ვანო მერაბიშვილი: მინდა ვუთხრა პირადად ბიძინა ივანიშვილს

ვანო მერაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე ექსპრემიერის განცხადება გავრცელდა, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

„სამწუხაროდ, საქართველოს მთავარი პროკურატურა განაგრძობს საქართველოს ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას და საკუთარი თავის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას. აღნიშნული უწყების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ, მოითხოვეს „26 მაისის“ საქმეზე სასამართლო განხილვის დაწყების გადავადება, რის გამოც ამ საქმეზეც, ისევე როგორც „გირგვლიანის საქმეზე“ სასამართლო პროცესები ნოემბრის დასაწყისშია ჩანიშნული (5 და 6 ნოემბერს). აღსანიშნავია, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, როდესაც სასამართლომ 2 კვირით გადადო პროცესი, ამჯერად ეს ვადა 20 დღით გახანგრძლივდა, რაც არანაირ ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება.

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის ამოცანას წარმოადგენს ჩემი პატიმრობაში ყოფნა მაქსიმალურად შესაძლებელი ვადით, რაც გულისხმობს ბრალის წაყენებიდან 9 თვეს. სწორედ ამიტომ, პროკურატურის წარმომადგენლები ითხოვენ იმ საქმეებზე განხილვების დაწყების გადადებას, რომლებშიც არც ღირებული მოწმე ჰყავთ და არც მტკიცებულებები გააჩნიათ, რის გამოც სასამართლო პროცესი მოკლე ვადებში გამამართლებელი განაჩენით დასრულდება. სწორედ ამიტომ, მათ არ მოითხოვეს განხილვების დაწყების გადავადება „სოციალური აგენტების“ საქმეზე, სადაც მოწმეთა ბსურდული რაოდენობა - 3969 მოწმე - იძლევა საშუალებას გაიწელოს სასამართლო პროცესი განუსაზღვრელი ვადით.

მინდა ვუთხრა პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი გადაწყვეტილება, გამოიყენოს საქართველოს პროკურატურა და მართლმსაჯულება პოლიტიკური ბრძოლის იარაღად, არის სამარცხვინო და დიდ ზიანს აყენებს როგორც ამ კონკრეტულ უწყებას, ასევე ზოგადად ქართულ სახელმწიფოებრიობას. მსგავსი სამარცხვინო საქციელი, როგორიც არის სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებისთვის პოლიტიკური დავალებების მიცემა და მათი შესრულების იძულება, უხერხულ და დამამცირებელ მდგომარეობაში აყენებს ამ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებზეც დღეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დგას. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს თავი დაანებოს ამ ადამიანების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას და საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ამ მეთოდებით ბრძოლას, ვინაიდან ეს პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას აყენებს ზიანს.“ - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში

კომენტარი