"ახალგაზრდა ადვოკატები": "ომბუდსმენის შენიშვნები ხუდონჰესთან დაკავშირებით ფაქტებთან შეუსაბამოა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" სახალხო დამცველის 2014 წლის 31 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში "სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების" თავში "ხუდონჰესის" საქმესთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებს არ იზიარებს.

"ახალგაზრდა ადვოკატებმა" სახალხო დამცველის შენიშვნებისა და მოსაზრებების არაკომპეტენტურობაზე ბრიფინგზე ისაუბრეს.

იურისტის, მარიამ ნეფარიძის განცხადებით, ხარვეზის შემცველია ომბუდსმენის შეფასება, თითქოსდა საქართველოს მთავრობასა და "ხუდონჰესის" ინვესტორ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან. სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილია "ხუდონჰესის" მშენებელ კომპანიასა და მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც მთავრობა იღებს ვალდებულებას შემსრულებელ კომპანიას მისცეს დამატებითი დრო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

"ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, ხელშეკრულების აღნიშნული დებულება ეხება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად გათვალისწინებული ვადის გახანგრძლივებას, სახალხო დამცველის ანგარიშში კი აღნიშნული ინფორმაცია, სხვაგვარი ინტერპრეტაციით არის წარმოჩენილი.

"ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, ანგარიშში მოცემული ჩანაწერი მთავრობის არამართლზომიერად დადანაშაულების მცდელობად შეიძლება შეფასდეს, რადგანაც "ხუდონჰესთან" დაკავშირებული ხელშეკრულების ანგარიშში მოყვანილი ნორმა, არა კანონით ნებართვის გაცემისთვის საჭირო ვადის გახანგრძლივებას, არამედ თავად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელებას გულისხმობს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნული დებულების ჩადება, არათუ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, პირიქით, ინვესტორი კომპანიის ინტერესების დაცვის მიზნით და ხელშეკრულების მდგრადობის განსაზღვრისთვის, შემდგომ აუცილებელ კომპონენტსაც წარმოადგენს.

"ახალგაზრდა ადვოკატები", არ იზიარებენ ანგარიშში მოყვანილ სხვა მოსაზრებასაც, სადაც საუბარია, რომ მხარეებს შორის 2011 წლის 28 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება არ არეგულირებს შემთხვევას, თუ პროექტის შემსრულებელი კომპანია ვერ მიიღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნებართვებს. ხელშეკრულებაში არსებობს ჩანაწერი, რომელიც შეთანხმების მდგრადობის განმსაზღვრელ კომპონენტად უნდა ჩაითვალოს, რაც სახალხო დამცველის ანგარიშში უარყოფითი კონტექსტითაა წარმოდგენილი. მათ მიაჩნიათ, რომ სახალხო დამცველის ოფისს დოკუმენტი სათანადოდ არა აქვს შესწავლილი და არაკომპეტენტურ დასკვნებს აკეთებს.

"ახალგაზრდა ადვოკატები" "ხუდონჰესის" პროექტის სამართლებრივი საკითხების შესწავლას 2014 წლის იანვრიდან ახორციელებენ. ორგანიზაცია საკითხზე კვლევას და სარეკომენდაციო წინადადებებს აპრილის ბოლოს წარმოადგენს.

კომენტარი