სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როდესაც ასი საწარმოს გუგუნი არ გაძინებს ანუ მოდელირებული საქართველო

“როდესაც ასი საწარმოს გუგუნი არ გაძინებს ანუ მოდელირებული საქართველო..” - სტატია ამ სათაურით forum.ge-ზე გამოქვეყნდა, და droni.ge მას უცვლელად გთავაზობთ.

სამსახურიდან გამოვედი დაღლილი, თუმცა შინაგანად რაღაცნაირად მაინც ბედნიერი.

გარეთ კარგი ამინდი იყო. ან შეიძლება, არც იყო, უ(მ)ბრალოდ ბედნიერებისგან ასე მომეჩვენა

მანქანაში ჩავჯექი, შესრულებული ბიუჯეტის, აყვავებული ეკონომიკისა და საოცარი დემოკრატიის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და სახლისკენ წავედი.

ვიფიქრე, გზად საწვავს დავიმატებთქო. ბენზინგასამართ სადგურზე შევიარე, ლარით გაიაფებული ბენზინით მთელი ბაკი გავავსე და გზა განვაგრძე.

ეხლაღა გამოჩნდა ქუჩაში ხალხი. ჩემი დასაქმებული თანამემამულეები სამსახურიდან შინ ბრუნდებოდნენ.

მაღაზიასთან გავაჩერე. ვიფიქრე, ამდენი ფული, რომ მაქვს, რამეში ხომ უნდა დავხარჯოთქო. საჭირო ნივთები ავიღე და სალაროსთან მივედი.

მოლარეს გვერდით დიდი, ფერადი კატალოგი ედო სახელწოდებით "სკოლა და ბაღი ყველა სოფელს". 41–ე გვერდი გადაფურცლა და ჩაფიქრებულმა (მაგრამ მაინც ბედნიერმა) მკითხა, მას შემდეგ, რაც ერთმილიარდიანი ფონდისა და შემდგომი დახმარების პროექტი განხორციელდა სოფლებში, იქით მინდა გადასვლა შვილებთან ერთად და შენი აზრით, რომელი სოფლის სკოლა სჯობსო.

რაღა თქმა უნდა, ვუპასუხე, რომ ყველა სოფელში ერთნაირად მაღალი ხარისხის განათლებას მიიღებდნენ მისი შვილები.

მაღაზიიდან გამოსვლისას მოხუცი (და ბედნიერი) ბებო შემხვდა. ბანკომატთან იდგა. სათვალე სახლში დარჩენია და მთხოვა, შვილო, ამ თვის პენსია უნდა ავიღო და იქნებ დამეხმარო, არაფერი შემეშალოს, მთლიანად მინდა 250–ის გამოტანაო.

დავეხმარე.

მანქანასთან უცხო კაცი შევნიშნე. რომ მივუახლოვდი, გამიღიმა და მითხრა, კარები ღია დაგრჩენია, ჩაკეტვა აუცილებელი არ არის, კრიმინალის დონე იმდენად დაბალია, მაინც არავინ არაფერს მოგპარავს, მაგრამ ისე მიგეხურა მაინცო.

რაღა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადე.

სახლთან რომ მოვედი, მეზობელი შემხვდა. ბედნიერების ცრემლებით ჰქონდა თვალები სავსე.

მითხრა, იცი, ჩემი შოთიკო (შუათანა შვილი) ახლადაშენებულ საუნივერსიტეტო ქალაქ ქუთაისში მიდის სასწავლებლად. მე კი ვუთხარი, შვილო, ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაში წადი, მე შენ გეტყვი, ვიზა გვჭირდება თუ რათქო, მაგრამ მიპასუხა, არა, დედა, ისეთ კვალიფიციურ განათლებას ვერსად მივიღებ, როგორსაც საუნივერსიტეტო ქალაქ ქუთაისშიო – და ცრემლები ვეღარ შეიკავა.

დავამშვიდე, მივულოცე ეს ამბავი და სახლში ამოვედი.

კართან განახევრებული კომუნალური გადასახადების ქვითრები დამხვდა.

ჰჰ♥

აბა რა არის ბედნიერება, თუ არა ეს – გავიფიქრე, სახლში შევედი და ტელევიზორთან მოვკალათდი.

გადავხედე, რას ყვებოდა თავისუფალი ქართული მედია და დასაძინებლად დავაპირე წასვლა.

ჰმ

თუმცა რა დაგაძინებს, როდესაც ყურში დღედაღამ მომუშავე ასი საწარმოს გუგუნი ჩაგესმის.

კედელზე ჩამოკიდებულ, დაბალი, მაგრამ ოდნავ სიმპატიური, ჭორვილელი მამაკაცის სურათს გავხედე და კიდევ ერთი, უკანასკნელი სურვილის შესრულება ვთხოვე:

"ბიბ, იქნებ საწარმოებს „გლუშიტელი“ დაუყენო, ჰა?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100