულში. იმ დღეს, მაგალითად, როდესაც ჩემი ახალი გზა დაიწყო ამ ცხოვრებაში, ვუპასუხებ, რომ არა. მე დღეს რა პიროვნებაც ვარ ძალიან მომწონს ჩემი თავი. რომ არა ის რაც მოხდა, შეიძლება უკეთესი ადამიანი ვყოფილიყავი, უფრო წარმატებულიც, კაცმა არ იცის. მე უბრალოდ არ მიყვარს პეპლის ეფექტი. და მხოლოდ ამიტომ ავირჩევდი ცხოვრების ამ გზას რაც გავიარე. მაგრამ თქვენს შვილებს, ძმებს, მეგობრებს, ჯერ კიდევ არ შეუქმნიათ სხვა ადამიანების მომავალი. მათ ჯერ კიდევ არ მოუხდენიათ ამ ადამიანებზე გავლენა და არ განუსაზღვრავთ რა პიროვნებები იქნებიან ისინი მომავალში. ამიტომ ასწავლეთ მათ და უთხარით, რომ არ დაჩაგრონ თავისი თანატოლები, უმცროსები ან თუნდაც უფროსები.

UPDATE: ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ მეგობარმა მკითხა, რამე დიდი მოხდა შენს ცხოვრებაში ასე ღიად რო დაიწყე ამაზე საუბარიო? ჰოდა, არა. უბრალოდ ერთ დღეს საბოლოოდ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ის ცუდი რაღაცები საერთოდ აღარ განსაზღვრავენ ჩემს პიროვნებას და ჩემს ცხოვრებას და უბრალოდ ცუდი მოგონებებია და სხვა არაფერი. :) ესაა და ეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100