სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი ხიდონჰესზე: "ნახეთ ნორვეგია, შვეიცარია, სადაც უამრავი ჰესია..."

დღეს, სასტუმრო "რედისონში", ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქეს" პრეზენტაცია გამართა. ყოფილმა პრემიერმა შეხვედრის დასაწყისში "მოქალაქის" გეგმებზე ილაპარაკა, შემდეგ კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ექსპრესნიუსის" ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა იგი ხაიშში ჩასვლას და მოსახლეობასთან გასაუბრებას, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:

"თუ ხელისუფლება ჩადის ხაიშში მე რატომ უნდა ჩავიდე? მე ხელისუფლებას აღარ წარმოვადგენ, მაგრამ თუ საჭიროება გახდება ჩემი ჩასვლის, მე ამის მზაობა გამაჩნია“.

ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ყოფილმა პრემიერმა თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა:

"ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შევუწყოთ ხელი. ბუნებას აზიანებს სახლის აშენებაც, ნებისმიერი ხიდის აშენება ცვლილებებს იწვევს გარემოში. ნახეთ ნორვეგია, შვეიცარია, სადაც არის დიდი რაოდენობით ჰესები, ჩვენ ჩვენი ტერიტორიის მეათედიც არ დაგვიფარავს წყლით. ნახეთ რა რაოდენობის ჰესებია იქ, ისინი ბუნებას არანაკლებ უფრთხილდებიან, მაგრამ ეკონომიკაზეც ზრუნავენ. შესაბამისად ეს საკითხი, ჩემი აზრით, პოზიტიურადაა გადასაწყვეტი, მაგრამ კალაძე ამას ტელევიზიიდან განცხადებებით ვერ გააკეთებს. ტელევიზიით არ გადაიჭრება ეს საკითხი. ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო, უნდა ჩასულიყვნენ იქ, ჩემი წამოსვლის შემდგომ ეს პროცესები საუბედუროდ კიდევ უფრო გართულდა და გაღრმავდა. ამას უნდა მოსახლეობასთან მუშაობა, დახმარებას და თანადგომას საჭიროებს თითოეული მოსახლე.

რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, როდესაც პრაქტიკულად იძულებით გთხოვენ, ეს არაა შენი სურვილიდან გამომდინარე, შენი საკუთარი საცხოვრებლის დატოვებას. თუმცაღა, ამის საპირისპიროსაც ვიტყვი, თქვენ იცით, რომ ბევრი ეკოემიგრანტი და მათ რიცხვში სვანეთიდანაც, თავისი ნებით გადასახლდა და ბედნიერად ცხოვრობენ ახალ ადგილებში. ძალიან დიდ ტრაგედიასაც ნუ დავხატავთ. თუმცაღა პროცესი არის ძალიან მგრძნობიარე, თითოეულ მოსახლეს უნდა თანაგრძნობა და საუბარი, და არა ძალადობა და განცხადებები. ეს პროცესი მემგონი დაიწყო და მივადევნოთ თვალყური, როგორ განვითარდება. თუ საჭირო იქნება მეც ჩავალ და ჩემს აზრებს და დახმარებას აღმოვუჩენ მოსახლეობას, რადგან ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა; იქ აქვთ საფლავები, ეკლესია, არ არის მნიშვნელოვანი ის ძეგლი არის თუ არა ისტორიული. პროცესი არის ძალიან რთული. როდესაც ხალხს აქვს სურვილი დარჩეს იქ და ეუბნებიან რომ უნდა გადახვიდე - ეს რთულია, მაგრამ ამავდროულად ეს ხდებოდა საქართველოშიც, ხდება სხვა ქვეყნებშიც და ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100